დადგა ეპოქა, როცა ადამიანმა კოსმოსის ზღვაში ცურვა დაიწყო

3
დადგა ეპოქა, როცა ადამიანმა კოსმოსის ზღვაში ცურვა დაიწყო 🚀✨
✦ თანამედროვე ავტომატური კოსმოსური ხომალდები კეპლერის ტრაექტორიებით მიემართებიან პლანეტებისკენ.
ეს ბრწყინვალედ აგებული, ნახევრად გონიერი რობოტებია, რომლებიც უცნობ სამყაროებს შეისწავლიან.
გარე მზის სისტემაში მოგზაურობა დედამიწაზე მდებარე ერთი ადგილიდან, ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბო- რატორიიდან (Jet Propulsion Laboratory - JPL) იმართება, რომელიც კალიფორნიის შტატის ქალაქ პასადენაში მდებარეობს.
1979 წლის 9 ივლისს, კოსმოსური აპარატი „ვოიაჯერ 2" პლანეტათშორის სივრცეში თითქმის ორწლიანი ფრენის შემდეგ, იუპიტერის სისტემაში შევიდა.
ხომალდი მილიონობით დეტალისგან შედგება, რომელთა შორისაც უამრავი სათადარიგოა, ამიტომ, თუ მისი კომპონენტების ნაწილი მუშაობას შეწყვეტს, მათ ფუნქციებს სხვები შეასრულებენ.
კოსმოსური ხომალდი 0.9 ტონას იწონის და დიდი სასტუმრო ოთახის ზომისაა.
ის უკვე იმდენად შორსაა მზისგან, რომ, სხვა აპარატებისგან განსხვავებით, ჩვენი მნათობისგან ენერგიას ვეღარ იღებს.
ნაცვლად ამისა, „ვოიაჯერს“ კვებავს პატარა ატომური ელექტროსადგური, რომელიც პლუტონიუმის გრანულების რადიოაქტიური დაშლის შედეგად ასობით ვატს გამოიმუშავებს.
აპარატის შუა ნაწილში განთავსებულია სამი ინტეგრირებული კომპიუტერი და დამხმარე მოწყობილობები, მაგალითად, ტემპერატურის კონტროლის სისტემა.
ახლა კი ვისაუბროთ აწმყო დროში, თითქოს , , ვოიაჯერი" ახლა იწყებდეს მოგზაურობას.
„ვოიაჯერი“ დედამიწიდან ბრძანებებს იღებს, მოპოვებულ მონაცემებს კი ჩვენს პლანეტაზე რადიოსიგნალების სახით გვიგზავნის, რისთვისაც დიდ, 3.7 მეტრი დიამეტრის მქონე ანტენას იყენებს.
ხომალდის სამეცნიერო ხელსაწყოების უმეტესობა განლაგებულია ფართო სამეთვალყურეო პლატფორმაზე, რომლის მეშვეობითაც წარმოებს დაკვირვება იუპიტერსა და მის ბუნებრივ თანამგზავრებზე, როცა აპარატი მათთან ახლოს ჩაივლის.
აქ ბევრი ხელსაწყოა: ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სპექტრომეტრები;
დამუხტული ნაწილაკების, მაგნიტური ველებისა და იუპიტერიდან მომავალი რადიოაქტიური გამოსხივების გამზომი მოწყობილობები.
თუმცა, ყველაზე ნაყოფიერი ორი სატელევიზიო კამერა აღმოჩნდა, რომლებსაც გარე მზის სისტემის პლანეტური კუნძულების ათეულობით ათასი სურათის გადაღება შეუძლია.
იუპიტერს აკრავს გარსი, რომელიც უხილავი, მაგრამ უაღრესად საშიში, მაღალი ენერგიით დამუხტული ნაწილაკებისგან შედგება.
კოსმოსურმა აპარატმა რადიოაქტიური სარტყლის გარე ფენაში უნდა გაიაროს, რათა იუპიტერი და მისი ბუნებრივი თანამგზავრები ახლოდან შეისწავლოს, მერე კი განაგრძოს თავისი მოგზაურობა სატურნისკენ და მის მიღმაც.
დამუხტულმა ნაწილაკებმა, შესაძლოა, აპარატის მგრძნობიარე მოწყობილობები დააზიანოს და ელექტრონული სქემები დაწვას.
ამას გარდა, იუპიტერი გარშემორტყმულია მყარი ნამსხვრევებისგან შემდგარი რგოლით, რომელიც აღმოაჩინა „ვოიაჯერ 1"-მა და რომელიც ასევე უნდა გაიაროს „ვოიაჯერ 2“-მა.
მომცრო ნამსხვრევთან შეჯახებასაც კი შეუძლია აპარატის უმართავი მოძრაობა გამოიწვიოს, რის გამოც „ვოიაჯერი“ ვეღარ შეძლებს დედამიწისკენ თავისი ანტენის სწორად მიმართვას და მონაცემებიც სამუდამოდ დაიკარგებიან.
იუპიტერის სისტემაში შეღწევამდე ხომალდის ყველა მოწყობილობა სტაბილურად მუშაობდა.
იყო რამდენიმე განგაში და სახიფათო შემთხვევა, მაგრამ დედამიწაზე მყოფი ადამიანებისა და კოსმოსში მოძრავი რობოტის ერთობლივი ძალისხმევით კატასტროფის თავიდან აცილება მოხერხდა.
„ვოიაჯერ 2“ დედამიწიდან 1977 წლის 20 აგვისტოს აფრინდა, რკალისებრი ტრაექტორიით გასცდა მარსის ორბიტას, გაიარა ასტეროიდების სარტყელი, მიუახლოვდა იუპიტერის სისტემას და ჩაუარა როგორც თავად პლანეტას, ისე მის თოთხმეტ (როგორც დაახლოებით ვიცით) ბუნებრივ თანამგზავრს.
იუპიტერის სიახლოვემ აპარატს დამატებითი აჩქარება მიანიჭა, რის შედეგადაც ის სატურნისკენ გაემართა.
სატურნის გრავიტაცია მას ურანისკენ უბიძგებს, ურანის შემდეგ კი „ვოიაჯერ 2“ ნეპტუნსაც ჩაუვლის, მზის სისტემას გასცდება და ვარსკვლავთშორისი კოსმოსური ხომალდი გახდება, რომელსაც ციურ სხეულთა შორის გაშლილ უსასრულო ოკეანეში მარადიული ცურვა ელის.
📕 კოსმოსი — კარლ სეიგანი.
3