ექსტრემალური ეგზოპლანეტა დაფარულია აორთქლებული კლდოვანი ქანების ღრუბლებით თუმცა მხოლოდ ღამის მხარეს

4
ჩვენგან 280 სინათლის წლით დაშორებული ეგზოპლანეტის ღამის მხარეს მუდამ შტორმული პროცესები მიმდინარეობს 🌀
✦ ასტროლაბოსი, იგივე WASP-43b, იმდენად ახლოსაა თავის ვარსკვლავთან, რომ ტემპერატურა ღამითაც კრიტიკულად მაღალია - იმდენად, რომ კლდოვანი ქანები ორთქლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ღრუბლები, შესაძლოა, მინერალებისგან შედგებოდნენ.
» ,,ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის წყალობით (JWST), WASP-43b უპრეცედენტო დეტალებით ვიხილეთ", - ამბობს ასტრონომი ლორა კრეიდბერგი მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტიდან (MPIA), გერმანია.
„ჩვენ ვხედავთ რთულ, არასასიამოვნო პლანეტას სასტიკი ქარებით, ტემპერატურის კრიტიკული ცვალებადობითა და ღრუბლებით, რომლებიც სავარაუდოდ კლდოვანი ქანების ორთქლის წვეთებისგან შედგებიან."
Sciencealert-ის თანახმად, ასტროლაბოსი 2011 წელს აღმოაჩინეს და იგი "ცხელი იუპიტერების" რიგს მიეკუთვნება.
ეს წოდება ენიჭებათ პლანეტებს, რომლებსაც დაახლოებით იუპიტერის ზომა & მასა გააჩნიათ და ერთი ორბიტის შესრულებას მხოლოდ 19.2 საათში ახერხებენ.
"ცხელი იუპიტერების" არსებობა საკმაოდ იდუმალებითაა მოცული.
პლანეტების წარმოქმნის ტრადიციული თეორიების თანახმად, ეს "იუპიტერები" ძალიან ახლოს არიან თავიანთ ვარსკვლავებთან, რათა ამჟამინდელ მდგომარეობაში წარმოიქმნან.
ვარსკვლავიდან მომავალი ინტენსიური გამოსხივება და ქარები სავარაუდოდ ფორმირების პროცესს შეაფერხებდნენ.
ამას მივყავართ იმ ჰიპოთეზამდე, რომ "ცხელი იუპიტერები" თავიანთი ვარსკვლავებიდან საკმაოდ მოშორებით ფორმირდნენ და შემდეგ მიგრირდნენ მასპინძელის მიმართულებით.
დღემდე აღმოჩენილია ბევრი "ცხელი იუპიტერი" და შეგვიძლია მათი შესწავლა, რადგან ბევრი მათგანი გადის ჩვენსა და თავის ვარსკვლავს შორის და გამომდინარე იქიდან, რომ მათ გააჩნიათ მოკლე ორბიტები, ისინი ხშირად გადიან ჩვენსა და თავიანთ ვარსკვლავებს შორის.
ადრე, ასტროლაბოსი ჰაბლის ტელესკოპმაც შეათვალიერა და მონაცემებიც მოაგროვა, რომელთა გაანალიზების შემდეგ, ამ ეგზოპლანეტის ატმოსფეროში წყლის ორთქლის კვალი აღმოვაჩინეთ.
ახლა, JWST-ის მეშვეობით ინფრაწითელი დაკვირვებებით, ასტრონომებმა შეძლეს ეგზოპლანეტის ტემპერატურის გაზომვა.
იმის გამო, რომ ასტროლაბოსი ძალიან ახლოს არის თავის ვარსკვლავთან, მას ეწოდა "მოქცევით ჩაკეტილი".
ანუ, მისი ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავისკენ არის მიმართული და შესაბამისად კრიტიკულად ცხელა, მეორე მხარე კი მუდმივად წყვდიადშია.
ორივე მხარეს ძალიან მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.
დღის მხარეს 1250 გრადუსი ცელსიუსი, ხოლო ღამის მხარეს 600 გრადუსი ცელსიუსი.
კომპიუტერულმა მოდელირებამ დაადასტურა, რომ ასტროლაბოსის ღამის მხარეს, ატმოსფეროში სავარაუდოდ ღრუბლებია, რომლებიც ბლოკავენ ქვემოდან შემომავალი ინფრაწითელი გამოსხივების დიდ ნაწილს.
დღის მხარე უღრუბლოა, რადგან იქ ძალიან მაღალი ტემპერატურაა მათი წარმოქმნისთვის.
ვებმა ამ ეგზოპლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობის შესახებ უფრო მეტი დეტალიც მოგვაწოდა და დაადასტურა მასზე წყლის არსებობა, ხოლო მეთანის ძიებას შედეგი არ მოჰყოლია, რაც გასაკვირი აღმოჩნდა.
სავარაუდოდ, მეთანი წარმოიქმნება "ცხელი იუპიტერის" ღამის მხარეს, ნახშირბადის მონოქსიდისა და წყალბადის შემცველი რეაქციების შედეგად.
ასტროლაბოსზე მეთანის არარსებობა სავარაუდოდ გამოწვეულია მისი ტემპერატურული სხვაობით წარმოებული ძლიერი ქარებით, რომელთა სიჩქარეც საათში 9000 კილომეტრამდე აღწევს.
სწორედ ამ ქარებს შეუძლიათ მეთანის შემადგენელი მოლეკულების ღამის მხარეს ისე გადასროლა, რომ დროც კი არ დარჩეთ ამ ქიმიური ნივთიერების (მეთანის) საწარმოებლად.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ ასტროლაბოსის ატმოსფერო ქიმიურად ერთგვაროვანია ყველა ასპექტში - ეს გახლავთ დასკვნა, რომელიც ჯეიმს ვების დახმარებით გაკეთდა.
IMAGE: T. Müller/MPIA/HdA 
4