აფხაზეთი

11
• შვიდი თვის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც ომი დაიწყო. პირველ შვილს ველოდებოდი, 19 წლის ვიყავი. ხმაურმა გამაღვიძა, ვიფიქრე ცუდი ამინდია, ალბათ ჭექა-ქუხილი და მალე გადაივლის მეთქი, მაგრამ როდესაც ხმაური არ შეწყდა უცბად წამოვდექი და წამში გავიაზრე, რაც ხდებოდა. 
სოხუმში ვცხოვრობდით, ძალიან დიდი და ლამაზი სახლი გვქონდა. ჩემი საძინებლის კართან დიდი მრგვალი კიბე ჩადიოდა. კარი, როგორც კი გავაღე სწრაფი ნაბიჯებით ჩავირბინე კიბე. რამდენიმე წამში აღმოვაჩინე, რომ შიგნიდან ვღმუოდი და ხმას საერთოდ ვერ ვიღებდი მე კი მეგონა, რომ ყვირილით ვეძახდი ოჯახის წევრებს.
ჩემი მეუღლე აფხაზეთში დარჩა, მაშინ 26 წლის იყო. მითხრა: "მე არსად არ მოვდივარ, აქაურობას არ დავტოვებ, არ შემიძლია. მხოლოდ თქვენ უნდა მყავდეთ უსაფრთხოდ". იმ მომენტში არც მესმოდა რას ამბობდა, რადგან აგონიაში ვიყავი და მიჭირდა სიტუაციის გააზრება. 
მე, დედა, ჩემი ორი ძმა და დედამთილი თვითმფრინავით გადმოვფრინდით თბილისში. ჰაერში მომენტალურად ქრებოდნენ თვითმფრინავები, რომლებსაც ჩვენნაირი მგზავრები გადაჰყავდათ თბილისში. ყოველ წამს ველოდებოდით, რომ შემდეგი ჩვენ ვიქნებოდით, მაგრამ გადავრჩით.
მეუღლესთან სრული კავშირი გაწყდა. ვერ ვურეკავდი, ვერ მირეკავდა და საერთოდ არ ვიცოდი ცოცხალი იყო თუ არა. აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ ყველაზე რთული ეს იყო, ლოდინი და მოთმინება.
ორ კვირაში ბავშვი გავაჩინე ნაადრევი ორსულობა იყო, მაგრამ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. მე ამ ქვეყნად არ ვიყავი. ვერ გამეგო ამ სიხარულს ვზიარებოდი თუ არა. ჩემ გვერდით მაშინაც არ იყო ჩემი მეუღლე და სიტყვებითაც შეუძლებელია იმ დარდის და სიხარულის ერთად აღწერა, რაც იმ მომენტში ხდებოდა ჩემში.
თითქმის ორი თვის ლოდინის შემდეგ მეუღლე დამიბრუნდა... მაგრამ უამრავი ნათესავი, მეგობარი, მეზობელი დავკარგეთ. ბევრი პატარა თუ დიდი დეტალია, რისი გახსენებაც მზარავს ამ დროს შიშისგან თვალებს ვხუჭავ და ვლოცულობ, რომ ეს ისევ არ განმეორდეს... არადა ამის შემდეგ რამდენი წელი გავიდა ხო? მეც უკვე აღარა ვარ პატარა შეშინებული გოგო, მაგრამ ამ შეგრძნებებს ასაკი არ აქვს, არც დრო და არც სქესი.
ვფიქრობ, რომ დღეს უკრაინელი ხალხის ყველაზე მეტად აფხაზეთიდან დევნილ ხახლს გვესმის. იმ ხალხს, ვინც აფხაზეთის ომი გამოიარა, ისეთივე სიმწარე მივიღეთ რუსეთისგან, რასაც ახლა თქვენ გადიხართ. ჩვენ ერთ ჩიხში ვართ, ჩვენ  უსიტყვოდ გვესმის თქვენი და ვხედავთ იმ ჭრილობებს,   რომელიც სულ ახალია მაგრამ მუდამ დაგრჩებათ. შეუძლებელია ეს თანადგომა ერთი ან მრავალი სიტყვით გამოხატო ადამიანმა, მაგრამ დამიჯერეთ მე თქვენ თვალებში ვხედავ საკუთარ თავს და იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც თქვენსავით იბრძოდნენ აფხაზეთის ომში! გადაივლის დამიჯერეთ, მალე გადაივლის. დრო არ უშველის ამ ტკივილს, მაგრამ გასწავლით ამასთან შეგუებას! საქართველო თქვენ გვერდით არის!  დიდება უკრაინას და დიდება გმირებს! 🇺🇦🇬🇪
• აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი
11