კონსერვატიული ინტერნაციონალიზმი როგორც საგარეო პოლიტიკის ალტერნატიული ხედვა

9
როდესაც პოლიტიკურ იდეოლოგიას სიტყვა „ინტერნაციონალიზმს“ ვუთავსებთ, პირველ რიგში ალბათ ყველას კომუნიზმი ან სოციალიზმი ახსენდება. „სოციალისტ ინტერნაციონალი“ ხომ არამხოლოდ თეორიაში, არამედ პრაქტიკაშიც წარმოადგენს მსოფლიოს გარშემო მოქმედ პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანებას…
თუმცა, არსებობს თეორია, რომელიც სიტყვას ინტერნაციონალი, კონსერვატიზმსაც უკავშირებს და თავისებურებათა საკმაოდ ფართო ჩამონათვალსაც ადგენს. ეს თეორია 2008 წელს, პროფესორ ჰენრი ნაუს მიერ შეიქმნა, რომელიც თავის წიგნში – „კონსერვატიული ინტერნაციონალიზმი“, აღწერა.
თეორია ჩამოყალიბებულია შეერთებული შტატების 4 პრეზიდენტის (თომას ჯეფერსონი, ჯეიმს პოლკი, ჰარი თრუმენი, რონალდ რეიგანი) მოღვაწეობის მაგალითის მიხედვით. ჰენრი ნაუ კონსერვატიული ინტერნაციონალიზმის 11 ძირითად პრინციპს გამოყოფს და თვლის, რომ სწორედ ისინი გამოარჩევს ამ ხედვას საგარეო პოლიტიკის რეალისტური და იდეალისტური (ლიბერალური ინტერნაციონალიზმი) გააზრებისგან. განვიხილოთ თითოეული მათგანი…
1. კონსერვატიული ინტერნაციონალიზმის მთავარ მიზანს წარმოადგენს თავისუფალი, დემოკრატიული და რესპუბლიკური სახელმწიფოების ჩამოყალიბება. ამით ისინი ჰგვანან ლიბერალებს, თუმცა, ამ უკანასკნელთა მთავარი ამოსავალი თანასწორობაა, რადგან მიიჩნევენ, რომ თანასწორობის აღიარებას, დროთა განმავლობაში თავისთავად მოჰყვება პოლიტიკური თავისუფლებაც. ამიტომ, ლიბერალებს საერთაშორისო ორგანიზაციებში, ერების თანასწორობის აღიარება უპირატესად მიაჩნიათ. მათთვის ლეგიტიმურობა მომდინარეობს ყველა აღიარებული ქვეყნის შემხვევაში, მიუხედავად იმისა, ნამდვილად თავისუფალია იგი თუ არა. კონსერვატორი ინტერნაციონალისტების მიხედვით კი, თანასწორი სუბიექტის აღმოცენება ხდება მხოლოდ ნამდვილი თავისუფლებისა და თვითმმართელობის მოპოვების შედეგად, როდესაც სახელმწიფოებს მართლაც დამოუკიდებლად შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება.
2. კონსერვატიული ინტერნაციონალიზმი ორიენტირებულია მატერიალური და არა იდეოლოგიური ხიფათის აღმოფხვრისაკენ. კერძოდ, მათი აზრით, საგარეო ინტერვენციისთვის არ კმარა მხოლოდ სიღარიბისა და ჩაგვრის არსებობა სხვა ქვეყანაში. ამისათვის, აუცილებლად უნდა არსებობდეს ფიზიკური ეფექტი, რომელიც ჩამრევ ქვეყანაზე ახდენს გავლენას. უფრო კონკრეტულად, თუკი არ არსებობს ტერორიზმის, ან რაიმე უშიშროების რეალური ამოცანა, კონსერვატორი ინტერნაციონალისტი არ ეთანხმება ჩარევას.
3. კონსერვატიული ინტერნაციონალიზმი არ ჩერდება მშვიდობის დამყარების ერთეულ ფაქტებზე, იგი თავისუფლების გაფართოების გზებს ეძიებს. ლიბერალი ინტერნაციონალისტებისგან განსხვავებით, რომლებიც ძალის დემონსტრირებას საგარეო პოლიტიკაში პროცოკაციად მიიჩნევენ, კონსერვატორი ინტერნაციონალისტები სწორედ მას იყენებენ დესპოტიზმის შესასუსტებლად, მშვიდობიანი მოლაპარაკებების პარალელურად. ასე მოიქცნენ ჯეფერსონი, პოლკი და თრუმენი. თუმცა, ასეთი მიდგომის საუკეთესო მაგალითი რონალდ რეიგანია, რომელიც, აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილურობით კიარ დაკმაყოფილდა, არამედ შეცვალა იალტის კონფერენციის სტატუს-კვო და გზა გაუხსნა თავისუფლებას.
4. კონსერვატიული ინტერნაციონალიზმი ამბიციურობის მიუხედავად ძალიან წინდახედულია, რამეთუ არ აღიზიანებს მეორეხარისხოვან გეოპოლიტიკურ ზონებს, რათა წარმატება მოიპოვოს მაღალი პრიორიტეტის ზონებზე. ლიბერალი ინტერნაციონალისტებისგან განსხვავებით, კონსერვატიული ინტერნაციონალიზმი არ ეძიებს უნივერსალურ კამპანიებს ტირანიის დასამხობად, არამედ, პირველ რიგში ასრულებს პრიორიტეტულ და შედარებით მარტივად მისაღწევ ამოცანებს. ჰარი თრუმენმა დასავლეთ ევროპაში წარმატებას მიტომ მიაღწია, რომ სწორედ იმ ადგილის უსაფრთხოება დაისახა უპირველეს მიზნად, აღმოსავლეთ ევროპასა თუ ახლო აღმოსავლეთთან შედარებით. თრუმენმაც და რეიგანმაც თვალი გაუსწორეს რეალობას, რომ არ უნდა გაემწვავებინათ ნაკლებად პრიორიტეტული რეგიონების თაობაზე, რათა შედეგი ჰქონოდათ ყველაზე მნიშვნელოვან ზონებში.
5. კონსერვატიული ინტერნაციონალიზმი საგარეო პოლიტიკაში უფრო მეტი ძალების გამოყენებას მოითხოვს, ვიდრე რეალიზმი, რადგან მისი მიზანი არა მხოლოდ სტაბილურობა, არამედ დემოკრატიის გავრცელებაა. ეს იმიტომ, რომ კონსერვატორი ინტერნაციონალისტების აზრით, დემოკრატიას ტირანები და ავტორიტარები ეწინააღმდეგებიან, რომლებიც, ძალიან უფრთხიან ძალას. ამდენად, კონსერვატორი ინტერნაციონალისტისთვის ძალა არა უკანასკნელი, არამედ იმავდრიული, პარალელური მეთოდია. ეს განსხვავდება ლიბერალების მიდგომისგან, რომლებიც, პრობლემის მოგვარების ძირითად მეთოდებად მოლაპარაკებებსა და ეკონომიკურ სანქციებს მიიჩნევენ.
6. ძალის პრიორიტეტულობის მიუხედავად, კონსერვატიული ინტერნაციონალიზმი ამით არ ანაცვლებს დიპლომატიას, თუმცა მას უთანხმებს ძალას, რათა დიპლომატიითვე მიიღოს უკეთესი შედეგი. სწორედ რონალდ რეიგანი იყო ძალისა და დიპლომატიის ურთიერთშეთანხმებით გამოყენების ოსტატი.
7. კონსერვატიული ინტერნაციონალიზმი საერთაშორისო ინსტიტუტებს უმთავრეს მნიშვნელობას არ ანიჭებს. იგი ამ მიმართულებითაც „მცირე მთავრობის“ ხედვას იზიარებს და არ ემხრობა მსოფლიოს ძლიერი ცენტრალიებული მმართველი რგოლის შექმნას. კონსერვატორი ინტერნაციონალისტები მეტად ეჭვით უყურებენ მთავრობებს, რამეთუ იზიარებენ ინდივიდუალიზმისა და დამოუკიდებელი სოციალური ინსტიტუტების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მათი აზრით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთა ურთიერთობების მხოლოდ ის ნაწილი უნდა დაარეგულირონ, რისი რეგულირება და გაძღოლაც, ადგილობრივ თემებსა და მთავრობებს არ შეუძლიათ.
8. კონსერვატიული ინტერნაციონალიზმის მიხედვით, დემოკრატია რთულად მისაღწევია და მას კულტურული წინააღმდეგობები ახასიათებს. რეალისტებისგან განსხვავებით, კონსერვატორი ინტერნაციონალისტები მას ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებლად არ მიიჩნევენ, თუმცა ლიბერალ ინტერნაციონალისტებთან შედარებით, მას უფრო არასრულყოფილად და არასტაბილურად თვლიან. აქ მეორდება წინდახედულობის მომენტი, როდესაც კონსერვატორი ინტერნაციონალისტი ცდილობს ყველაზე უფრო მარტივად შესასრულებენ ამოცანას მოეჭიდოს და ამით მიაღწიოს დემოკრატიზაციას, განსხვავებით უნივერსალური კამპანიისაგან.
9. თავისუფლების ხელშეწყობისათვის, კონსერვატორი ინტერნაციონალისტი აუცილებლად მიიჩნევს ეკონომიკურ აქტივობას. ამას ლიბერალი ინტერნაციონალისტიც იზიარებს, თუმცა, იგი მეტი საერთაშორისო შეზღუდვისა და რეგულაციისაკენ მიიწევს, რადგან ნაკლებად აქვს ნდობა კერძო ინიციატივის მიმართ. რაც შეეხება კონსერვატორ ინტერნაციონალისტს, იგი საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ გახლავთ ნაკლები ნდობით განწყობილი, რადგან ხაზს უსვამს შესაძლო კორუფციაზე. ხოლო საერთაშორისო დახმარებებს აღიქვამს ერთგვარ პატერნალისტურ ქმედებებად, რომელმაც, შესაძლოა, მცირე ერების ერთგვარ ქვეშევრდომებად გადაქცევა გამოიწვიოს.
10. კონსერვატიული ინტერნაციონალიზმი ეკონომიკურ ლიბერალიზაციას თავისუფლების მთავარ წყაროდ არ განიხილავს. ლიბერალური ინტერნაციონალიზმის მიხედვით, კეთილდღეობა არის ის, რაც მსოფლიოს თავისუფლებამდე მიიყვანს. საქმე ის არის, რომ კონსერვატორი ინტერნაციონალისტის აზრით, კარგი მატერიალური მდგომარეობა ყოველთვის არ ნიშნავს კულტურული და იდეოლოგიური ხედვების დახვეწას, შედეგად სივრცე რადიკალიზაციისთვის საკმარისად რჩება. სწორედ ამის მაგალითებია ეკონომიკურად გაუმჯობესებული, ომამდელი იაპონია, გერმანია და თანამედროვე ჩინეთი, რომელიც ეკონომიკურ მოდერნიზაცის კი განიცდის, თუმცა ვერ ახერხებს თავისუფლების დამკვიდრებას.
11. ბოლო, მე-11 პრინციპის მიხედვით, კონსერვატიული ინტერნაციონალიზმისთვის, საზოგადოებრივ აზრს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რეალისტებს მიაჩნიათ, რომ ელიტებია ის ძალა, ვისაც დიპლომატიისა რამე შეიძლება გაეგებოდეს და ჩვეულებრივ ხალხს მხოლოდ ის მოსწონს, რაც მათზე კარგ შედეგს ახდენს. თუმცა, იმის გამო, რომ კონსერვატიული ინტერნაციონალიზმი ბევრად უფრო აგრესიულია, ვიდრე დანარჩენი ორი, იგი ეძებს სახალხო ლეგიტიმაციას, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებებში, ომის მხარდაჭერა ისედაც ძალიან მცირეა. კონსერვატორი ინტერნაციონალისტისათვის შეუთავსებელია თავისუფლების ძიება თუკი მას სახალხო ლეგიტიმაცია არ აქვს არათუ მხოლოდ ერთ ქვეყანაში, არამედ სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც.  
ამით განსხვავდება კონსერვატიული ინტერნაციონალიზმის ცნება, რეალისტური და იდეალისტური თეორიებისგან. საერთოდ, ქართულ საზოგადოებაში ხშირად ჩნდება აზრი, თითქოს რაიმე განსაკუთრებულისა და ისეთი სიახლის წინაშე ვდგავართ, რომელიც მსოფლიოში გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს. ასეა მაგალითად, ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევა, როდესაც, იგი ზედმეტად გამორჩეული და არაკონვენციური ტიპის ფიგურადაა მიჩნეული. სინამდვილეში, კონსერვატიული ინტერნაციონალიზმის რამდენიმე ნიშანი ახასიათებს სწორედ პრეზიდენც ტრამპსაც, რომლის მსგავსი პოლიტიკური შეხედულებებიც, აშშ-ის ისტორიაში, როგორც ჩანს სულ ცოტა 4 პრეზიდენტს ჰქონდა. ერთ-ერთი მათგანი კი რონალდ რეიგანი იყო. თუკი გავიხსენებთ რეიგანის ხედვას „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ და შევადარებთ ტრამპის დამოკიდებულებას სამხედრო თავდაცვის თაობაზე, ამ მსგავსებას ნამდვილად მივხვდებით. გარდა ამისა, შეიძლება ტრამპის შეხედულებების მოხმობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართაც, რომელიც ძალიან ჰგავს კონსერვატიული ინტერნაციონალიზმის მახასიათებლებს.
რა თქმა უნდა, ყოველივე ეს მაინც ერთი პროფესორისა და სპეციალისტის შეხედულებებს ემყარება, თუმცა, მიუხედავად მისი მაღალი რეპუტაციისა, შესაძლოა, მისი აზრი სულაც შორს იყოს ჭეშმარიტებისგან. ჩვენი მიზანი, აღნიშნული თეორიის მარტივად გადმოცემა და მის გარშემო დისკუსიის შექმნაა.
სტატია მომზადებულია ამერიკათმცოდნე გიორგი ლაბაძის მიერ,  პროფესორ ჰენრი ნაუ-ს თეორიის მიხედვით, HOOVER.ORG-ზე დაყრდნობით.
წყარო: conservative.ge
9