ნიკოს

12
ბოლო დღეების განმავლობაში, ისევე როგორც ადამიანთა  უმრავლესობის, ასევე ჩემი გონებაც სრულიად მოიცვა ამ ტრაგედიამ, ამიტომ გადავწყვიტე რამდენიმე სიტყვით გამეზიარებინა ჩემი თანაგრძნობა და ემოციები ყველასთვის ვინც იგივეს განიცდის.
 ბევრჯერ გამიგია, რომ ცხოვრება უსამართლოა მაგრამ ამაში კიდევ უფრო მაშინ დავრწმუნდი, როცა იმ თითქოსდა ჩვეულებრივ დღეს, ცაზე დამანგრეველი მეხის გავარდნასავით მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ მოკლეს ნიკო. მოკლეს ისე, რომ თვალებშიც კი ვერ ჩახედეს, მოკლეს ლაჩრულად, უსამართლოდ და ქვეყნიერებას გამოაცალეს კიდევ ერთი მზის სხივი, რომელიც თურმე ასე კაშკაშებდა.
 სამწუხაროდ, მე არ ვიცნობდი ნიკოს, არც კი ვიცოდი, რომ სადღაც აქვე, ჩვენ გვერდით, არსებობდა ნიკო, მომავლის ადამიანი და ასევე მომავალი ჩვენი ქვეყნისა.  რა უცნაურია, მე არ ვიცოდი მისი არსებობის შესახებ, მაგრამ მისმა წასვლამ დიდი სიცარიელე დატოვა ჩემში, თუმცა ამ სიცარიელისა და უსამართლობის შეგრძნებამ არამარტო ჩემში დაიმკვიდრა თავი, არამედ ირგვლივ ყველა განიცდის იგივეს. ჩვენ შეიძლება არ ვისაუბროთ ამაზე მაგრამ სიჩუმის მიღმა ყველამ ვიცით, რომ გვაერთიანებს მისი წასვლით გამოწვეული ტკივილი.
ჩვენ, სრულიად უცხო ადამიანები, განვიცდით ამ ტრაგიკულ ამბავს, მაგრამ რას განიცდიან ნიკოს მშობლები ამის სიტყვებით გადმოცემა ალბათ შეუძლებელია. მთელი გულით ვუთანაგრძნობ ნიკოს დედას, მამას, ოჯახისწევრებს, მეგობრებსა და ყველა მის ახლობელს, განსაკუთრებით კი ანას, ნიკოს ანას, რომელიც ასე მოულოდნელად აღმოჩნდა სამყაროში სადაც აღარ არის მისი ნიკო, რომელიც ალბათ როგორ ძლიერ აბედნიერებდა. გმაძლეობას ვუსურვებ მას და ყველას ვისაც ასე ძლიერ დააკლდა ნიკო.
ბოლოს, მადლობა ნიკოს მშობლებს, რომ აღზარდეს ადამიანი, რომლის დაკარგვამაც გააერთიანა თითოეული ჩვენგანის მწუხარება, ცრემლი და ტკივილი, რაც მხოლოდ ასეთ განსაკუთრებულ ადამიანებს შეუძლიათ.
მადლობელი ვარ, რომ მომიწია მეცხოვრა იმ სამყაროში, სადაც ნიკო დააბიჯებდა და ტოვებდა კვალს, რომელიც უბრალოდ კი არ დარჩება ამ სამყაროში, არამედ ამ კვალს გაყვებიან ადამიანები და განახორციელებენ მიზნებს, რომლებიც ნიკომ ვერ მოასწრო.
ამ სამყაროში არ მერგო ბედნიერება გამეცნო განსაკუთრებული ადამიანი, შენი სახით. იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე, სადღაც აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს.
რამდენი რამის თქმა მინდა კიდევ, მაგრამ... მაგრამ...
დროებით ნიკო.
AnastasiaL
 
12