ნუ მიგვატოვებ,მზეო..ნუ მიგვატოვებ✨

10
მზეო, ნუ მიგვატოვებ, გევედრებით, ჩვენ გვეყვარება ერთმანეთი და სიყვარულით გარდავიცვლებით აწ და მარადის, ოღონდ ახლა ნუ მიგვატოვებ, მზეო.. ჩვენ წავალთ შენი სახელით, შემოვივლით მთელ კაცობრიობას და ვთხოვთ, რომ სიყვარული დაგიბრუნონ.. მე ვიცი, მზეო, კაცობრიობა შეისმენს შენს თხოვნას, დაივიწყებს სიძულვილს და ხელმეორედ დაიწყებს სიყვარულის თესვას.. წამიყვანე თან, მზეო, მე არ შემიძლია უშენოდ სიცოცხლე, მიმიღე შენს წიაღში, როგორც სიყვარული და წამიყვანე..
– მაინც რა მოგდის მზეო, რა გტკივა, გვითხარი..
- დედამიწა მტკივა, დედამიწა!
- მერე და დედამიწის ტკივილიცა და სიცოცხლეც შენს ხელთ არ არის, დალოცვილო?
- დედამიწა ჩემი გულია, მე დიდი ხანია უკვე ვკვდები, ჩემ გარშემო ყველა პლანეტა, ჩემი სხეულის უჯრედი და შემადგენელი ნაწილი, მკვდარია უკვე უთვალავი საუკუნეა. მხოლოდ დედამიწა სუნთქავს ჩემში, ერთადერთი ნაწილი ჩემი სხეულისა სუნთქავს, ცოცხლობს და მაცოცხლებს.. ნუთუ თქვენ, ადამიანები, ამდენი საუკუნეა რომ მომჩერებიხართ და თაყვანს მცემთ, ვერ ხედავთ ამას, ვერ გრძნობთ ამას და ვერ ხვდებით ამას?!
- მაშ, შენ თვითონ ვინღა ხარ და რა ხარ, მზეო?
– მე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა მოგიზგიზე სული ვარ. ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს.. უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვდგები კვლავ მკვდრეთით.. მე გევედრებით თქვენ, ადამიანებს, მე – მზე.. დამიბრუნეთ სიცოცხლე ჩემი, დედამიწაზე სიყვარულად აღმოცენებული.. დამიბრუნეთ სიყვარული და მე დაგიბრუნდებით თქვენ..
– ნუ მიგვატოვებ, მზეო.. ნუ მიგვატოვებ..“
ნოდარ დუმბაძე
10