გასაუბრებაზე უამრავმა კითხვამ
შეიძლება გაიჟღეროს. გასაუბრების კითხვები დამოკიდებულია კომპანიაზე/ორგანიზაციაზე,
სადაც მივდივართ და რა პროფესიის შესაფერის ვაკანტურ ადგილზე მივდივართ. აქედან
გამომდინარე შესაძლოა გაიჟღეროს კითხვებმა ჩვენი პროფესიიდანაც, რათა გაიგონ, თუ
რაოდენ კარგად გვესმის ჩვენი პროფესია (შესაძლებელია ამ საკითხზე ცალკე ეტაპიც კი
ქონდეთ გათვალისწინებული - მაგალითად ტესტირება და სხვა). თუმცა, დიდი ნაწილი
ეთმობა ზოგად კითხვებს. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ
იმ კითხვების ჩამონათვალს რომლებიც გამსაუბრებელმა შესაძლოა დაგისვათ. გახსოვდეთ, რომ
თითოეულ კითხვას აქვს თავისი მიზანი თუ რატომ სვავს გამსაუბრებელი ამ კითხვას და
რისი გაგება სურს მას. აქ მიმოვიხილავ რამდენიმე კითხვას, რომელიც თითქმის ყველა
გასაუბრებაზე გვხვდება და სასურველია თუ გასაუბრებაზე წასვლამდე დაფიქრდებით და თქვენი პასუხის წინასწარ მონახაზს გააკეთებთ.
სანამ კითხვებს განვიხილავთ არ
დაგავიწყდეთ თვალი გადაავლოთ
წინა სტატიას სადაც არის ზოგადი რჩევები თუ როგორ
უნდა მოემზადოთ გასაუბრებისთვის და როგორ უნდა მოიქცეთ გასაუბრებაზე, რათა
პროფესიონალად წარმოჩინდეთ.
მოგვიყევით თქვენ შესახებ
ამ კითხვაზე
პასუხი საკმაოდ სპეციფიკურია მაგრამ პასუხის გაცემისას უმჯობესია ყურადღება
გავამახვილოთ უნარებზე რომლებიც ამ ვაკანსიისთვის არის საჭირო და ამ კუთხით რა
სამუშაო გამოცდილება გვაქვს. ვსაუბრობთ
განათლებაზე. შესაძლოა ვახსენოთ საყვარელი საქმიანობა თავისუფალ დროს - ჰობი (თუ
სამსახურთან იქნება კავშირში).
ამ კითხვაზე
პასუხის გასაცემად კარიერის მწვრთნელი ლილი ჟანგი, MIT Media Lab-ის კურსდამთავრებული
სტუდენტების პროფესიული განვითარების ყოფილი მენეჯერი და The Muse-ის მწერალი, გვთავაზობს
მარტივ და ეფექტურ ფორმულას თქვენი პასუხის
სტრუქტურირებისთვის:
აწმყო:
ცოტა ისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის თქვენი
ამჟამინდელი როლი, მისი ფარგლები და ბოლოდროინდელი დიდი მიღწევა.
წარსული:
უთხარით ინტერვიუერს, თუ როგორ მოხვდით აქ
და/ან ამოუყევით წინა გამოცდილება, რომელიც შეესაბამება სამუშაოს და კომპანიას, რომელზეც
განაცხადი გაქვთ გაკეთებული.
მომავალი:
გადახედეთ იმას, რის გაკეთებას აპირებთ შემდეგში
და რატომ ხართ დაინტერესებული ამ ვაკანსიით.
რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი გზა ამ კითხვაზე პასუხის
გასაცემად და შეგიძლიათ შეცვალოთ ის, როგორც თქვენთვის შესაფერისია
მაგალითად
თუ არსებობს განსაკუთრებული ამბავი იმის
შესახებ, თუ რატომ ხართ ამ სფეროში,
შეიძლება დაიწყოთ ამ „წარსულის“ ისტორიით და შემდეგ გადახვიდეთ იმაზე, რასაც აკეთებთ
აწმყოში. მაგრამ დარწმუნდით, რომ საბოლოოდ თქვენი
წარდგენით დაუკავშირდით სამუშაოს და კომპანიას. პასუხის დასასრულებლად
კარგი ფრაზაა „ამიტომ მე აქ ვარ და
გავაკეთე განაცხადი ამ ვაკანსიაზე”.
ამ
კითხვით მოწმდება: გამართულად
საუბრის უნარი, პრეზენტაციის უნარი, რელევანტური ინფორმაციის შერჩევის უნარი, ქრონოლოგიური
და თანმიმდევრული გადმოცემის უნარი, მოწმდება რამდენად თანხვედრაშია თქვენი
გაგზავნილი რეზიუმე თქვენს მოთხრობილ ფაქტებთან, დამატებით ისეთი ინფორმაციის
მიღება რაც რეზიუმეში არ წერია, პიროვნების გაცნობა
რატომ
დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით?
რა არის
ამ კითხვის მიზანი? მოტივაციის
გაგება, და რამდენად კარგად გააცნობიერეთ ვაკანსიის შინაარსი.
სავარაუდო
მიზეზები რატომაც თქვენ შეიძლება ამა თუ იმ ვაკანსიით დაინტერესდეთ შესაძლოა იყოს
შემდეგი -
· პოზიცია ახლოსაა თქვენს სფეროსთან,
რომელსაც ეუფლებით.
· კომპანია ახლოსაა თქვენს სფეროსთან
და ამ ეტაპზე ვიწრო სპეციალიზაცია არ გაქვთ არჩეული და სიამოვნებით იმუშავებთ X კომპანიის
ვაკანსიაზე, რომელსაც აკმაყოფილებთ.
· გაქვთ გამოცდილება წინა სამუშაოზე და
იქიდან გამომდინარე, რომ კარგად ასრულებდით გეგმას თვლით, რომ ეს თქვენი სფეროა, თავს კომფორტულად
გრძნობთ მასში.
· X კომპანია სტაბილურია, ან მოგწონთ
მისი სოციალური აქტივობები.
· იმ
შემთხვევაში თუ სამუშაო გამოცდილება არ გაქვთ - თქვენ მიერ წარმოდგენილ პოზიციაში
მექნება შეხება - თან, რაშიც პრაქტიკული
გამოცდილება არ მაქვს და სიამოვნებით
მივიღებ სწავლებას და გამოცდილებას მენეჯერისგან.
რატომ გსურთ ჩვენთან მუშაობა?
ამ კითხვით დამსაქმებელს აინტერესებს
თქვენი მოტივაცია თუ რატომ აირჩიეთ ესა თუ ის ვაკანსია... და განსაკუთრებით ის
კომპანია სადაც ახლა ხართ
უკეთესია, კონცენტრირდეთ იმაზე, რომ
თქვენ შესაბამებით ვაკანსიას და გაქვთ ის უნარები, რაც ვაკანსიაზე მუშაობისთვისაა
საჭირო.
რა არის თქვენი სუსტი მხარე? ან რა არის თქვენი ძლიერი მხარე?
ერთი შეხედვით, ამ კითხვაზე სწორი პასუხი არ არსებობს. თუ იტყვით,
რომ სისუსტე არ გაქვთ, დამსაქმებელი ჩათვლის, რომ გიჭირთ საკუთარი თავის რეალურად
შეფასება ან უბრალოდ გადაჭარბებული წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე.
ამასთან, თუ სისუსტეს დავასახელებთ, გვეშინია, გადამწყვეტი არ
აღმოჩნდეს და დასაქმების შანსი ხელიდან არ გავუშვათ.
ამ შემთხვევაში ორი გზა არსებობს - თქვენი ძლიერი მხარე გადააქციოთ
სუსტ მხარედ და შემდეგ ისევ ძლიერად - მაგალითად: "ზედმეტად ცნობისმოყვარე
ვარ და ვცდილობ იმაზე მეტი გავიგო, ვიდრე საჭიროა, რაც ამავდროულად მეხმარება, რომ
საქმე სრულყოფილად შევისწავლო". შეისწავლეთ თქვენი სუსტი მხარეები
დასახეთ გეგმა თუ როგორ მუშაობთ სუსტი მხარის გასაძლიერებლად და ამ კითხვაზე
პასუხიც არ გაგიჭირდებათ.
სად ხედავთ თქვენს თავს ხუთი
წლის შემდეგ?
ეს შეკითხვა სხვადასხვა ვარიაციით გვხვდება ხოლმე: "რას
აპირებთ მომავალში?"
"რა გეგმები გაქვთ
უახლოეს მომავალში?" და ა.შ.
როგორც წესი, დამსაქმებელს უმეტესად აინტერესებს, აპირებთ თუ არა
მათთან ხანგრძლივ თანამშრომლობას, ამიტომ თუ იცით, რომ პოზიციაზე სტაბილურ კადრს
ეძებენ, გაითვალისწინეთ და ანახეთ თქვენი ინტერესი კონკრეტული პოზიციაზე
ხანგრძლივად მუშაობის.
რატომ თქვენ? / რით გამოირჩევით
სხვებისგან?
აქ უნდა ისაუბროთ ვრცლად თქვენს
გამოცდილებაზე და იმაზე რომ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების მქონე კადრს, ნამდვილად
შეუძლია კომპანიის მიზნების შესრულება და მათთვის წარმატების მოტანა.
ამ ყველაფერს ასაბუთებთ თქვენი
გამოცდილებაზე საუბრით და ამახვილებთ ყურადღებას იმ უნარებზე რა უნარებიც შეგძინათ
ამა თუ იმ ვაკანსიამ. ამიტომაც ნუ იმორცხვებთ, თქვენი თავი და ის უნარები რაც
გაქვთ მაქსიმალურად წარმოაჩინეთ.
რა იცით ჩვენს შესახებ?
ასევე, გახსოვდეთ, რომ ამ კითხვაზე პასუხის
გაცემა არ გულისხმობს დამსაქმებლის შექებას (ვიცი რომ კარგი კომპანია გაქვთ,
რომელიც კარგად მუშაობს), არამედ იმას, თუ კონკრეტულად რა ინფორმაციას ფლობთ მისი
საქმიანობის შესახებ. კარგი იქნება თუ გამოავლენთ, სად იკვეთება თქვენი მიზნები და
ინტერესები.
იმუშავებდით
თუ არა ზეგანაკვეთურად? ან თუ მოგიწევდათ ზეგანაკვეთურად მუშაობა გექნებოდათ თუ
არა ამაზე პრეტენზია?
ამ კითხვის მიზანი კანდიდატის
მოტივაციის შემოწმება, თქვენგან დადებითი პასუხი კარგია, მაგრამ ისეთ დიდი
სურვილსაც ნუ გამოხატავთ ზეგანაკვეთურად მუშაობის რომ მოხალისედ აგიყვანონ და არა თანამშრომლად.
რამდენია
თქვენთვის სასურველი ხელფასი ჩვენთან მუშაობისას?
ამ კითხვის მიზანი დამსაქმებლის
მხრიდან არის ის რომ განსაზღვროს თქვენი მოლოდინები. თუ თქვენ იმ ვაკანსიაზე სადაც
1000 ლარია განსაზღვრული იტყვით, რომ 5000
ლარის ოდენობის ანაზღაურება გსურთ, რაოდენ კარგი კანდიდატიც არ უნდა იყოთ,
დამსაქმებელი შეწყვეტს თქვენი კანდიდატურის განხილვას, ამიტომაც ძალიან კარგია რომ
წინასწარ იცნობდეთ კომპანიის შესაძლებლობებს და იცოდეთ რა ბიუჯეტი აქვთ თანამშრომლებისთვის
სხვადასხვა პოზიციაზე.
ნუ იფიქრებთ, რომ სწორედ თქვენთვის
კომპანია გაზრდის ხელფასს, რომ ოღონდაც თქვენ იმუშაოთ მათთან...
მიმართეთ ისევ ლინკდინს ისევ კვლევას
მათზე ინფორმაციის მოძიებისთვის...
სხვა დამატებითი კითხვები რომლებმაც
შესაძლოა გაიჟღერონ გასაუბრებაზე
· როგორ
ფიქრობთ რა არის საჭირო ამ სამუშაოს შესასრულებლად?
· რატომ
გსურთ ამ პოზიციაზე მუშაობა?
· რატომ
თვლით თავს კვალიფიციურად ამ სამუშაოს შესასრულებლად?
· რას
გააკეთებდით სამუშაოს პირველ დღეს?
· მუშაობთ
თუ არა ახლა?
· რამდენი
ხანია რაც არ მუშაობთ?
· თუ
მუშაობთ, რატომ გაქვთ პრეტენზია ახალ სამსახურზე? / რატომ
გსურთ დატოვოთ თქვენი ამჟამინდელი სამსახური?
· როდის
შეგიძლიათ შეუდგეთ მუშაობას ახალ პოზიციაზე?
· რა
მოვალეობებს ასრულებდით წინა სამსახურში?
· რა
ძირითადი და დამატებითი განათლება გაქვთ რომელიც მნიშვნელოვანია ამ სამუშაოსთვის?
· რას
აკეთებთ თავისუფალ დროს?
· როგორ უმკლავდებით სტრესს?
· რა გაძლევს მოტივაციას?
· მომიყევით იმ პერიოდის შესახებ, როცა რთული
პრობლემა მოაგვარეთ
· მომიყევით მიზნის შესახებ, რომელსაც ვერ
მიაღწიეთ
· რა იყო თქვენი პასუხისმგებლობა
თქვენს ბოლო სამუშაოზე?
· რა არის თქვენი ყველაზე დიდი
მიღწევა? რა
არის თქვენი განსაკუთრებული პროფესიული მიღწევა?
· როგორია თქვენი იდეალური სამუშაო
გარემო?
· კვირაში რამდენ საათს მუშაობთ ჩვეულებრივ?
· რომელი წიგნი წაიკითხეთ ბოლოს?
· რა არ მოგეწონათ თქვენს ბოლო
სამსახურში?
· აღწერეთ საკუთარი თავი სამი სიტყვით
· რა არის თქვენთვის წარმატება და როგორ განსაზღვრავთ
წარმატებას?
· როგორ უმკლავდებით კრიტიკას?
· მითხარი რაღაც შენს შესახებ, რაც არ
არის შენს რეზიუმეში
· მითხარით
სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც გინდათ რომ თქვენს მომავალ სამსახურში იყოს?
· როგორ დაგახასიათებდათ თქვენი
წინა უფროსი? ან რა
ნეგატიურს იტყოდა თქვენზე?
· როგორ
დაგახასიათებდნენ თქვენი თანამშრომლები? /
როგორ აღგწერდნენ შენი მეგობრები?
· რას შეცვლიდით საკუთარ თავში?
· გუნდურად მუშაობა გირჩევნიათ თუ ინდივიდუალურად?
· შეგიძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა?
· რატომ აირჩიე შენი სპეციალობა?
· როგორ ინარჩუნებთ ორიენტირებულობას?
· არ ფიქრობთ, რომ ზედმეტად
კვალიფიცირებული ხართ ამ თანამდებობაზე?
· როგორ უმკლავდებით კონფლიქტს
სამსახურში?
· რა ჰქვია ჩვენს აღმასრულებელ
დირექტორს /
უფროსს / ხელმძღვანელს?
· რა გააკეთეთ ამ ინტერვიუსთვის
მოსამზადებლად?
· რატომ გსურთ იმუშაოთ საჯარო / კერძო
სექტორში?
· სამსახურის
არჩევისას რას ანიჭებთ უპირატესობას?
· თვლით
თავს წარმატებულ ადამიანად?
გასაუბრების უხერხული კითხვები -
დისკომფორტი დასაწყისშივე
· დაოჯახებული
ხართ? / აპირებთ ოჯახის შექმნას?
· შვილის
გაჩენას აპირებთ? / მეორე შვილის გაჩენას აპირებთ?
· რამდენად
მისაღებია თქვენთვის მამაკაცი მეგობრის ყოლა? და ა.შ.
გახსოვდეთ რომ გასაუბრებაზე შექმნილი
დისკომფორტი სულ გექნებათ სამსახურში და სექსუალური შევიწროების მსხვერპლიც კი
შეიძლება გახდეთ ასეთი კითხვების შემდგომ...
და ბოლოს, პროფესიონალი გუნდი,
არასოდეს შექმნის გასაუბრებაზე დაძაბულ გარემოს, პროფესიონალები, რომლებიც
რეალურად მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კადრს ეძებენ ყოველთვის ქმნიან
გარემოს სადაც კანდიდატს შუძლია თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამომჟღავნება!
პ.ს. ასევე თვალი გადაავლეთ
უცნაურ კითხვებს რომლებსაც
გამსაუბრებლები ხშირად სვამენ და იყავით მზად მოულოდნელობებისათვის...
ავტორი: მარიამ ისპირიანი