როგორ დაიწყო აფხაზეთში ომი ? ნაწილი I

0
საქართველოს უახლესი ისტორიის თარიღთაგან 14 აგვისტო გამორჩეულია. ოღონდ არა იმიტომ, თითქოს ამ დღემ რაიმე თვალსაზრისით განსაზღვრა პროცესი - უბრალოდ, 14 აგვისტოს მოხდა კონცენტრაცია ყველა იმ პრობლემისა, რომელიც წვეთ-წვეთად გროვდებოდა სხვადასხვა «მიმართულებიდან» თვეების, წლებისა და ათწლეულების განმავლობაში. აფხაზეთში ომიც ქართული სახელმწიფოს «ჭეშმარიტების მომენტი» გახდა და საბოლოოდ გამოავლინა ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოებრიობის შინაგანი, სისტემური სისუსტე. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ სუბიექტურ მიზეზებზე (თუმცა ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ რასაკვირველია), ომს აფხაზეთში ძალიან ღრმა ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ხოლო 1988-1989 წლების მოვლენათა შემდეგ იგი აბსოლუტურად გარდაუვალი გახდა. გაეროში გაწევრების მიუხედავად, ვითარება ქვეყანაში კვლავინდებურად დაძაბული და ფეთქებადსაშიში რჩებოდა. ზვიადისტთა აქტივობამ (თბილისსა და სამეგრელოში) პერმანენტული ხასიათი შეიძინა. გროზნოში თავშეფარებულ გამსახურდიას, რასაკვირველია, აღარაფერი ახსოვდა პირადი წყენისა და შურისძიების გარდა. ედუარდ შევარდნაძისადმი სიძულვილი მის პიროვნულ ძალებს აათმაგებდა. არადა, საქართველოს პირველი პრეზიდენტი იმ დროს უკვე არა მხოლოდ ფიზიკურად (სამხედრო თვალსაზრისით), არამედ პოლიტიკურადაც დამარცხებული იყო. თუმცა მას და მის მომხრეებს მარცხთან შერიგება არაფრით სურდათ. ლოთი ქობალიას მებრძოლებმა ხელისუფლების წარმომადგენელთა გატაცება დაიწყეს. სხვადასხვა დროს გაიტაცეს გია ყარყარაშვილი, რომან გვენცაძე, სანდრო კავსაძე. ვითარება სამეგრელოში სრულიად უმართავი იყო. არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ სოხუმშიც იმართებოდა მრავალათასიანი მიტინგები. შექმნილი ვითარებით ბრწყინვალედ ისარგებლა ვლადისლავ არძინბამ. სწორედ მაშინ გამოვლინდა პირველად მისი განსაკუთრებული გაიძვერობა ანუ უდავო პოლიტიკური ნიჭი: ზვიადისტებთან შეხვედრისას არძინბა ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს თანაუგრძნობდა «კანონიერ პრეზიდენტს», გმობდა «შევარდნაძის ხუნტას» - მისი «არაკანონიერების» გამო. ამავე დროს, შევარდნაძე-იოსელიან-სიგუა-კიტოვანის ხელისუფლებასაც ოსტატურად ეთამაშებოდა და ყოველნაირად ცდილობდა მისთვისაც ეგრძნობინებინა, რომ შესაძლებელი იყო ალიანსი «ზვიადიზმის წინააღმდეგ». სინამდვილეში, რასაკვირველია, ვლადისლავ არძინბას «ზვიადისტებიც», «ანტიზვიადისტებიც», შევარდნაძის მომხრეებიც, გამსახურდიას მიმდევრებიც, ისევე, როგორც ყველა ქართველი, ერთნაირად სძულდა და ეზიზღებოდა. უბრალოდ, მან მიიღო შანსი, გამოეყენებინა საქართველოს შიდა პრობლემები საკუთარი სეპარატისტული მიზნების განსახორციელებლად და ამ შანსით ბრწყინვალედ ისარგებლა. 24 ივნისს, სწორედ იმ დღეს, როცა ზვიადისტებმა «გადმოტრიალება» სცადეს და ტელევიზიის შენობა აიღეს, არძინბამ უბრძანა აფხაზურ ფორმირებებს, დაეკავებინათ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა. გივი ლომინაძე კაბინეტიდან გააძევეს და ფიზიკური შეურაცყოფაც მიაყენეს. არძინბამ ოსტატურად გამოიყენა საქართველოში მიმდინარე მოვლენათა პოლიტიკური ასპექტიც. როგორც მოგახსენეთ, საქართველოს «დემოკრატიული რესპუბლიკის» 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენას მან უპასუხა საბჭოთა აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენით. რომლითაც აფხაზეთი, თუმცა «საბჭოთა», მაგრამ (რაც მთავარია) საქართველოსაგან იურიდიულად გამიჯნული იყო. სეპარატისტებმა უმალვე დაარღვიეს ზვიად გამსახურდიასთან მიღწეული დროებითი შეთანხმება (ტაქტიკური კომპრომისი) და მინისტრთა დანიშვნა აფხაზური უმაღლესი საბჭოს ქართული დეპუტაციის თანხმობის გარეშე დაიწყეს. ამათაც უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს სხდომების წამდაუწუმ დემონსტრაციულად დატოვების გარდა. არძინბა ყოველნაირად ცდილობდა (ახერხებდა კიდეც) ორივე დაპირისპირებული ქართული მხარისათვის მიეცა არგუმენტი ერთმანეთის წინააღმდეგ: ზვიადისტები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ აფხაზეთი კანონიერი ხელისუფლების დამხობის გამო იკარგებოდა. ახალი ხელისუფლება და მისი მხარდამჭერებიც არძინბას გათავხედებას (ასევე არც თუ უსაფუძვლოდ) ზვიადისტთა აქტივობას უკავშირებდნენ. სულ სხვა ელფერი შეიძინა აგრეთვე გამსახურდია-არძინბას ადრინდელმა კომპრომისმა - აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში «ქვოტირებული არჩევნების» შესახებ, რის შესაბამისადაც ქართველებმა 26 მანდატი მიიღეს, აფახებმა 28, ხოლო სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებმა - 11. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ისე მარტივად არ არის საქმე, როგორც ზოგიერთს სურს წარმოადგინოს. იმ ხალხს, ვინც დღემდე გაიძახის: «გამსახურდიამ და პროფესორმა ლევან ალექსიძემ აფხაზეთში ქართულ უმრავლესობას აფხაზებზე ნაკლები მანდატი მიაკუთვნესო» და ამაში ხედავს პრობლემის საწყისს, ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებ, რომ აფხაზეთში ქართული მოსახლეობა უმრავლესობას არ წარმოადგენდა! იგი უმრავლესობა (43 პროცენტი) იყო აფხაზებთან (18 პროცენტი) შედარებით, მაგრამ უმცირესობა - მთელს «რუსულენოვან მოსახლეობასთან» შეფარდებით. აფხაზები, რუსები, ბერძნები და სომხები, სხვა ხალხთა რუსულენოვან წარმომადგენლებთან ერთად საკმაოდ კონსოლიდირებულად მოქმედებდნენ, რაც დაადასტურა 1991 წლის მარტის სსრკ რეფერენდუმმა. შეგახსენებთ, რომ იმ რეფერენდუმზე, აფხაზეთის მოსახლეობის რუსულენოვანმა უმრავლესობამ ერთსულოვნად ხმა მისცა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას. ანუ შეფარდება სინამდვილეში იყო 43 - 57-თან. თუ არჩევნები აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ყოველგვარი ქვოტირების გარეშე ჩატარდებოდა, მაშინ (ვთქვათ) 100 სადეპუტატო მანდატიდან ქართველებს ერგებოდათ 43, ხოლო რუსულენოვან მოსახლეობას 57. დაახლოებით ასეთი შეფარდება არსებობდა საბჭოთა პერიოდის აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში. ოღონდ ამ შემთხვევაში, აფხაზეთის ქართული თემის წარმომადგენლებს უმაღლეს საბჭოში საქმე ექნებოდა არა აფხაზურ, არამედ რუსულენოვან უმრავლესობასთან, რომელთან კომპრომისიც (საბჭოთა კავშირის არსებობისა და საქართველოში იმ დროინდელი ვითარების გათვალისწინებით), ეროვნული ხელისუფლების მესვეურებს უფრო ნაკლებრეალურად მიაჩნდათ ვიდრე აფახაზებთან. მით უმეტეს ე.წ. «კავკასიური ერთობის» იდეის გათვალისწინებით, რის გამოც, თურმე «სჯობს აფხაზებთან გვქონდეს საქმე, ვიდრე კრემლის მიერ შექმნილ ინტერნაციონალურ ფრონტთან». სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ეს არ იყო მხოლოდ გამსახურდიასათვის ან მისი იმდროინდელი გარემოცვისათვის დამახასიათებელი ილუზია. თავის მხრივ, აფხაზურმა მხარემაც ისარგებლა ამ ილუზიით, ვინაიდან მათ, რასაკვირველია ერჩივნათ თავად, დამოუკიდებლად შეექმნათ უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში, ვიდრე «რუსულენოვანი უმრავლესობის» შემადგენლობაში. 1992 წლის ვითარების კონტექსტში კი არძინბამ (მისი არჩევის მხარდაჭერაც იმავე «კავკასიური იდეის» გამოვლინება იყო – პარტიულ ფუნქციონერს მაინც აჯობებსო) კომპრომისი უკვე მთლიანად თავის სასარგებლოდ შეატრიალა (მაშასადამე, მასში ობიექტურად მაინც იდო ამის შესაძლებლობა) და უმრავლესობა ცალმხრივი გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენა. გავიხსენოთ, რა ეშმაკურად მოქმედებდა არძინბა - ქართული დეპუტაციის თანხმობის გარეშე იგი მხოლოდ «მოვალეობის შემსრულებლად» ნიშნავდა მინისტრებად აფხაზური ეროვნების წარმომადგენლებს. პრემიერ მინისტრად კი დანიშნა გარუსებული ზარანდია, რომელიც ქართველად ძნელად თუ მიიჩნეოდა, მაგრამ ფორმალურად, შეთანხმება (უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე - აფხაზი, მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე - ქართველი) არ დარღვეულა. სტატიის ავტორი : ნიკა იმნაიშვილი
#სოხუმი
#აფხაზეთი
#ომი
#რუსეთი
#პოლიტიკა
#sokhumidaily
0