როდის ჩატარდება Tbilisi open air - ორგანიზატორების განცხადება

0
ფესტივალი Tbilisi open air წელს აღარ ჩატარდება. ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორები, განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებენ და ფესტივალის ახალ თარიღად 2021 წლის 25-26-27 ივნისს ასახელებენ. „ალბათ, ყველა თქვენგანმა, ვინც წლებია „ოფენ ეარზე“ დადიხართ, იცით, თუ როგორ გვიმძიმს ახლა და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ამჯერად უკვე დარწმუნებით გვიწევს, გითხრათ, რომ 2020 წელი Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის. ჩვენი ფესტივალის დაარსების დღიდან მოყოლებული, ამ 11 წლის განმავლობაში, Tbilisi Open Air-ისთვის თითქმის არცერთი წელი ყოფილა სირთულეებისა და გამოწვევების გარეშე. მეტიც, რამდეჯერმე ფესტივალის ჩატარება-არჩატარების საკითხიც კი დამდგარა. ყოველ წელს ჩვენ ამ სირთულეებზე თქვენთან ერთად ვიმარჯვებდით და წინ მივიწევდით. სამწუხაროდ, 2020 წელი უკვე ნამდვილად აღარ გვაძლევს იმის საშუალებას, ვიყოთ ისეთი თავისუფლები, როგორებიც ყოველწლიურად ვართ ხოლმე Tbilisi Open Air-ზე. ეს შეგრძნება თავისუფლებისა ჩვენს ცნობიერებაში Music Breaks Free სლოგანადაა ამოტვიფრული და არნახულ ძალასა და სტიმულს გვაძლევს. როდესაც ყოველ წელს თქვენთან ერთად სცენის წინ ვდგავართ, ვხვდებით, რომ უამრავი სირთულის მიუხედავად, ამ საქმეს თავს ვერასდროს დავანებებთ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ, ფესტივალის ორგანიზატორები, უამრავ ადამიანთან ერთად ვცდილობდით, გვეპოვა გზა, რომლის საშუალებითაც ამ გადაწყვეტილების მიღება აღარ მოგვიწევდა. ვეცნობოდით ყველა მასალას და პროგნოზს, ვამუშავებდით ადგილობრივ და გლობალურ რეგულაციებს, ვაწარმოებდით კონსულტაციებსა და აზრთა გაცვლა-გამოცვლას ადგილობრივი და უცხოური ფესტივალების წარმომადგენლებთან, ვესაუბრებოდით ჩვენს არტისტებსა და კოლეგებს. მიგვაჩნია, რომ თქვენს უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ფესტივალის დამსწრეები, ჩვენი არტისტები, პარტნიორები, სპონსორები, ვენდორები, სტაფი, მოხალისეები და მთელი ის უზარმაზარი ჩემპიონთა ოჯახი, რომლის ერთობაც ქმნის ფესტივალს - ბუნებრივია, ჩვენთვის პრიორიტეტი სწორედ ამ ადამიანების დაცვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. უკვე აშკარაა, რომ მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები არ გვაძლევს იმის საშუალებას, ამ ადამიანებს ის უსაფრთხოების გარანტია მივცეთ, რომელიც დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალს მშვიდად და აუღელვებლად ჩაგვატარებინებს, თუნდაც შემოდგომაზე. დედამიწის თითქმის ყველა წერტილში წელს დაგეგმილი დაახლოებით 2 000 ფესტივალიდან 1 900-ზე მეტი უკვე გაუქმდა ან გადაიდო. სამწუხაროდ, გამონაკლისი ვერც ჩვენ ვიქნებით.
0