თენგიზ კიტოვანი და 90-იანების საქართველო

0
თენგიზ კიტოვანი 1938 წლის 9 ივნისს დაიბადა. პროფესიით ხელოვანი, იყო თავდაცვის მინისტრობის კანდიდატიც, დეპუტატიც. სახელისუფლებო მანდატით "ვერ დაკმაყოფილებული" სათავეში ჩაუდგა არაერთ ამბოხსა და გადატრიალებას, სწორედ მან და მისმა დანაშაულებრივმა ორგანიზაციამ "მხედრიონი" მიიღეს მონაწილეობა საქართველოს პირველი ლეგიტიმური პრეზიდენტის დამხობაში. კიტოვანი ნაციონალურ პოლიტიკაში 1990 წელს შევიდა, ამავე წელს, იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ზვიად გამსახურდიასთან, რის შედეგადაც იგი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი გახდა. თავდაპირველად გამსახურდიამ შექმნა ნაციონალური გვარდია და მის ხელმძღვანელად თენგიზ კიტოვანი დანიშნა, თუმცა სულ მალე, იგი თანამდებობიდან "გადააყენეს", რის შემდეგაც ამ ორ პიროვნებას შორის გაჩნდა დაუსრულებელი კონფლიქტი. ამ დროს კიტოვანმა არ დააყოვნა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის გავლენით გამსახურდია ცდილობდა შეესუსტებინა ნაციონალური გვარდია, თუმცა ამის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი არ ჰქონია, სწორედ ამიტომ საზოგადოებაში მან ვერ მოახდინა ის ეფექტი, რომელსაც ელოდა. ამ დროს კიტოვანმა, თავის დაჯგუფებასთან ერთად დატოვა თბილისი და გადავიდა რკონში. გამსახურდიას ამ პერიოდში, კიტოვანის, იოსელიანისა და სიგუას სახით დაუძინებელი მტრები გაუჩნდა, სწორედ ამ სამმა დაგეგმა პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულების თეორია, რის შედეგადაც თბილისში დაიწყო ომი, გადატრიალება, ქაოსი, დაემხო ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომელსაც ქვეყნიდან წასვლა მოუწია. ამ დროს ჩნდება შევარდნაძე, თუმცა ვერც მას შეეგუა "სამთა კავშირი". აღსანიშნავია, რომ შევარდნაძემ ამ სამიდან ორი დააკავა, თუმცა სიგუა თავისუფლად დაიარებოდა, თანაც უმაღლესი პოლიტიკური პოსტი ეკავა. ამბობენ, რომ შევარდნაძე-სიგუას შორის კონსპირაციული თეორია არსებობდა, თუმცა ამას შემდეგ სტატიაში განვიხილავთ. თავდაპირველად, ერთი მოსაზრების მიხედვით, შევარდნაძე გეგმავდა, რომ კიტოვანი თავდაცვის მინისტრი გაეხადა, თუმცა აფხაზეთის ომის პერიოდში, მის მიმართ გაჩნდა უნდობლობა. ამბობდნენ, რომ კიტოვანს მეორედ უნდოდა ქვეყანაში გადატრიალება მოეხდინა, სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა მას გვერდი აუარა. 1995 წლის 13 იანვარს, კიტოვანმა, თავისი ძველი "თანამებრძოლების" მეშვეობით მოაგროვა 700 კაციანი ჯარი და გაემართა შტურმით აფხაზეთისაკენ. მათი ლოკალიზება და განიარაღება პოლიციამ დროულად შეძლო, რის შემდეგაც, შევარდნაძეს ხელში ჩაუვარდა ფანტასტიური შანსი თავიდან მოეშორებინა და დაეჭირა კიტოვანი. მას სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა, თუმცა პრეზიდენტმა იგი მალევე, გაუარესებული ჯანმრთელობის გამო შეიწყალა. ამის შემდეგ, 2000 წლის დასაწყისიდან კიტოვანი მოსკოვში ცხოვრობდა, საიდანაც იგი საკმაოდ სკანდალურ განცხადებებს ავრცელებდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობის შესახებ, იგი მას ჰომოსექსუალობაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ჟურნალისტი გიორგი სანაია სწორედ მის მიერ იყო მოკლული. ამავე წელს, მან შევარდნაძე კახი ასათიანის მკვლელობაში დაადანაშაულა. კიტოვანი საქართველოში 2012 წელს, საკმაოდ პათეტიკური განცხადებებით დაბრუნდა. სოციალურ ქსელში მას როგორც არამზადას ისე მოიხსენიებენ, ვრცელდება ვიდეოები, სადაც რუსეთის მოქალაქეების მას ლანძღავენ და აფხაზეთის ომში ადანაშაულებენ. ისტორია და საზოგადოება მას დადებითად არ ახასიათებს ყველა იმ ჩადენილი დანაშაულის გამო, რაც მას საქართველოს და მის თითოეული მოქალაქის წინაშე მიუძღვის.
0