რა ნაბიჯები უნდა გაიაროს მეწარმემ პროგრამა „აწარმოე საქართველოში-ს“ ფარგლებში დაფინანსების მისაღებად

0
სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა პროექტის ფარგლებში მოქმედი და ახალი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია გამართა და დეტალურად ახსნა რა ნაბიჯები უნდა გაიაროს მეწარმემ დაფინანსების მისაღებად. „პირველი ნაბიჯი, რომელიც მეწარმემ უნდა გაიაროს - მისი ბიზნეს საქმიანობის საერთაშორისო კოდი იპოვოს. თუ მან იცის ეს კოდი, ამ შემთხვევაში გვიკავშირდება ჩვენ, სააგენტოს სხვადასხვა კომუნიკაციური არხით, სადაც უბრალოდ გვეკითხება: „არის თუ არა ეს საქმიანობა თქვენი დაფინანსების ნუსხაში“. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ იცით კოდი, უკავშირდებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, სადაც აუხსნით რა ბიზნეს საქმიანობაზეა საუბარი და ისინი უკვე პირდაპირ კოდს გეტყვიან, რის შემდეგადაც იწყება ჩქარი და გამჭვირვალე პროცესი“, - განმარტა ხიდურელმა. მისივე თქმით, კოდის გარკვევის შემდეგ მეწარმემ უნდა მიმართოს ბანკს, მერე კი სესხის დამტკიცებისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარადგინოს. პარალელურად მან უნდა დააფიქსიროს, რომ „აწარმოე საქართველოშის“ პროგრამებში აპირებს მონაწილეობას და შემდეგ დაელოდოს ბანკის და სააგენტოს გადაწყვეტილებას. ბანკი საჭირო დოკუმენტაციას აგზავნის სააგენტოში, რომელშიც მონაცემებს საჭირო კრიტერიუმებს ადარებენ და დადებითი პასუხის შემთხვევაში ბენეფიციარი და სააგენტო ხელშეკრულებას აფორმებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალ სესხებზე მთავრობა 90%-იანი გარანტიით შედის. არსებულ სესხებზე კი მთავრობა 30%-ით შევა.
0