40%-ისთვის ტურიზმი შემოსავლის ერთადერთი წყაროა - გამოკითხვა

0
სასტუმროებში, რესტორნებში დასაქმებულები, გესტჰაუსების მეპატრონეები, გიდები და ა.შ. - აჭარაში სულ 65 პირი გამოკითხეს ტურიზმის სექტორზე პანდემიის გავლენის დასადგენად. გამოკითხულთა 49, 2 %-სთვის ტურიზმი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, 47, 7%-ისთვის კი – დამატებით, მაგრამ მნიშვნელოვანი წყარო, ხოლო დანარჩენისთვის ტურიზმი შემოსავლის დამატებითი, თუმცა უმნიშვნელო წყაროა. გამოკითხულთა 50, 8% ტურიზმში შეფერხებების შემდეგ დარჩა ყველანაირი შემოსავლის გარეშე და პანდემიამ ძალიან ცუდად იმოქმედა მათ შემოსავლებზე. 41, 5 პროცენტი ამბობს, რომ პანდემია ფინანსური კუთხით მათზე ცუდად აისახა და მხოლოდ 7, 7 პროცენტზე პანდემიას არ უმოქმედია ფინანსურად. ტურიზმის გარდა ალტერნატიული შემოსავალი გამოკითხულთა მხოლოდ 10, 8%-ს აღმოაჩნდა, 40%-ს არ აქვს არანაირი სხვა ალტერნატიული წყარო, 49, 2% ამბობს, რომ აქვს მინიმალური ალტერნატიული შემოსავალი. კვლევაში მოცემულია გამოკითხულთა რეკომენდაციებიც, თუ რა ტიპის მხარდაჭერაა საჭირო მათთვის სახელმწიფოს მხრიდან და რა ნაბიჯები იქნებოდა ეფექტური შიდა ტურიზმის გააქტიურებისთვის. მათ შორისაა: რესტორნების/კაფეების/მცირე სასტუმროებისთვის – უსაფრთხოების ზომებისთვის საჭირო მოწყობილობის და სადეზინფექციო მასალების გარკვეული ნაწილის სუბსიდირება (მაგ: 30-40 %); ქვეყნის ეკო/აგრო ტურისტული ადგილების აქტიური რეკლამირება/პრომოუშენი; გიდების დროებითი დასაქმების ხელშეწყობა ალტერნატიულ სექტორში; ფასდაკლებების კვირეული და შესაბამისი ღონისძიებები რეგიონების მიხედვით; ტურისტულ ატრაქციებზე ფასდაკლებების შეთავაზება – მაგ: სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ ობიექტებზე – მუზეუმები, ბოტანიკური ბაღი და ა.შ.; შეიქმნას კერძო სექტორში დასაქმებულების (ასევე თვითდასაქმებულების) ბაზა, რომ მოხდეს მათი დახმარება, ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში შეთავაზება და ა.შ. გამოკითხვა განხორციელდა აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის (TIFA) ეგიდით და „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის“ (IBDIPC) ჩართულობით.
0