ამირან გამყრელიძე - ცუდი ნიშანია, რომ ქალაქში, ძაღლებში ცოფი გამოჩნდა

0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ უცნობი ძაღლის მიერ გაკაწვრის შემთხვევაში მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს. როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ადამიანი მხოლოდ მაშინ უნდა აიცრას, როცა ის დაიკბინება ან დაიდორბლება უცნობი ცხოველის მიერ. ამასთან, როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ცოფის ვაქცინას, წინასწარ, პრევენციული დანიშნულება არ აქვს. მისივე თქმით, საჭიროა შინაური ცხოველების აცრა და ეს კულტურა უნდა დაინერგოს ქვეყანაში. „ცოფი არის ერთადერთი დაავადება, რომელიც 100%-ით არის სასიკვდილო. ჯერჯერობით, კაცობრიობამ ცოფის საწინააღმდეგოდ ვერც ერთი წამალი ვერ გამოიგონა. ცოფი თუ განვითარდა ადამიანში, სამწუხაროდ, ვერაფერს ვერ უშველით. ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა, რაც კაცობრიობის და მედიცინის ისტორიაში არის, არის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა. ცოფი უკვე აღარ აწუხებს ცივილიზებულ სამყაროს, ცოფი აწუხებს განვითარებად ქვეყნებს. ჩვენ სერიოზული ნაბიჯები გადავდგით. 2014 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აცრა მაქსიმალურად მიუსაფარი ძაღლები და ყოველწლიურად საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხა იხარჯება ე.წ. პოსტექსპოზიციურ ვაქცინაციაზე. ანუ როცა დაკბენს, გაკაწრავს ნებისმიერი ძაღლი ადამიანს, ხდება ვაქცინაცია ადამიანის. 2015, 2016, 2017- ეს სამი წელი ცოფის შემთხვევა ადამიანში არ გვქონია და ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა. 2018 წელს იყო 2 შემთხვევა, აქედან ერთი იყო ჩვენ მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, რის შემდეგაც აფხაზეთს ჩვენ ვაქცინებით დავეხმარეთ და 2019 წელს ერთი შემთხვევა გვქონდა, ისიც არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან. წელს ჯერჯერობით არ გვაქვს ადამიანში ცოფის შემთხვევები, მაგრამ ცუდი ნიშანია, რაც გამოჩნდა რომ ქალაქში, ძაღლებში გამოჩნდა ცოფი. მე ბევრჯერ მოვუწოდე და კიდევ მოვუწოდებთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს, მაწანწალა ძაღლებთან დაკავშირებით. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააქტიუროს კვლევები და აცრები. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ უცნობი ძაღლის მიერ გაკაწვრის შემთხვევაში მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს. ყველაზე მეტი აცრა მოდის ხოლმე პატრონიან ძაღლებზე. საჭიროა შინაური ცხოველების აცრა და ეს კულტურა უნდა დაინერგოს ქვეყანაში, " - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, ცოფის აცრა არ არის ისეთი აცრა, რომელიც წინასწარ უნდა გაკეთდეს მეტი ეფექტიანობისთვის. „პრევენციულად ცოფის წინააღმდეგ ის ადამიანები იცრებიან, რომელთაც მუდმივად აქვთ ცხოველებთან შეხება. მაგალითად ზოოპარკის თანამშრომლები, მონადირეები და ა.შ. უნდა აიცრას ადამიანი მხოლოდ მაშინ, როცა ის დაიკბინება ან დაიდორბლება უცნობი ცხოველის მიერ. ამასთან, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივ ძაღლებთან დაკავშირებით უნდა გააძლიერონ შესაბამისი ღონისძიებები. არსებობს იზოლატორები ძაღლების, სადაც ამ მაწანწალა ძაღლებს უვლიან და ქუჩაში ე.წ.მაწანწალა ძაღლები არ უნდა დადიოდნენ, იმიტომ, რომ ისინი მოქალაქეებისთვის საშიშები არიან. ადამიანებმა, რომლებსაც ძაღლები ჰყავთ, არ უნდა გამოიყვანონ ისინი პირის დამცავის გარეშე. არ უნდა გავაღიზიანოთ ძაღლები. ძაღლი საშიშია მხოლოდ მაშინ თუ დაუზიანა ადამიანს კანი, " - განაცხადა გამყრელიძემ.
0