რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების საპირწონედ აშშ-პოლონეთის ურთიერთობები ღრმავდება

0
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა პირველი უცხოელი ლიდერი გახდა, რომელიც კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ორივე ქვეყნის პირველ პირთა განცხადებით, ისინი მოუთმენლად ელიან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას. პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი შეერთებულ შტატებში, მის წინასაარჩევნო კამპანიას დაემთხვა - მიმდინარე კვირას ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. დუდასა და ტრამპს შორის მჭიდრო ურთიერთობები არსებობს - ისინი პირისპირ უკვე 5-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ზემოხსენებული თავდაცვის შეთანხმება პოლონეთში კიდევ უფრო მეტი რაოდენობის ამერიკული ჯარის გაგზავნას ითვალისწინებს, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ნატო-ს ორ მოკავშირე ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, რუსული აგრესიის საპირწონედ. “ვფიქრობ ეს შეთანხმება მტკიცე გზავნილია რუსეთისთვის”, - განაცხადა დონალდ ტრამპმა დუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მან ევროპული ქვეყნები რუსული ენერგოპროდუქციის შეძენის გამო გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან გერმანიაში დისლოცირებული ამერიკული ჯარები შესაძლოა პოლონეთში გადაისროლოს. შეერთებული შტატების ლიდერს გერმანიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა სურს, რადგან მათ განსათავსებლად საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი დაიხარჯა, საპასუხოდ გერმანია კი რუსული ენერგოპროდუქტების ყიდვას აგრძელებს. “ვგეგმავთ ჩვენი შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებას გერმანიაში. ზოგი შინ დაბრუნდება, ზოგი სხვა ადგილებში გადაინაცვლებს. ოფიციალური ბერლინი მილიარდობით დოლარს იხდის, რუსეთიდან, მილსადენის გამოყენებით, ენერგოპროდუქციის მისაღებად. საპასუხოდ აშშ მათ რუსული აგრესიისგან იცავს. აღნიშნული ვფიქრობ არ არის მართებული”, - დაამატა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ოფიციალური ვაშინგტონი რუსული მილსადენის Nord Stream 2-ის პროექტს ეწინააღმდეგება, რომლის გამოყენებით რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გაორმაგდება და საპასუხოდ, უკრაინისთვის გაზის მიწოდება შემცირდება. ტრამპის გადაწყვეტილებას ნეგატიურად შეხვდნენ აშშ-ის საკანონომდებლო ორგანოში. არაერთი კონგრესმენის განცხადებით, ჯარების რაოდენობის შემცირება შეაფერხებს ნატო-ს შესაძლებლობას, შეაჩეროს რუსული აგრესია. მიმდინარე თვის დასაწყისში წარმომადგენელთა პალატის 20-ზე მეტმა წევრმა, წერილით მიმართა თეთრ სახლს, გადაიხედოს თავდაპირველი გადაწყვეტილება. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #USA #Poland #Trump #Duda #bilateral #meeting #interworld
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0