როდიდან შეძლებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათის ამობეჭდვას?

0
აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებსა და მაგისტრობის კანდიდატებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა 27 ივნისიდან შეეძლებათ. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ამისთვის საჭიროა, ისინი შევიდნენ ცენტრის ვებგვერდის -online.naec.ge- პირად გვერდზე (სადაც ირჩევენ გამოცდებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს), უნდა გამოიყენონ ღილაკი – „დაბეჭდეთ ბარათი“. ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად იქნება აბიტურიენტების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისა და მაგისტრობის კანდიდატთა საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. ბარათზე მითითებული იქნება: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა გამოსაცდელმა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მოცემულ ინფორმაციას და აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ გამოსაცდელი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე არ დაიშვება. საგამოცდო ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. დღეიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge ხელმისაწვდომი იქნება ასევე მასწავლებლობის მსურველებისათვის ტესტირების განრიგი.
0