ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

0
წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, წინანდლის ულამაზესი ბაღი და მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი. მდებაორებს კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინანდალში. წინანდლის სასახლე ეკუთვნოდა გარსევან ჭავჭავაძეს – მეფე ერეკლე II-ის დროს საქართველოს სრულუფლებიან ელჩს რუსეთში. სასახლე მემკვიდრეობით მის ერთადერთ ვაჟს – ალექსანდრე ჭავჭავაძეს გადაეცა, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელს, პოეტს და საზოგადო მოღვაწეს. წინანდლის ჭავჭავაძეების სასახლის დღემდე შემონახული შენობა 1886 წელს აშენდა და ამჟამად ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს წარმოადგენს. იქ დაცულია ჭავჭავაძეების ოჯახის წევრების პირადი ნივთები, მე-19 საუკუნის სხვადასხვა სახის გამოცემები, მე-18 საუკუნის ხელნაწერები, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები, ფერწერული და ლითოგრაფიული ნიმუშები, მე-18-მე-19 საუკუნეების ქართული, რუსული და ფრანგული ავეჯი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის - ჩინური, იაპონური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ქართული და რუსული ჭურჭელი მუსიკალურ ინსტრუმენტებთან ერთად. წინანდლის დეკორატიული ბაღი საქართველოში პირველი ევროპული ტიპის სარეკრეაციო ზონაა, პარკი 18 ჰექტარს იკავებს. ალექსანდრე ჭავჭავაძემ მის გასაშენებლად ევროპელი ლანდშაფტის არქიტექტორები ჩამოიყვანა. ეგზოტიკური ჯიშებისა და დაგეგმარების მხრივ ის უნიკალურია. პარკში ასევე ჩინეთიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან, ხმელთაშუა ზღვის და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილ ეგზოტიკურ მცენარეებსაც შეხვდებით. წინანდლის ბაღში ნახავთ სიყვარულის ხეივანს. ლეგენდის თანახმად, თუკი წყვილი ამ ხეივანში თვალდახუჭული შეძლებს გავლას, მათი სიყვარული ბედნიერი იქნება. წინანდლის ღვინის საცავი - რომელიც მდებარეობს წინანდლის პარკის ტერიტორიაზე 1835 წელს აშენებული ერთ-ერთი პირველი მარანია საქართველოში, სადაც ბოთლში პირველად ჩამოისხა ქართული ღვინო. ალექსანდრე ჭავჭავაძე საქართველოს ისტორიაში პირველი ადამიანია, ვინც წინანდალში ევროპული წესით დამზადებული ქართული ღვინო ბოთლში ჩამოასხა და საქართველოში ევროპულად დამზადებული ღვინის წარმოებას ჩაუყარა საფუძველი. წინანდლის მარანში დაცულია სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმული ღვინის 16 500-მდე ბოთლი.
0