უცხოელ ტურისტებს წელს არ უნდა ველოდეთ?

0
პირველი ივლისიდან საქართველო უცხოელ ვიზიტორებს ვერ მიიღებს. ავიარეისების შეზღუდვა 31 ივლისამდე გაგრძელდა, თუმცა სფეროს წარმომადგენლები არც აგვისტოში ელიან უცხოელ დამსვენებლებს. როგორც ჩანს, წელს ზაფხულის სეზონი, შიგა ტურიზმის ამარა დარჩება და სრული კრახისთვისაა განწირული.  ინფორმაცია, რომელიც უკვე მინისტრებმა დაადასტურეს განსაკუთრებით მძიმე, ტურიზმის სექტორში დასაქმებულებისათვისაა, რომლებიც სამთავრობო რეგულაციების გამო, ისედაც გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ხელისუფლებას საერთაშორისო ტურიზმის გახსნა 1-ელ ივლისს ჰქონდა გაცხადებული, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პირდაპირ თქვა, რომ საერთაშორისო ვიზიტორების საკითხს ივლისის ბოლომდე ფრთხილად მოეკიდებიან.  „ჩვენ ტურიზმთან დაკავშირებით ამოვდივართ მოსახლეობის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის უფლების პრიორიტეტიდან. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა და აქედან გამომდინარე, ივლისშიც ძალიან ფრთხილად მოვეკიდებით საერთაშორისო ვიზიტორების და ტურისტების საკითხს. აქ იქნება რამდენიმე მიმართულება: ბიზნეს ვიზიტორებისთვის და სტუდენტებისთვის ცალკე წესი შემუშავდა და აქ იქნება უფრო დაცული რეგულაციები, მაგრამ უფრო გამარტივებული შემოსვლა ჩვენს ბაზარზე. ასევე ველოდებით ამ დღეებში, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რომელმაც ჯერჯერობოთ მხოლოდ საკუთარი წევრებისთვის გახსნა საზღვარი და ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას არაწევრ ქვეყნებთან მიმართებით; ანუ ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყნების ეპიდემილოგიურ ვითარებას და ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას", - განაცხადა ნათია თურნავამ. რაც შეეხება პირდაპირ ავიარეისებს ის კიდევ ერთი თვით გადაიდო და მთლიანად ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული საერთოდ აღდგება თუ არა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მგზავრთა საყურადღებოდ განცხადება გაავრცელა, სადაც ახალი დეტალებია გაწერილი: „გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით. ამის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით. გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე, გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით. აღნიშნულ ავიარეისებთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილი გახდება ფრენის ნებართვების მინიჭებისთანავე", - ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში. ავიარეისების გადადება რომ მოსალოდნელი იყო, პრემირის განცხადებებმა გახადა ნათელი. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შალვა ალავერდაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ სექტორი უმძმეს მდგომარეობაშია და ოთხმოცდაათიანი წლების ნიშნულს დაუბრუნდა.  , , პირველ აგვისტომდე რომ გადაიწევდა, ამისთვის შემზადებულები ვიყავით პრემიერის გაცხადებების შემდეგ.  ყველაფერი რომ ეპიდსიტუაციაზე იქნებოდა დამოკიდებული ვიცოდით და ისიც ცხადი გახდა, რომ დავუბრუნდით 1997-98 წლის მონაცემებს, ანუ გასული საუკუნის მდგომარეობას, როცა ტურიზმის ინდუსტრია ჩანასახის მდგომარეობაში იყო და ეს სექტორი იწყებოდა“, - განუცხადა "რეზონანსს" ალავედრდაშვილმა.  მოლოდინი მძიმეა, წელს მთელი ინდუსტრია მხოლოდ შიგა ტურიზმს დაეყრდნობა, რადგან რეისების გადავადების შესაძლებლობა 31 ივლისის შემდეგაც არსებობს. ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი, მარინა მეტრეველი პირდაპირ აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვერაფერს ამბობს და არც რაიმე პროგნო აქვს. პირდაპირი რეისების გადადება გონივრული ნაბიჯია, რადგან ქვეყნებმა, რომლებმაც ტურისტები მიიღეს, ეპიდსიტუაცია დაუმძიმდათ.  , , ჩვენი საქმიანობა პროგნოზის და ანალიზის გარეშე აზრს კარგავს. ამ ვითარებაში კი ყველანაირი პროგნოზის გაკეთება წარმუდგენელია, ყველაფერი პანდემიაზეა დამოკიდებული. რა აზრი აქვს საზღვრის გახსნას თუ ტურისტები არ იქნებიან? ვის უნდა ჩამოსვლა და ამ სიცხეში პირბადით სიარული ანდა ჰკითხეთ უნდათ ოჯახის წევრებს 2-მეტრიანი დისტანციით ხინკლის ჭამა?  სავარაუდოდ წელს ტურისტული სეზონი არ იქნება და ამაში უცნაური არც არაფერია. ვინც გახსნა საზღვრები ეპიდსიტუაცია ისე დაუმძიმდა, რომ ისევ დაკეტვა მოუწიათ. პრობლემა კი ის არის, რომ წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული, სისტემურად არასწორი პოლიტიკა ახლაც გრძელდება და ტურიზმი ვაქციეთ ეკონომიკის ხერხემლად. ახლაც ველოდებით, როდის მივიღებთ ტურისტებს, იმის ნაცვლად, რომ რამე გავიაზროთ და ისევ ტურისტების მოლოდინში არ ვიყოთ“, -აღნიშნა "რეზონანსთან" მეტრეველმა. ავიაციის სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით. წყარო: რეზონანსი
0