რატომ უნდა უთხრათ უარი Tick ​​Tock-ს?

0
წლებია, ინტერნეტზე და ელექტრონულ მოწყობილობებზე ადამიანების დამოკიდებულება იზრდება. იზრდება სოციალური ქსელების პლატფორმათა რაოდენობაც, ხშირად კი ჩვენი პირადი ინფორმაცია სრულიადაც არ არის დაცული და დიდი პრობლემის წინაშე სრულიად შემთხვევით შეიძლება აღმოვჩნდეთ.  სხვადასხვა ლამაზი შეფუთვის აპლიკაციები, სოციალური ქსელები თუ ვებგვერდები ხშირად გვართმევენ იმაზე მეტ ინფორმაციას, ვიდრე ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ გავცეთ, თუმცა შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამას ხშირად ჩვენი გაცნობიერების გარეშე, მაგრამ მაინც ჩვენივე თანხმობით აკეთებენ.  ხშირად, აპლიკაციის გადმოწერამდე ან სულაც, სოციალურ ქსელში დარეგისტრირებამდე ადამიანების უმრავლესობა არ ეცნობა წესებს, მოთხოვნებს, რომელიც ხშირად ათობით გვერდია ან წვრილი ასოებითაა დაწერილი.  თუმცა, ამ გაუაზრებელი ქმედებით შეიძლება რეალური საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ და ჩვენი პირადი ინფორმაცია რეალურად შეიძლება სრულადაც არ აღმოჩნდეს დაცული.  ბევრი კითხვის ნიშნები ისმება სოციალურ ქსელ ტიკ ტოკთან დაკავშირებით. პლატფორმა ჩინურია და ის თანდათანობით სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიო მასშტაბით. იზრდება "ტიკტოკელთა" რაოდენობა ისე, რომ ადამიანების დიდ ნაწილს გააზრებულიც კი არ აქვს, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდენ.  ამერიკის შეერთებულ შტატებში ტიკ-ტოკის მოხმარება ფედერალური სამსახურების თანამშრომლებს და თავად ამ სამსახურებს აკრძალული აქვთ. გადაწყვეტილება 2020 წლის დასაწყისში ამერიკელმა კანონმდებლებმა მიიღეს, ინიციატივას კანონის ფორმა მისცეს და დაამტკიცეს კიდეც. კანონის ინიციატორები სენატორი ჯოშ ჰაველი და რიკ სკოტი იყვნენ.  სენატორები ფიქრობენ, რომ ტიკ-ტოკში მომხმარებლების კონფიდენციალურობა და პირადი ინფორმაცია დაცული არ არის.  სენატორები ფიქრობენ, რომ სოციალური ქსელიდან მონაცემებს ჩინეთის მთავრობა იღებს და ამას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ის, რომ ეს რეალური საფრთხეა, ამას ადასტურებენ "ახალი ამერიკული უსაფრთხოების" ცენტრში. "როცა ვფიქრობ, ღირს თუ არა ამ აპლიკაციის გადმოწერა და რა საფრთხეს შეიცავს ის - მარტივია ეს გადაწყვეტილება, სულ რომ დამატებითი ინფორმაცია არ გქონდეს, რომ ეს აპლიკაცია სრულად კონტროლდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ, იმ ხელისუფლების მიერ, რომელიც მათსავე მოქალაქეებს ართმევს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ჩინეთში ადამიანებს "ფეისბუკზე" და "ტვიტერზე" წვდომასაც უზღუდავენ. ამ დროს, მარტივია როგორ შეიძლება დაიჯერო იმის, რომ მათ არ აქვთ კონტროლი ამ სოციალურ ქსელზე? რათქმაუნდა აქვთ და ამის ბევრი მაგალითი არსებობს, "- ამბობენ ცენტრ "ახალი ამერიკული უსაფრთხოების" წარმომადგენლები.  ტიკ-ტოკში კი ამბობენ, რომ ისინი სერიოზულად უყურებენ ადამიანების პირადი ინფორმაციის დაცვის საკითხს და ამ მხრივ, სისტემას გამუდმებით აუმჯობესებენ, უარყოფენ კავშირსაც ჩინეთის ხელისუფლებასთან, თუმცა ამის მიუხედავად, ძნელია იმის დაჯერება, რომ ეს სიმართლეა.  ტიკ-ტოკმა ცოტა ხნის წინ დიდი საკადრო ცვლილებები გაატარა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად ამერიკელი დანიშნა, ასევე ამერიკელი 58 წლის კევი მერი დაინიშნა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორადაც. ამ ცვლილებების მიუხედავად, სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს კითხვებს არ პასუხოს და არ აქარწყლებს იმ ბრალდებას, რომ ჩინეთის ხელისუფლება სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკიდან ადამიანების პირად ინფორმაციას იღებს. რეალურად, უსაფრთხოების სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ჩინეთი ამერიკელების მაღალ თანამდებობაზე დანიშვნით ცდილობს სოციალურ ქსელს იმიჯი შეუქმნას, რეალურად კი ქსელს სხვა პირები მართავენ.  არის, თუ არა უსაფრთხო ტიკ-ტოკზე ყოფნა, ამის შესახებ ევროპელებსაც აქვთ ბევრი კითხვის ნიშანი, რომელზეც ამ დრომდე პასუხები არ გაცემულა. პანდემიისა და სავაჭრო ომის ფონზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის კი ურთიერთობები კიდევ უფრო იძაბება. სპეციალისტთა ნაწილი თვლის, რომ არ არის გამორიცხული ჩინური სოციალური ქსელი ახალი რეგულაციების ქვეშ მოექცეს და ის სრულადაც აიკრძალოს ევროპასა და ამერიკაში. იდეას როგორც მომხრეები ასევე მოწინაღმდეგეები ჰყავს, თუმცა საკანონმდებლო ინიციატივები ამის შესახებ ამ დროისთვის არ არსებობს.   ტიკ-ტოკი ბავშვების პირადი ინფორმაციის შეგროვების გამო დაახლოებით 6 მილიონი ამერიკული დოლარით დაჯარიმდა. სოციალური ქსელის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ამერიკულმა სასამართლომ მიიღო.  რა ინფორმაცია შეიძლება "მოგპაროთ" ტიკტკომა? ნებისმიერი თქვენი სატელეფონო საუბარი, ყველა ის ინფორმაცია, რაც ელექტრონულ მოწყობილობაში გაქვთ, ტექსტი, კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები. ამის უფლებას კი აპლიკაციის შემქმნელებს ავტომატურად აძლევთ მას შემდეგ, რაც აპლიკაციას მოწყობილობაში ხსნით - ასევე რეგისტრაციით. ჩინურ სოციალურ ქსელს ასევე შეუძლია მუდმივად ჰქონდეს ინფორმაცია თუ სად იმყოფებით და ჩართულ მდგომარეობაში მქონე ელექტრონული მოწყობილობით შეიძლება ფარული მიყურადების მსხვერპლიც აღმოჩნდეთ! რაში შეიძლება გამოიყენონ თქვენი ინფორმაცია და ვინ?  ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მესამე პირს და გამოყენებულ იქნას თქვენს წინააღმდეგ ან სულაც შეიძლება ეს კონკრეტულად თქვენს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი არ იყოს, თუმცა ის გამოყენებული იყოს ინფორმაციის მფლობელის მიერ ისე და იმ მიზნებით, რა მიზანიც მას აქვს. ის, რომ ტიკ-ტოკი ჩინეთის ხელისუფლების მკაცრი კონტროლის ქვეშ არის ამაზე დასავლეთში ბევრი საუბრობს და ამის დასადასტურებლად ბევრი შემთხვევა არსებობს. თუნდაც 2020 წლის პირველი რამდენიმე თვე რომ ავიღოთ, ფაქტებით დასტურდება, რომ 30 000-მდე ადამიანის პირადი ინფორმაცია უკანონოდ იქნა მითვისებული. ფაქტებზე მოკვლევა გრძელდება.  შეიძლება ეს არის მიზეზი იმის, რომ სხვა სოციალურ ქსელებთან შედარებით ტიკ-ტოკს არცერთი დასავლური სერიოზული კერძო ორგანიზაცია თუ სამთავრობო სტრუქტურები არ იყენებენ და მასზე ინფორმაციას არ ანთავსებენ. მიუხედავად ამისა, ტიკ-ტოკის მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება და იზრდება მონაცემთა ბაზები, რომელსაც ტიკ-ტოკი და მისი მაკონტროლებლები ფლობენ.    https://www.amerikiskhma.com/a/ticktock-privacy-policy-dangerouse/5482065.html
#ახალი_ამბები
#მსოფლიო
0