რა ადგილია გამოსახული ფოტოზე ?

0
ახლანდელი ბარათაშვილის აღმართზე გზის გაჭრის იდეა ფარსადან ციციშვილს (ციციანოვი) უკუთვნის. მანვე საკუთარი ხარჯებით გაიყვანა გზა, რასაც თბილისის საზოგადოება დიდი კმაყოფილებით შეხვდა. ფარსადან ციციშვილი იყო ბიძაშვილისშვილი მთავარმართებელ პავლე ციციანოვისა, რომელიც 1806 წლის იანვარში ბაქოს აღებისას ვერაგულად მოკლეს და იქ დაკრძალეს. 1812 წელს მთავარმართებელმა მარკიზ პაულუჩიმ პავლე ციციანოვის ნეშტი ბაქოდან თბილისში ჩამოასვენა და სიონის ტაძარში დაკრძალეს. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდში ინახება ციციშვილების გენეალოგიური ნუსხა, საიდანაც ვიგებთ, რომ პავლე ციციანოვის პაპა პაპუნა და ფარსადანის პაპა ქაიხოსრო ძმები ყოფილან. 1808 წელს ფარსადან ციციშვილმა ეგზარქოს თეოფილაქტეს დავალებით დაიწყო სამსახური ქართულ ეკლესიაში. X|X საუკუნის 20-იან წლებში ის პეტერბურგშია. იქ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ქართველ მოღვაწეებთან იონა ხელაშვილთან და სიმონ დოდაშვილთან. იგი ერთხანს კათოლიკოს ანტონ მეორესთანაც მსახურობდა, რის გამოც მას მუდმივი პენსია დაენიშნა 500 რუბლის რაოდენობით წელიწადში. თბილისში დაბრუნების შემდეგ ის აქტიურად ჩაება საქართველოს ეკლესიის სამსახურში და დიდ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. მისი ინიციატივით თბილისში, რიყეზე აშენდა საცხოვრებელი სახლი. ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, მისი ინიციატივითა და სახსრებით შეკეთდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, ვახტანგ |-ის ასულის ელენეს მიერ აშენებული და 1795 წელს აღამაჰმად-ხანის შემოსევის შედეგად დანგრეული და დიდხანს გაუქმებული რომ იყო. “1835 წელს ფარსადან ციციანოვმა დააკერა კედლები: საყდარი ესე დაჰყვა სახლსა შინა მისსა”. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარსადან ციციშვილის მიერ საკუთარი ხარჯებით, რიყიდან ავლაბრისაკენ, კლდიან ფერდობზე გზის გაჭრა. ამ მეტად რთული და ძნელად გასაყვანი გზის გაჭრა დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ 1845 წლის დასაწყისში დამთავრდა. სამწუხაროდ, იმავე წლის ივანობისთვეში ფარსადან ციციშვილი გარდაიცვალა. ქალაქის თვითმმართველობამ მისი სახელის უკვდავსაყოფად, მის მიერ გაჭრილ გზას “ციციანოვის აღმართი” უწოდა. ამ სახელით იცნობდა ამ აღმართს ხალხი XX საუკუნის 60-იან წლებამდე. ჯერ მტკვარზე არსებული მეტად ლამაზი “მუხრანის ხიდი” დაანგრიეს. ახალაშენებულ ხიდს ბარათაშვილის სახელი დაარქვეს. იქვე ახლოს ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი დადგეს და აღმართსაც ბარათაშვილის სახელი უწოდეს.
0