ატენის ციხე

0
ატენის ციხე შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, მდ. ტანას მარცხენა ნაპირზე, სოფელ ატენთან, მაღალი მთის ქიმზე დგას. ციხეს ერთ მხარეს საცივისხევი ჩამოუდის, მეორე მხარეს კი - აბანოსხევი. იგი X-XI საუკუნეებით თარიღდება და ნაგებია ნატეხი ქვით. ნაგებობა ძირითადად ორი მონაკვეთისგან შედგება. ჩრდილოეთის მონაკვეთი შედარებით პატარაა, დიდი და მთავარი მონაკვეთი სამხრეთით მდებარეობს. გალავანი ბურჯებითაა გამაგრებული. გალავნის შიგნით მეციხოვნეთა სადგომები, წყალსაცავი და სხვა ნაგებობებია განთავსებული. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. ციხე დიდი ზომის არ არის, თუმცა ძნელად მისადგომია. იგი შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალ გზას იცავდა. 1920 წელს, მიწისძვრის დროს ძეგლი ძალიან დაზიანდა და მისი გეგმისა და მასების თავდაპირველი სახის დადგენა შეუძლებელია.
0