ხევსური მებრძოლები, რომლებმაც იაპონელებს სანიმუშო ბრძოლა აჩვენეს!

0
მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1903 წელს რუსეთმა მანჯურიის ოკუპაცია მოახდინა, რამაც მეტად გააღიზიანა იაპონიის საიმპერატორო კარი, ვინაიდან მანჯურიას საკუთარ სამფლობელოდ მიიჩნევდა. საპასუხოდ, 1904 წლის 27 იანვარს, იაპონური ფლოტი მოულოდნელად დაესხა თავს პორტ-არტურში მდგარ რუსულ სამხედრო ესკადრას და გაანადგურა. პარალელურად, იაპონელები კორეაშიც გადასხდნენ და იქიდანაც შეუტიეს მანჯურიაში მდგარ რუსულ გარნიზონებს, ხოლო მაისში უკვე კუნძულ სახალინზეც მიიტანეს იერიში. მათ შესაჩერებლად რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ ციმბირელ კაზაკთა ორი პოლკი გადაისროლა სახალინზე, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მაშინ კუნძულზე საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა და გარდა ადგილობრივი მცირერიცხოვანი მოსახლეობისა, იარაღი სახალინზე გადასახლებულ კატორღელებსაც დაურიგეს. თანაც, ბრძოლაში მონაწილეობის მიღების სანაცვლოდ, თავისუფლება აღუთქვეს. მაგრამ ბევრმა კატორღელმა, როგორც კი ციხის გარეთ დაიგულა თავი, ბრძოლა მიატოვა და გაქცევით უშველა თავს. ამასობაში იაპონელები პატარა სოფელ კორსაკოვს მიადგნენ, რომლის ცენტრშიც ციხესიმაგრე იყო აღმართული. ციხესიმაგრეს კი ხევსურებიც იცავდნენ — ყოფილი კატორღელები, რომლებიც სხვებივით კი არ გაიქცნენ ომიდან, პირიქით, დაიფიცეს, ბოლომდე ვიბრძოლებთო. სოფლისთვის უშეღავათო ბრძოლაში წარმატებას იაპონელებმა მიაღწიეს და რუსმა სარდალმა სიდორენკომაც იარაღი დაყარა — ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდნენ ციხესიმაგრეში გამაგრებული ხევსურები: ბეჟიტა ყარაული, აპარეკა ქიბიშაური, ხირჩლა ცისკარაული და დათვია ალუდაური. მართალია, ტყვია-წამალი უკვე გასთავებოდათ, მაგრამ ხმლები ხომ ჰქონდათ?! ჰოდა, ხელჩართული ბრძოლისთვის მოემზადნენ — ხმლებმომარჯვებულები დაელოდნენ მტერს. რუსების კაპიტულაციის შემდეგ სიფრთხილედაკარგულ იაპონელთა ერთი რაზმი დაუზვერავად მიადგა ციხესიმაგრეს და ხევსურებიც მარჯვედ დაუხვდნენ — კაცი არ გაუშვიათ ცოცხალი იმ რაზმიდან. ამის მერე იაპონელებმა უფრო მრავალრიცხოვანი რაზმით შეუტიეს ციხეს. იაპონელი პოლკოვნიკი ნაკამურა ხარაგუჩი ასე აღწერდა იმ უთანასწორო ბრძოლას: „ჩემი ჯარისკაცები მტრის მეომრებს წააწყდნენ და დაიწყო ბრძოლა. მე თავს პროფესიონალ მოფარიკავედ მივიჩნევ, მაგრამ ის ილეთები, რომლებსაც მტრის მებრძოლები იყენებდნენ, არასდროს მინახავს. იბრძოდნენ მშვიდად, ყურადღებით აკვირდებოდნენ ჩვენს მოძრაობებს და სასიკვდილო დარტყმის მოსაყენებლად ერთ შანსსაც არ უშვებდნენ. ნამდვილი მეომრები იყვნენ! ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ შევხვდით როგორც მტრები და არა როგორც მეგობრები. მერეღა გავიგე, რომ ეს განსაცვიფრებელი მებრძოლები კავკასიიდან ყოფილანო.“იმ ბრძოლაში სამი ხევსური დაიღუპა. სამივე სამხედრო პატივით დაკრძალეს იაპონელებმა კორსაკოვოში. ხოლო მძიმედ დაჭრილ ბეჟიტა ყურაულს უმკურნალეს, მერე კი ტყვედ ჩავარდნილ თავისიანში გაცვალეს. თუმცა, ეს ყველაფერი არ იყო. სახალინისთვის ბრძოლაში კიდევ ერთმა კატორღელმა ხევსურმა, გვარად ლიქოკელმა ისახელა თავი. მაშინდელი რუსული პრესის მასალებიდან ირკვევა, რომ ლიქოკელი პრისტავის მოკვლისთვის დაუტუსაღებიათ და სახალინის კატორღაში უკვრიათ თავი. მერე კი, როცა იაპონელებს სახალინისთვის შეუტევიათ, მისთვისაც სხვების მსგავსად მიუციათ იარაღი და ბრძოლაში ჩაუბამთ. ერთ-ერთი იერიშისას მასაც გასთავებია ტყვია-წამალი და იაპონელებს ერთ მიტოვებულ შენობაში ჩასაფრებია. მედგრად დახვედრია მომხდურს, მარჯვედ უქნევია ხმალი და მარტოს გაუნადგურებია ლამის მთელი ოცეული. ბოლოს რაზმის მეთაური, სამურაელთა კასტის წარმომადგენელი შებმია ხევსურს, რათა თანამემამულეების პრესტიჟი ეხსნა. მაგრამ ლიქოკელთან მიახლოება და ხმლის მოქნევა ვერც მოუსწრია, ისე აუკუწავს ლიქოკელს იაპონელი სამურაი. ბოლოს, სათითაოდ რომ ვერ გასწორებიან, ერთად მისევიან დაჭრილ-დასახიჩრებულ ხევსურს იაპონელები და... მაგრამ მაინც შემორჩა ისტორიას ამბავი კატორღელი ხევსურისა, რომელმაც იაპონელი სამურაი დაჯაბნა. თავი შეირცხვინეს ამჯერად მტრის ვაჟკაცობის პატივისმცემელმა იაპონელებმა. ჯერ იყო და ზურგიდან დაახალეს ტყვია ხევსურს, მერე კი ტყვედ ჩავარდნილი დახვრიტეს.
0