გოდერძი ჩოხელი
"ფილმში , სამოთხის გვრიტები " მინდოდა გამომეხატა ის, თუ როგორ არის ქართული ყოფა დაკავშირებული ქართულ ანბანთან, რომ ეს მხოლოდ ა და ო და ე არ არის, არამედ თითოეული ასო დაკავშირებულია ქართულ სულთან, ქართულ ყოფასთან, ქართულ ძირებთან. ქართველმა კაცმა თავისი ყოფის შესატყვისად შექმნა ქართული ანბანი, თავისი ცხოვრება ჩადო მასში და მისი მეშვეობით გამოხატა თავისი აწმყო, წარსული და მომავალი. ჩადო ის კოდი, რომელიც მის ყოფიერებას, ცნობიერებას, სულსა და ქმედებას მოიცავს. ამ ფილმისთვის თავიდან სამასამდე სათაური მოვიფიქრე. ძალიან მომინდა მისთვის "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" დამერქმია, მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგანაც ამაზე, როგორც ვიცით, უკვე შექმნილი აქვს იოანე-ზოსიმეს მშვენიერი ნაწარმოები. ბოლოს "სამოთხის გვრიტები" დავარქვი, რადგანაც, ასე მგონია, როცა ქართულ ანბანს შეისწავლის კაცი, ის უკვე ამქვეყნადვე ეზიარება სამოთხეს და მზად არის სამოთხის კარის შესაღებად. ეს ადამიანები იმიტომ არიან სამოთხის გვრიტები, რომ სიკვდილის წინ, სიბერეში შეისწავლეს ქართული ანბანი. ქართული ანბანი ხომ ლოცვაც არის. ამ ფილმის სანახავად უწმინდესი კინოსტუდიაში ბრძანდებოდა. რაღაცნაირად მერიდებოდა, სხვანაირად არ გაეგო უწმინდესს ეს სათაური, არ ეთქვა, რატომ დაარქვი "სამოთხის გვრიტებიო". მან კი მითხრა: "შვილო გოდერძი, ესენი მართლა სამოთხის გვრიტები არიან, მაგრამ შენ საიდან იცი, რომ ასე სწავლობდნენ ჩვენი წინაპრები ანბანს?" უწმინდესისთვის მამამისს მოუყოლია იმის შესახებ, რომ თურმე ადრე ანბანს შრომის იარაღების საშუალებით სწავლობდნენ, რომლებიც ქართულ ასოებს ჰგავდა."