პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს განიხილავს

0
დღეს პარლამენტი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, რათა საარჩევნო კოდექსი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდეს. საარჩევნო კოდექსის პროექტის თანახმად, კენჭისყრის დღეს, სააგიტაციო მასალის განთავსება, საარჩენო უბნის გარდა, შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსშიც აკრძალული ხდება. გარდა ამისა, აკრძალული ხდება კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხებაც. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციისთვის გატარებულ ცვლილებებს, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა ეკრძალებათ. პროექტის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ საჯარო სკოლების პედაგოებს, სამსახურებივი ფუნქციების შესრულებისას, ასევე სსიპ-ებისა და სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწამეო იურიდიული პირების თანამშრომლებს. ამასთან, საარჩევნო კოდექსს ემატება ჩანაწერი, რომელიც არჩევნებამდე 2 თვით ადრე სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შეუზღუდავს განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლების განთავსებას. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, არჩევნების მეორე ტური გაიმართება არჩევნებიდან მე-3 შაბათს და მას განკარგულებით ნიშნავს ცესკო. თუ მეორე ტურში მონაწილე ერთ-ერთმა საარჩევნო სუბიექტმა დაკარგა პასიური საარჩევნო უფლება, ასეთ შემთხვევაში მეორე ტური არ გაიმართება და ცესკოს მიერ გამარჯვებულად ცხადდება მეორე საარჩევნო სუბიექტი. კანონპროექტით, ზუსტდება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურები. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიებში არაპარტიული ნიშნით წევრთა არჩევა მოხდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის არაპარტიული ნიშნით არჩეულ წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით. ამასთან, საუბნო კომისიებთან მიმართებით ფართოვდება ჩანაწერი ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვაზე. უფრო კონკრეტულად, თუკი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრია, მას არჩევის პროცედურაში მონაწილეობის უფლება ეკრძალება. კანონპროექტის თანახმად, ოჯახის წევრად მიჩნეულია: მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი. ასევე, დაუშვებელი ხდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული იყო პოლიტიკური პარტიის მიერ. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მედია-კამპანიისა და პოლიტიკური სუბიექტებისთვის დათმობილი საეთერო დროის მიმართულებით მთელ რიგ ცვლილებებს. პროექტის თანახმად, ტელე-ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს. მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილ საფასურზე მეტი დროის დათმობა შესაბამისი (რეკლამის დამკვეთი) სუბიექტისათვის, ან უფასო რეკლამის განთავსებისას საარჩევნო სუბიექტისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ დროზე მეტის დათმობა, ჩაითვლება უკანონო შემოწირულობად. აკრძალულ შემოწირულობად იქნება მიჩნეული დაუსაბუთებელი შემოსავლით გაკეთებული შემოწირულობაც. ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან ცესკოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით გადასცენ საეთერო დროის ტარიფები. ტარიფები ძალაში შედის კენჭისყრამდე 50-ე დღიდან. ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მესამე მხარისაგან რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ რეკლამის/ანტირეკლამის განთავსება ჩაითვლება შემოწირულობად, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას გაცხადებული საარჩევნო მიზანი. დაუშვებელი იქნება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. გარდა ზემოაღნიშნულისა, მედია საშუალებას საარჩევნო უბანში ნაცვლად 3 - ისა, 2 წარმომადგენლის ყოლის უფლება ექნება. ტელე და რადიო მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი აზრის გმოკითხვის შედეგების კანონით დადგენილ ვადაზე ადრე გამოქვეყნებაზე ჯარიმა იზრდება. კერძოდ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგემის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა გამოიწვევს მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარით. სხვა მედიიის საშუალებებისთვის ჯარიმის ოდენობა კვლავ 1 500 ლარი იქნება. საარჩევნო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა მონაწილეობის დროებითი წესის განსაზღვრა. აღნიშნულის თანახმად, საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მოხდება შშმ პირთათვის უბნების ადაპტირება - თითოეულ ოლქში არანაკლებ 4-4 უბანი ეტლით მოსარგებლეთათვის. ზემოაღნიშნული ცვლილებების გარდა, საარჩევნო კოდექსი შესაბამისობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. კერძოდ, კოდექსში მოხდება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ასახვა, რაც გულისხმობს: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარებას; ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმს; გაუნაწილებელი მანდატების განაწილებას უდიდესი ნაშთს მქონე პოლიტიკურ პარტიებსა და და საარჩევნო ბლოკებზე.
0