დაშბაშის კანიონი

0
დაშბაშის კანიონი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ხეობაში, სოფელ დაშბაშის მიდამოებში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1110-1448 მეტრზე. ბუნების ძეგლი მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას წარმოადგენს. მწვანეში ჩაფლული დაშბაშის ჩანჩქერი სამოთხისებური იდილიურობითა და სილამაზით უამრავ მნახველს იზიდავს. კანიონის პოპულარობა იმითაცაა განპირობებული, რომ ფეხით გასავლელი მანძილი მცირეა და ნებისმიერ მსურველს მარტივად, დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლია ამ საოცარ ადგილს ესტუმროს. მართალია დაშბაშის კანიონის ყველაზე ცნობილი ადგილი სწორედ დიდი კასკადური ჩანჩქერია, თუმცა კანიონის სიგრძე 8 კმ-ს აღწევს და კიდევ მრავალი საინტერესო და ძალიან ლამაზი ადგილის ნახვა შეიძლება, თუკი ბოდიალისა და თავგადასავლების მოყვარული ხართ და რელიეფის სირთულეც არ გაშინებთ. კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა და თვალწარმტაცი ჩანჩქერები სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის. ხრამის ხეობაში ასევე გვხვდება როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანის შექმნილი გამოქვაბულები. სოფელ დაშბაშთან ახლოს არის ულამაზესი ტყე, რომელიც შესანიშნავი საპიკნიკე ადგილია და აუცილებლად მიგიზიდავთ მოწესრიგებულობითა და სასიამოვნო ჩრდილებით, მით უმეტეს თუ ზაფხულის ცხელი დღე შეარჩიეთ მოგზაურობისთვის.
0