რატომ არ გაასაჩივრა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შემაკავებელი ორდერი

0
ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა შემაკავებელი ორდერის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა – აცხადებენ ორგანიზაცია PHR-ში, რომელიც ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესებს იცავს. ბასილაშვილის ეს პოზიცია დოროყაშვილის ადვოკატებს აფიქრებინებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ძალადობის კვალიფიკაციას. „2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პარალელურად, დაზარალებულთა დაცვის მიზნით, გამოიცა შემაკავებელი ორდერები (სულ 6 ორდერი) ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მის მშობლების მიმართ, რომლებიც მხარეებმა გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2020 წლის 8 ივნისს, 9 საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული ყველა ორდერი ძალაში დატოვა, რადგან დარწმუნდა რომ ოჯახში ძალადობა ჩადენილია და ორდერები გამოწერილია შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე. საგულისხმოა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოჯახში ძალადობის დადასტურების შესახებ, ნიკოლოზ ბასილაშვილს და მის ოჯახის წევრებს არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ეს სავარაუდოდ გულისხმობს იმას, რომ თავად მხარეებიც დაეთანხმნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მათი ქმედება შეფასებულია ძალადობად. PHR-ი აგრძელებს ნელი დოროყაშვილისა და მათი მცირეწლოვანი შვილის ინტერესების დაცვას“, – ნათქვამია განცხადებაში. „პრაიმტაიმი“ ბასილაშვილის ადვოკატსაც დაუკავშირდა. „მინდა დაგარწმუნოთ, გასაჩივრების ვადები ხელიდან არ გაგვიშვია. ბასილაშვილების ოჯახის რამდენიმე წევრის მიმართ გამოწერილი ორდერი, ერთი თვის ვადაში ისედაც კარგავდა ძალას და არავალიდური ხდებოდა, შესაბამისად, ჩვენს სტრატეგიაში თავიდანვე არ შედიოდა გასაჩივრება. ამ თემასთან დაკავშირებით, ყველა სხვა მოსაზრება, ვფიქრობ, უბრალო სპეკულაციაა“, – განგვიმარტა ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ. ცნობისთვის: ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ პოლიციის მიერ 21 მაისს გამოცემულ და 8 ივნისს სასამართლოს მიერ დადასტურებულ შემაკავებელ ორდერს მოქმედების ვადა 21 ივნისს ამოეწურა, თუმცა ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის მუხლით ბრალდებულის სტატუსის ქვეშაა. ის წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. წყარო: "პრაიმტაიმი"
0