როგორ დაარიგა წმინდა მღვდელმთავარმა გაბრიელ ქიქოძემ ქუთაისელი ახალგაზრდობა

0
გთავაზობთ ამონარდს გაბრიელ ქიქოძის მიმართვიდან , , საყვარელნო ყრმანო, მოსწავლენო სხვათა და სხვათა ჩვენი ქალაქის სასწავლებელთა შინა! წელიწადში ერთხელ მაინც მსურს საკუთრად თქვენ წინა-დაგიდვა სულიერი სწავლა და დარიგება. თქვენთვის უფრო საჭირო არის სულიერი, ზნეობითი სწავლა, და უფრო სასარგებლოც იქმნება.. დროება და მრავალნი საქმენი ნებას რომ მაძლევდენ, ერთხელ კი არა, ასჯერაც რომ მომეცა თქვენთვის დარიგება, ისიც არ იქნება ნამეტანი. თქვენ ახლა ისეთ ჰასაკში ხართ, რომ თქვენი გული და სული უფრო მომზადებულია სწავლის მიღებისათვის. ღვთის მადლით, თქვენი გული ჯერ არ არის გაფუჭებული, და უფრო მტკიცედ დაიბეჭდება თქვენს შორის ყოველი სწავლა. გარდა ამისა, თქვენ ყოველნი ხართ მოსწავლენი; ახლა შენდება საძირკველი მომავლისა თქვენისა ზნეობისა, ყოფაქცევისა, ხასიათისა, ერთი სიტყვით, მთელისა ცხოვრებისა. მიუცილებლად საჭირო არ არის, რომ ეს საძირკველი მომავლისა თქვენისა ცხოვრებისა იყოს დამყარებული სიტყვასა ზედა და სჯულსა ღვთისასა, იყოს გამაგრებული სულიერითა, ქრისტიანულითა სწავლითა და მოძღვრებითა. თუ ეს ასე არ იქმნა, თუ მომავალი თქვენი ცხოვრება აშენდა სხვა, სოფლიურ, ამაო საძირკველზე, ეს იქმნება უბედურება თქვენთვის და მთელი ჩვენი ქვეყნისათვის. თუ მარტო გონებითს მეცნიერებას მიიღებთ სასწავლებელში, თუ მარტო მრავალ სამეცნიერო საგნებს ისწავლით, მარტო გონებას, მეხსიერებას გაამდიდრებთ, ხოლო გულის თვისებას, ხასიათს არ გაიკეთებთ, სწავლულნი შეიქმნებით, და სიმართლეს და წმინდა, ქრისტიანულ ზნეობას არ შეიძენთ, მაშინ თქვენ გამოხვალთ უბედურნი და ქვეყნისათვის მავნებელნი, და არა სასარგებლონი. ვინ არს ბრძენ და მეცნიერი თქვენს შორის, აჩვენენ კეთილად სვლისაგან საქმენი თვისნი, სიმშვიდითა სიბრძნისათა - იტყვის წმიდა მოციქული იაკობ. ვგონებ, რომ არც თქვენ იქნებით უცნობელი იმისა, რაც ამ ჩვენს დროებაში მოვლენა არის, არა თუ მთელს რუსეთში, არამედ ევროპაშიაც. უთუოდ თქვენც გაგიგონიათ, რა დარდი, რა დიდი მწუხარება გაუჩნდა ახლა ყოველთა მშობელთა, მთელს საზოგადოებას და თვით მთავრობას, და რაოდენი ყმაწვილი კაცი საუკუნოდ დაიღუპა ახლა, მით, რომ დაივიწყეს ყოველივე წმიდა, პატიოსანი, მართალი, რაც არის მიღებული ყოველთა განათლებულთა კაცთა და საზოგადოებათაგან, რაზედაც დაფუძნებულია აწინდელი ქვეყნის განათლება, ცხოვრება, წარმატება, და შეუდგნენ ყოველსა სიბოროტესა და გარყვნილებას "
politics
opinion
kutaisidaily
0