„ქართულმა მარშმა" დააფუძნა პოლიტიკური პარტია

0
ქსენოფობიური და ჰომოფობიური მოწოდებებით გამორჩეულმა „ქართულმა მარშმა" და მისმა მხარდამჭერებმა დღეს, 2 ივლისს დააფუძნეს პოლიტიკური პარტია „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა", რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად გეგმავს.   საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, ჩატარებულ დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს „ქართული მარშის" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, ხოლო პოლიტიკურ მდივნად - ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი და თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი. პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი, ქსენოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი პუბლიკაციებით გამორჩეული, გიორგი გიგაური. აირჩიეს პოლიტსაბჭოც. ყრილობის შემდეგ სანდრო ბრეგაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პარლამენტში სოლიდური წარმომადგენლობით მოვლენ და ოპოზიციური ფლანგიდან მთლიანად განდევნიან „ნაციონალურ მოძრაობას" და „ბოკერიას პარტიას" [„ევროპულ საქართველოს"]. ამასთან, მისი პროგნოზით, მმართველი „ქართული ოცნება" ვერც პროპორციულ არჩევნებში, ვერც მაჟორიტარულ ოლქებში გადამწყვეტ ხმებს ვერ მოიპოვებს. „არჩევნებში ერთი პარტიის უმრავლესობით მოსვლაზე ილუზორული საუბარი დამღუპველია საქართველოსთვის და დამღუპველია თავად "ქართული ოცნებისთვის", - თქვა ბრეგაძემ. მისივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანიას მწირი ფინანსებით ჩაატარებენ, თუმცა „ესეც საკმარისია". „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა" მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას აპირებს, მათ შორის თბილისში. პარტია პროპორციულ საარჩევნო სიას სექტემბერში გამოაქვეყნებს. ანტიდასავლური განწყობებით ცნობილი „ქართული მარში" ფიგურირებს ესტონეთის დაზვერვის ყოველწლიურ, რიგით მეხუთე ანგარიშში, რომელშიც გამოთქმულია მოსაზრება, რომ 2020 წელს რუსეთის ყურადღების ცენტრში „ნამდვილად მოექცევა აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნები“. ანგარიში ამბობს, რომ ბოლო წლებში აღირიცხა „მნიშვნელოვანი გახშირება“ პროპაგანდისა, რომელიც თითქოს საქართველოში ტრადიციული ღირებულებების გაძლიერებას ემსახურება. „ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზაცია „ქართული მარში“, რომელიც 2017 წელს დაარსდა და ექსტრემისტულ მოძრაობებს აერთიანებს. მისი მისიაა იმ ღირებულებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც თითქოს საქართველოს დასავლეთი ახვევს თავს და რომლებიც თითქოს ქართველი ხალხისა და საზოგადოების არსებობას უქმნის საფრთხეს. ეს არის აგრესიული მოძრაობა, რომელიც თავს არ არიდებს ფიზიკურ თავდასხმებს თავის ოპონენტებზე. მისი მიზანია შეირყეს საზოგადოების მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების პროცესებისადმი - საგარეო პოლიტიკის, რომელიც, თითქმის 15 წელია, კონსენსუსს ეფუძნება, და გაჩნდეს შიდა დაძაბულობები, საქართველოს საზოგადოების წიაღში მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია“, - ვკითხულობთ დოკუმენტში. ანგარიში ამბობს, რომ „ქართული მარშის“ ლიდერებს შორის არის რამდენიმე ფიგურა, რომელთაც კავშირი აქვთ რუსეთსა და მისი გავლენის მექანიზმებთან. https://www.radiotavisupleba.ge/a/30702965.html
#ახალი_ამბები
#twitter
0