მსოფლიოში 11 მილიონს უახლოვდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი

0
მსოფლიოში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 10 900 000 -ზე მეტი ადამიანი. მათგან გამოჯანმრთელდა 6 მილიონზე მეტი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 524 000 აჭარბებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ტემპი გაზრდილია. აშშ-ში, რომელიც ინფიცირებულების და გარდაცვლილების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, 24 საათში დადასტურდა 53 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2 700 000-ს აჭარბებს. გარდაცვლილია 128 ათასზე მეტი ადამიანი. ზოგიერთმა შტატმა ისევ კარანტინი შემოიღო. ამ ეტაპზე ყველაზე რთული ვითარებაა ტეხასში, ფლორიდასა და კალიფორნიაში. აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, თუ კორონავირუსის გავრცელების შეკავების მექანიზმს სწრაფად არ მიაგნეს, ეპიდემია კატასტროფულ მასშტაბს მიიღებს. ფაუჩიმ BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ იმ ფონზე, როცა მთავრობა ცდილობს ქვეყნის შედარებით ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას და ბიზნესი ნაწილობრივ ამუშავდა, სხვადასხვა შტატში ინფიცირებულთა რიცხვმა მკვეთრად მოიმატა. კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში მეორე ადგილზე მყოფ ბრაზილიაში ინფიცირებულთა რიცხვმა 1, 5 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 62 ათასს უახლოვდება. მესამე ადგილზე ისევ რუსეთია, სადაც ოფიციალური სტატისტიკით, უკვე დაინფიცირდა 660 ათასზე მეტი ადამიანი და 9 600-ზე მეტი გარდაიცვალა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30703733.html
#ახალი_ამბები
#twitter
0