ჩინეთ-ინდოეთის დაპირისპირება - ოფიციალური დელი საჰაერო ძალების პოტენციალს ზრდის

0
ბოლო პერიოდში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან არსებული დაძაბულობის ფონზე, ინდოეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის ფედერაციისგან $2, 4 მლრდ-ის ღირებულების კონტრაქტის ფარგლებში 33 ერთეული ახალი თვითმფრინავის შეძენას და კიდევ 59 ერთეული უკვე არსებულის მოდერნიზებას გეგმავს. საუბარია 21 ერთეული MiG-29-ის და 12 ერთეული SU-30 MKI-ის შესყიდვაზე და დამატებით, 59 ერთეული MiG-29-ის მოდერნიზებაზე, რომელიც ინდოეთის საჰაერო ძალების საბრძოლო პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის. ინდოეთის თავდაცვის სამინისტრო, შეიარაღებული ძალების სამივე მიმართულებით (სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო) ადგილობრივი წარმოების სარაკეტო სისტემების განვითარებას გეგმავს.

რუსეთი - ინდოეთისთვის იარაღის უდიდესი მიმწოდებელი

ცივი ომის პერიოდში, ოფიციალური დელი რუსეთის მოკავშირე იყო და კრემლი ამ სახელმწიფოს დიდი ოდენობით შეიარაღებას აწვდიდა. აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესების საფრთხის მიუხედავად, 2018 წელს, ორ ქვეყანას შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400-ების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საერთო ღირებულებამ $5, 4 მლრდ. შეადგინა. დამატებით, ინდოეთი ფრანგული წარმოების ე.წ. Rafale-ის ტიპის 36 ერთეული გამანადგურებლის ჩასვლას ელოდება, რომელიც პარიზთან 2016 წელს გაფორმებული $8, 78 მლრდ-ის ოდენობის კონტრაქტის ფარგლებში შეისყიდა. ბოლო პერიოდში დაწყებული სამხედრო ძალების მოდერნიზების პროცესში სამხრეთ აზიური სახელმწიფო იარაღის უდიდესი იმპორტიორად იქცა. მას შემდეგ რაც პაკისტანმა ამერიკული F-16 Block 52-ებით, ხოლო ჩინეთმა საკუთარი წარმოების J-20-ებით შეავსო საჰაერო ძალების რიგები, ინდოეთის ავიაცია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გარდა ამისა, ოფიციალური მოსკოვი მის სტრატეგიულ პარტნიორ ჩინეთს რუსული წარმოების SU-35-ებსაც აწვდის. ინდოეთს უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად დაეძაბა ურთიერთობები ჩინეთთან, ამ ორ ქვეყანას შორის 15 ივნისს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რასაც 20 ინდოელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალურ დელის, ქაშმირის რეგიონის გამო ასევე კონფლიქტი აქვს მეორე მეზობელ პაკისტანთანაც. ზემოხსენებული სამივე სახელმწიფო - ინდოეთი, ჩინეთი და პაკისტანი ბირთვულ შეიარაღებას ფლობენ. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #India #China #air #force #Russia #jets #military #interworld
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0