სამივე ახალი კოვიდინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია

0
საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული სამივე შემთხვევა იმპორტირებულია, ახალი ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. „დღეს დილით საქართველოში სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და არის 946 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა ოთხით, გახლავთ სულ 825. ამ მონაცემებით, დღეისთვის კოვიდცენტრებში მკურნალობს 106 დადასტურებული შემთხვევა და გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა კვლავ 87%-ზე ცოტა მეტია. ეს ახალი სამი დადასტურებული შემთხვევა სამივე შემოტანილია. სამივე გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. ამ სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ჩვენთან მოთავსდა და გვყავს სულ 24 დადასტურებული შემთხვევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ. მისივე თქმით, გუშინ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელიც კლინიკას სავარაუდოდ დღეს დატოვებს. „გუშინ, მონიტორინგით ერთი გამოჯანმრთელდა ჩვენს ცენტრში, რომელიც დღეს დატოვებს ალბათ ჩვენს ცენტრს. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, ძირითადად საშუალო სიმძიმის და მათზე მსუბუქიც. ახალი პაციენტის პირველადი მდგომარეობაც არ არის მძიმე, რუტინული კვლევებით და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით ჯერ მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
0