ვინ ემხრობა კვოტირებას და ვინ არა - მარნეულელი პოლიტიკოსების მოსაზრებები

0
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით გენდერულ კვოტირებას მხარი დაუჭირა. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 2028 წლამდე საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს ისეთი სია უნდა წარუდგინოს, სადაც ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის. ცვლილებები შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც. 2028 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე პარტიებმა ცესკოს შესაბამის რაიონულ ორგანიზაციებს ისეთი სია უნდა წარუდგინონ, სადაც ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის იქნება. გენდერულ კვოტირებას მხარს არ უჭერენ „ევროპული საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები. „ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ახმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ 2021 წელს ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიებს მარნეულში ქალების საარჩევნო სიებში შეყვანა გაუჭირდებათ. „მარნეულის მუნიციპალიტეტში, სამწუხაროდ, არ გვყავს იმ რაოდენობით ქალბატონი, რომლებიც აქტიურები არიან პოლიტიკურ ცხოვრებაში. ახლა მარნეულის საკრებულოში 35 წევრია და ცვლილებების შემთხვევაში ისე გამოდის, რომ მათი ნახევარი ქალბატონი უნდა იყოს. სამწუხაროდ, მარნეულის მუნიციპალიტეტში 17 პოლიტიკურად აქტიურ ქალბატონს ვერ ვიშოვით“ - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა იმამკულიევის განცხადებით, ის კვოტირების მომხრე არასდროს ყოფილა და არც იქნება. პარტიული სიები კი კანდიდატების გამოცდილების და პოლიტიკური აქტივობის მიხედვით უნდა შედგეს და არა გენდერული განსხვავებულობით. იგივე დამოკიდებულება აქვს გენდერული კვოტირების შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელ აგილ მუსტაფაევსაც. მისი თქმით, „ენმ“ წინა წლებში გამართულ არჩევნებში გენდერულად დაბალანსებულ სიებს ადგენდა. „კანონის მიღებამდეც ჩვენი პარტიის პროგრამაში იყო გენდერული თანასწორობა. ჩემი აზრით, არ უნდა იყოს გენდერულ კვოტირებაზე საუბარი, რადგან შესაძლოა კაცებზე მეტი ქალი პოლიტიკოსი იყოს, არ უნდა არსებობდეს დისკრიმინაციული კანონპროექტი. კვოტირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რადგან პირველ რიგში მთავარია, რომ იქნება ეს ქალი თუ კაცი, იყოს შესაბამისი განათლებით და შესაბამისი გამოცდილებით რათა პარლამენტში ან საკრებულოში მოხვდეს“ - გვითხრა აგილ მუსტაფაევმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისაგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან გიორგაძეს. მისი თქმით, მარნეულში ბევრი აქტიური ქალია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით აქტიურობენ. „ჩვენ არაერთ შეხვედრაზე გვითქვია, რომ საჭიროა (გენდერული კვოტირება) და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მართალია, დღევანდელ საკრებულოში ქალები არ არიან წარმოდგენილი, მაგრამ აპარატში უმრავლესობა ქალები არიან და აქტიურად არიან ჩართულები სამუშაო პროცესებში. ვფიქრობ, რომ კვოტირება გაამართლებს და სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვლება“ - განაცხადა ამირან გიორგაძემ გენდერულ კვოტირებას დადებითად აფასებს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობისა და გენდერული განყოფილების უფროსი ია ესებუაც. მისი თქმით, კვოტირების სისტემის შემოღებით მარნეულში გვექნება იმის გარანტია, რომ საკრებულო მთლიანად კაცებით აღარ დაკომპლექტდება. „ზოგიერთი ადამიანი დისკრიმინაციულად მიიჩნევს ამ კანონს მაშინ, როდესაც ამხელა პარლამენტში ის ადამიანებიც ვინც არიან შესულები ძლივს მოხვდნენ. კაცებშიც შეიძლება იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც არ არიან განათლებულები, რაც ყველაზე ხშირად მოყავთ მაგალითად კვოტირების მოწინააღმდეგეებს. სტატისტიკით, გაცილებით მეტი გოგო ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს და ვფიქრობ, რომ მათ რეალური შანსი მიეცემათ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის. ასევე, გარკვეული საკითხების მიმართ ქალები უფრო მეტად მგრძნობიარები არიან, მაგალითად სოფლებში სასმელი წყლის გაყვანის საკითხებში, განათლებაში და ა.შ. ეს ის საკითხებია, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ქალების ყოფასთან და მათთვის უფრო პრობლემურია ვიდრე კაცებისათვის“ - გვითხრა ია ესებუამ გენდერის სპეციალისტი ნონა სამხარაძე მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ამ დრომდე ქალები პოლიტიკური პროცესებიდან გარიყულები იყვნენ ამ ცვლილების შემდგომ კი ადამიანები მიეჩვევიან, რომ პოლიტიკა ქალის საქმეა. „ხელოვნურად დამახინჯებული ბარიერები, რაც პატრიარქატულ საზოგადოებაში გვხვდება, დაიმსხვრევა და ჩათვალეთ, რომ ქალები ვუბრუნდებით ჩვენს ბუნებრივ პოზიციებს და ის ორგანოები, რომლებსაც წარმომადგენლობითი ჰქვია, იქნეაბა ნამდვილად წარმომადგენლობითი იმიტომ, რომ საზოგადოება პირველ რიგში ორ კატეგორიად იყოფა, ქალებად და კაცებად. შემდეგ დგას ეთნიკურობა, გენდერი, სექსუალური ორიენტაცია, რელიგიური კუთვნილება და ა.შ. ეს დამახინჯებული სისტემა, რაც ქალებისთვის ქმნიდა ბარიერს უნდა დაინგრეს“ - განახცადა ნონა სამხარაძემ გენდერის სპეციალისტი იმ დისკრიმინაციულ ვარაუდებსაც ეხმიანება, როდესაც ამბობსენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში არაკვალიფიციური ქალები შეიძლება მოხვდნენ. სამხარაძის განცხადებით, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩევლებზე გადადის. ერთის მხრივ, პარტიებმა უნდა მოიზიდონ ისეთი ქალები, ვისაც შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია ექნებათ, ხოლო მეორეს მხრივ, ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს სწორი გადაწყვეტილება და ხმის მიცემამდე კარგად უნდა ნახოს პარტიული სიები.
#პოლიტიკა
#კვოტირება
#მარნეული
#MarneuliDaily
წყარო ; რადიო მარნეული
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0