Happy Birthday HediSlimane!

0

Happy Birthday #HediSlimane ? დღეს მოდის ყველაზე ჯიუტი ბავშვი, რომელმაც მოდაში საკუთარი ესთეტიკა დაამკვიდრა, 52 წლის გახდა. ?

ედი სლიმანი მოდაში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო, რთული ფიგურაა. ოთხმოცდაათიან წლებში მამაკაცის სამოსს ქმნიდა სან ლორანისთვის, ორიათასიანი წლების დასაწყისში დიორის მამაკაცის ახალი ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა. შვიდი წლის შემდეგ ბრენდი დატოვა და რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ სან ლორანს შეუერთდა, თუმცა ამჯერად ქალის ხაზიც მან ჩაიბარა. 2016 წელს ბრენდთან დადებული ოთხწლიანი კონტრაქტი აღარ გააგრძელა და მოდაში ისევ შემოქმედებითი პაუზა აიღო. მთელი ამ წლების განმავლობაში ედი ინარჩუნებდა ფოტოგრაფიის მიმართ თავის ინტერესსაც და დიზაინის პარალელურად ამ საქმიანობითაც კავდებოდა. ახლა ის სელინის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. შეიძლება ითქვას, რომ მოდაში ედი სლიმანი „ჰაიპის“ ღმერთია. გარდა იმისა, რომ მისი შემოქმედება უკვე ამდენი წელია განხილვის საგანია, აქტუალურობას არ კარგავს მისი პიროვნებაც. მისი ურთიერთობები სხვადასხვა გავლენიან ფიგურასთან, გარკვეული აკვიატებები და ზოგჯერ ზრდასრული პიროვნებისთვის შეუფერებელი, ბავშვური ქცევები მასზე სალაპარაკო მიზეზს ნამდვილად იძლევა. ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი ახლა ცდილობს ყველაფერი მიიღოს, რაც მოესურვება. ჩრდილქვეშ იდგეს, ზედმეტ ურთიერთობებს თავიდან ირიდებდეს და მაინც ყურადღების ცენტრში იყოს. ეს ის დიზაინერია, რომელიც უარს ამბობდა ინტერვიუებზე, მაგრამ მაინც პატიჟებდა ჟურნალისტებს კულისებში პატივისცემისთვის. მიუღებელ შეფასებებზე კი თავისებური რეაქცია აქვს. 2003 წელს კრიტიკოსი ქეითი ჰორინი წერდა, რომ მოდა გენეტიკური ხაზი იყო. სტატია რაფ სიმონსის შესახებ იყო და შესაბამისად აღნიშნა, რომ ჰელმუტ ლენგის არარსებობის შემთხვევაში, არც რაფი იარსებებდა და პარალელი გაავლო, რომ ვერ შედგებოდა ედი, რომ არარსებულიყო წვრილი სილუეტები. ამ სტატიის შემდეგ ედი ქეითზე გაბრაზდა და აღარც თავის ჩვენებებზე მიუწვევია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს და ახალი საუკუნის დასაწყისში, რაფ სიმონსს და ედის ერთმანეთთან ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. ხშირად ჩნდებოდნენ საზოგადოების თვალწინ ერთად, ერთმანეთთან ინტერვიუებსაც წერდნენ. ისიც იწერებოდა, რომ რაფს კლუბური ცხოვრება სწორედ ედიმ ასწავლა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ურთიერთობა გაუფუჭდათ, რაფი კლუბებში ფაქტობრივად აღარ ჩნდებოდა. უცნობია რა მოხდა, მაგრამ მათ შორის დაპირისპირებაზე მოწმობს სუზი მენქსის სტატიაც – „რინგი ჩემპიონებს შორის.“ აღსანიშნავია ისიც, რომ მათ შორის წამოწყებული კონფლიქტის დრო ქეითი ჰორინის სტატიის გამოქვეყნებას ემთხვევა. რაფს ქეითთან დღემდე განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა აქვს, კრიტიკოსი თავადაც აღნიშნავს, რომ დიზაინერებიდან ყველაზე ახლოს სწორედ რაფთანაა, ხოლო მის მიმართ ყველაზე მტრულად განწყობილი ედი სლიმანია. ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ ედის განსაკუთრებულ მიღწევებსაც. ის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დიზაინერია, რომელსაც საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო მამაკაცის სამოსის შექმნისთვის აქვს მიღებული.

ედის შემოქმედებამ კარლ ლაგერფელდს წონაში დაკლებისკენაც უბიძგა. ახალი საუკუნის დასაწყისში ედიმ ახალი გამხდარი სილუეტი დანერგა, სწორედ მისი “skinny”-ს დებიუტით აღფთოვანებულმა კარლმა 13 თვეში 40 კილო დაიკლო.

ედი სლიმანის თავისებურება 2007 ეიჩ&ემთან არშემდგარ თანამშრომლობაშიც გამოვლინდა. მიუხედავად, იმისა რომ ძალიან ბევრი დიდი დიზაინერი ქმნის ამ ბრენდთან თანამშრომლობით კოლექციებს, ედისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა მიუღებელი იყო. როდესაც ინტერვიუში ჰკითხეს მათი თანამშრომლობის შესაძლებობაზე, უპასუხა, რომ ეს არასდროს მოხდებოდა და თავისი გადაწყვეტილება ასე განმარტა: „არ მომწონს რაღაცების არევა. უნდა იცოდე სად დგახარ, მე ვიცი სადაც ვდგავარ, მე ვეკუთვნი მაღალ მოდას, მე მომწონს საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ნაჭრები, საუკეთესო ყველაფერი, მე მოდის ყველაზე კრეატიულ სივრცეს ვეკუთვნი.” როცა ედი სან ლორანში დაბრუნდა, ცვლილებების დრო დადგა. სხვა დიზაინერების შემთხვევაში, სხვის ბრენდში ცვლილებები მხოლოდ კოლექციებში ვლინდება, მაგრამ ედი სხვა დიზაინერი არ არის. ისიც უნდა ითქვას, რომ ივის მემკვიდრეობას მისი ხედვა არ დაუჩრდილავს. პიერ ბერჟესაც სწორედ ეს უნდოდა, რომ ტომ ფორდის და სტეფანო პილატის შემდეგ, ბრენდისთვის კოლექციები ისეთ ვინმეს შეექმნა, ვინც ინდივიდუალიზმით იქნებოდა გამორჩეული და ამავდროულად დიდი ნიჭის პატრონი იქნებოდა. ის არ ეძებდა ივის მსგავსს, რადგან სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ მისი მსგავსი არც არავინ იყო და არც იქნებოდა, არამედ სწორედ ედისნაირი ნამდვილი ხედვის მქონე ტალანტს, რომელიც უნდა მიეღოთ მისთვის დამახასიათებელი ყველა დადებითი თუ უარყოფითი თვისებით.

#ედისლიმანი
#დაბადებისდღე
#აიქონი #ლეგენდა #მოდა #დიზაინი
Tbilisi
#მოდა
0