ფიტარეთის მონასტერი

0
ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი - მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თეთრიწყაროდან სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებით 12 კმ-ში, მდინარე ქციის ხეობაში. მონასტერი მოქმედია, შედის მანგლისისა და წალკის ეპარქიის დაქვემდებარებაში. მონასტრის აშენება ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს უკავშირდება და 1213-1222 წლებით თარიღდება. ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის: ეკლესია, სამრეკლო, მარანი, გალავანი, ბაქანი, საძვალე და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების შენობათა მეტ-ნაკლებად დაზიანებული ნაგებობები. ტაძრის ინტერიერში დაცულია რამდენიმე საფლავის ქვა ისტორიული ცნობების შემცველი წარწერებით. ფიტარეთში არიან დაკრძალულნი ყაფლან ორბელიშვილი, მისი ძე პაპუნა — „სომხითის მოურავი, საორბელოს პატრონი“, სულხან-საბა ორბელიანის მეუღლე დარეჯან ბაგრატიონი და სხვ. ეპიტაფიებიდან განსაკუთრებით ყაფლან ორბელიშვილის საფლავის ქვის წარწერაა საინტერესო: „ქ. წყალობითა და შეწევნითა ღმრთისათა, მე, ორბელის შვილმა ყაფლან მეორეთ შევამკე მონასტერი ესე და ბარსა და მთაში მტრისაგან გაოხრებული მკვიდრი მამული ჩემი აღვაშენე, სოფელი ჲა, და ამას გარეთ შენი მამებისა სოფელი იზ. ესე ყოველი დაუტევე ძეთა ჩემთა და დავემკვიდრე ამას შინა, ქორონიკონსა ტნთ (1671)“. ამის შემდეგ ფიტარეთი ორბელიშვილთა საძვალედ იქცა. ფიტარეთის ტაძარი ცნობილია ასევე თავის მრავალფეროვანი, უხვი ორნამენტით , რომელიც შესრულების საკმაოდ მაღალი ოსტატობით ხასიათდება და რაც ასევე გამოარჩევს ამ ტაძარს სხვა თავისი ეპოქის ძეგლებისაგან.
0