სატელეფონო ანძები, რომლებიც შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმეების ჩვენებებს ცვლის

0
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში არსებული სატელეფონო ანძების ამონაწერებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ვახტანგ ახვლედიანი, ინციდენტის ადგილას იმაზე გაცილებით დიდხანს დარჩა, ვიდრე ის ამის შესახებ საკუთარ ჩვენებებში წერს. მისი ადგილმდებარეობა წიწამურის ანძამ უკანასკნელად 01:49 წუთზე დააფიქსირა. მაშინ, როდესაც ის ჩვენებებში მიუთითებს, რომ მას შემდეგ, რაც საქმის კიდევ ერთ მოწმეს, მდევრების მიერ ნაცემ გიორგი ქათამაძეს მცხეთის საავტომობილო ტრასასთან შეხვდა, პირდაპირ თბილისისკენ წამოვიდნენ. ვახტანგ ახვლედიანი გიორგი ქათამაძეს ტელეფონით ბოლოს 01:11 წუთზე ელაპარაკა. გიორგი ქათამაძისა და ვახტანგ ახვლედიანის ჩვენებების თანახმად, ისინი სწორედ ამ, ბოლო სატელეფონო საუბრისას შეხვდნენ ერთმანეთს: აი, რას წერს ვახტანგ ახვლედიანი 19 ივნისის ჩვენებაში: „გზაზე რომ გამოვედი, მე დავურეკე ჩემი მობილური ტელეფონიდან ჩემს მეგობარ გიორგი ქათამაძეს და ვკითხე, სად ხარ-მეთქი, რა დროსაც გიორგი იქვე, საიდანღაც ბუჩქებიდან გამოვიდა საავტომობილო გზაზე, ხოლო ის სამი ახალგაზრდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, სად წავიდნენ და სად იყვნენ, არ ვიცი. ამის შემდეგ, მე დავურეკე ჩემს მეგობარ ლუკა ბეჟანიშვილს და ვთხოვე, მოსულიყო ჩვენთან და წავეყვანეთ სახლში. რამდენიმე წუთში ჩვენთან მოვიდა ჩემი მეზობელი კახა, გვითხრა, ლუკამ გამოგვგზავნაო, რის შემდეგაც, მე და გიორგი ქათამაძე ჩავჯექით კახას ავტომანქანაში და წავედით სახლში“. არადა, სატელეფონო ამონაწერების თანახმად, ვახტანგ ახვლედიანი, თავის მეგობარ ლუკა ბეჟანიშვილთან, რეკავს არა გიორგი ქათამაძესთან შეხვედრის შემდეგ, არამედ მასთან შეხვედრამდე. პირველი ზარი ახვლედიანმა ბეჟანიშვილთან განახორციელა 00:49 წუთზე. ანუ, სატელეფონო ამონაწერები და ახვლედიანის ჩვენება ერთმანეთისგან აცდენილია. მცხეთიდან თბილისში დაბრუნების სრულიად განსხვავებულ ვერსიას უყვება გიორგი ქათამაძე გამოძიებას. მისი ჩვენების თანახმად, ვახტანგ ახვლედიანმა მას თეთრი ფერის მანქანით მიაკითხა: „მოვიდა თეთრი მანქანა, რომელიც გაჩერდა გზის პირას. ამ დროს დამირეკა ვახტანგ ახვლედიანმა და მკითხა, სად ვიყავი. მე მივხვდი, რომ თეთრი ფერის მანქანით ახვლედიანი იყო მოსული, წამოვდექი და წავედი მისკენ. როდესაც მივუახლოვდი მანქანას, დავინახე, რომ უკანა სავარძელზე, მარჯვენა მხარეს იჯდა ვახტანგ ახვლედიანი, წინა სავარძელზე იჯდა ჩემთვის უცნობი პიროვნება, ხოლო დანარჩენი არ მახსოვს, რადგან თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. ჩავჯექი მანქანაში და წავედით თბილისის მიმართულებით. გზაში ვახტანგს ვეკითხებოდი, სხვები სად იყვნენ, თუმცა, რას მპასუხობდა, არ მახსოვს, რადგან თავს ვგრძნობდი შეუძლოდ“. რატომ დააფიქსირა წიწამურის სატელეფონო ანძამ ვახტანგ ახვლედიანის ტელეფონი ინციდენტის ტერიტორიაზე 01:49 წუთზე, ანუ, იმაზე 38 წუთით დიდხანს, ვიდრე ეს ჩვენებებშია აღწერილი, ამ კითხვაზე პასუხის მოძიება რადიო თავისუფლებამ, ამ ეტაპზე, ვერ მოახერხა, რადგან ვახტანგ ახვლედიანის ადვოკატი, მზია ქასრაშვილი რამდენიმე დღეა მედიასთან კომენტარს აღარ აკეთებს. წიწამურის ანძის შემდეგ, ვახტანგ ახვლედიანის ტელეფონს, თბილისში მდებარე, ე.წ. არქივის ანძა, 03:29 წუთზე აფიქსირებს. სატელეფონო ანძების ამონაწერები არაფერს ამბობენ იმაზე, თუ სად იმყოფებოდა ვახტანგ ახვლედიანი 19 ივნისის ღამეს, 01:49 წუთიდან 03:29 წუთამდე. ამის შესახებ არც ახვლედიანის ჩვენებებში წერია რამე. ერთადერთი, რასაც ის ამბობს, თბილისში დაბრუნებისას, „უბანში მივიდა“, იქ დახვდა მეგობარი კონსტანტინე ღიბრაძე, რომელიც ასევე იმყოფებოდა 19 ივნისის ღამეს მცხეთის საავტომობილო ტრასაზე, თუმცა, ტერიტორია მდევრების გამოჩენისთანავე, სახელდახელოდ გაჩერებული ტაქსით დატოვა. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებისა და ვიდეოკადრების თანახმად, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის პასუხი, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. , , რადიო თავისუფლება"
0