ახალგორელი აქტივისტის ცნობით, 5 ახალგაზრდას ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის უფლება მისცეს

0
ოკუპირებული ახალგორის რაიონიდან ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად გამოუშვებენ ხუთ ახალგაზრდას. ადგილობრივი დე ფაქტი ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „ეხო კავკაზას“ აცნობა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა. აქტივისტის განცხადებით, „მათთვის გზა გაიხსნება“. რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა ახალგორელი აბიტურიენტები გააფრთხილა, თავი შეეკავებინათ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისგან, რადგან სახლში დაბრუნებას ვეღარ შეძლებდნენ. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები ე.წ. საზღვრების დაკეტვის გამო, ერთიან ეროვნულ გამოცდებში ვერ მონაწილეობენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და სწავლის საფასურს სახელმწიფო გადაუხდის. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი მარტში დაკეტა კორონავირუსის პანდემიის გამო. მარტის შემდეგ "საზღვარი" რამდენჯერმე, ჰუმანიტარული მიზნით გახსნეს. ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ დანარჩენ საქართველსოთან ე.წ. საზღვარი ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში დაკეტა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო. https://www.radiotavisupleba.ge/a/30713957.html
#ახალი_ამბები
#twitter
0