რეგიონებში უწყლობას აპროტესტებენ

0
თერჯოლაში, სოფელ კვახჭირში 500-მდე ოჯახი წყალს უშედეგოდ ელოდება. ორ წელზე მეტია, ხელისუფლება მათ სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას ჰპირდებათ. ბიუჯეტიდან ფული გამოიყო, სასმელი წყლისთვის მილებიც გაიყვანეს, რისთვისაც მილიონობით ლარი დაიხარჯა, თუმცა, მოსახლეობას წყლის მოსატანად ისევ კილომეტრების გავლა უწევს. სოფლის პრობლემა სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა, სადაც აღნიშნულია, რომ კვახჭირის გარდა, სოფელ ოდილაურში წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები 2017 წელს უნდა დასრულდებულიყო, თუმცა, მუნიციპალიტეტმა წყლის გაყვანა ვერ უზრუნველყო. აუდიტის თანახმად, სამუშაოების მიმდინარეობისას გაირკვა, რომ პროექტი უზუსტობებს შეიცავდა. პრობლემის მოგვარების მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რასაც ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფა მოჰყვა, თუმცა, სამუშაოები კვლავ უხარისხოდ შესრულდა. აუდიტის დასკვნას და ადგილობრივების ბრალდებებს გამგებელი პასუხობს და ადასტურებს, რომ მილიონობით ლარის დახარჯვის მიუხედავად, წყლის პრობლემა მოუგვარებელია. ის პასუხისმგებლობას თავს არიდებს და ამბობს, რომ 2017 წელს, სამუშაოების ჩაბარების მომენტში, ის მაღალჩინოსანი არ იყო, ახლა კი, მისი თქმით, თერჯოლის მერია პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გარდა, წყლის მოუგვარებელი პრობლემა გააპროტესტეს გურიაშიც. ანასეულში მოსახლეობამ ხელისუფლების უყურადღებობას უჩივის. ადგილობრივები ამბობენ, თვეებია სასმელი წყლის გარეშე არიან დარჩენილები, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობა მათი პრობლემის მოგვარებას არ ჩქარობს. ანასეულში მცხოვრებლები წყლის პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ცენტრალური გზის გადაკეტვასაც არ გამორიცხავენ. ანასეულში მცხოვრებლებს ოზურგეთის მერიაში უპასუხეს, სადაც ამბობენ, რომ სამუშაოების გაჭიანურება პანდემიამ გამოიწვია, რადგან რამდენიმე თვის განმავლობაში სამუშაოები შეჩერებული იყო. წყლის მიწოდება კი, რაზეც ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი იხარჯება, მერის მოადგილის თქმით, ოქტომბრის ბოლომდე მოგვარდება. აქცია იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელშიც. თაზაქენსა და თეთრიწყაროში მოსახლეობამ სოფლის სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე დატოვება გააპროტესტა. სოფელ თაზაქენში ამბობენ, რომ მილებში წყლის ნაცვლად კანალიზაცია მოედინება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთაში კი ამბობენ, რომ 8-მილიონიანი პროექტის არსებობის მიუხედავად, სოფელი წყლის გარეშეა დარჩენილი. აქციაზე მერსა და მოსახლეობას შორის კამათი მერის რეპლიკა მოჰყვა, რომელმაც პროტესტში მონაწილეები "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებად მოიხსენია. მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლება მათ პრობლემების მოგვარებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ პირდებათ, თუმცა, არჩევნების შემდეგ, დაპირება აღარავის ახსოვს. სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა რომ "ოცნების" ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, სამ მუნიციპალიტეტში გამართულმა აქციებმა კიდევ ერთხელ აჩვენა. მოსახლეობა პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციების გაგრძელებას არ გამორიცხავს. "მთავარი არხი" http://pirveliradio.ge/?newsid=146968
0