ვფიქრობთ, ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება - საპატრიარქო

0
ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრიარქო იმედოვნებს, რომ „ეს დამოკიდებულება მეგობარი სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნება არა როგორც მის შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ ჩვენი, როგორც ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსაზრებად და გულისტკივილის გამოხატულებად“. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თვალყურს ადევნებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აია-სოფიას, რომელიც აშენდა როგორც გამორჩეული ქრისტიანული ტაძარი და ამ სახით ფუნქციონირებდა თითქმის 1000 წლის მანძილზე, შესაძლოა, სტატუსი შეეცვალოს. ცნობილია ისიც, რომ თურქეთის მხარის ეს განაცხადი გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა, თუმცა, ახლა, როდესაც კაცობრიობა არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას; ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება. პატივს ვცემთ რა თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ვიმედოვნებთ, რომ ეს დამოკიდებულება მეგობარი სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნება არა როგორც მის შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ ჩვენი, როგორც ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსაზრებად და გულისტკივილის გამოხატულებად. იმედი გვაქვს, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები კვლავაც გაღრმავდება, რაც ფრიად სასიკეთო იქნება ორივე ქვეყნისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში. აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების ინიციატივით არაერთხელ გამოვიდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. უშუალო საჩივარი სასამართლოში ადგილობრივმა ასოციაციამ წარადგინა, რომელიც ამტკიცებს, რომ აია სოფია ოსმალთა სულთნის, მეჰმედ მეორის საკუთრება იყო, რომელმაც კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ აია სოფიას ეკლესია მეჩეთად გადააკეთა. ასოციაცია ამტკიცებს, რომ 1934 წელს აია სოფიას მუზეუმად გადაკეთების გადაწყვეტილება კერძო საკუთრების კანონის დარღვევაა. ამასთან, „როიტერი“ წერს, რომ აია სოფიას სტატუსზე თურქეთის სასამართლო გადაწყვეტილებას 10 ივლისს გამოაცხადებს.
0