არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაფასეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შედეგები და გამოწვევები

0
9 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაჯამეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისთვის“. ვრცელი ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო 14-მა ორგანიზაციამ. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა“ (GIP) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე, ხუთ პარალელურ ონლაინ-პანელზე იმსჯელეს ექსპერტებმა. რაც შეეხება დოკუმენტს, 20 შედეგს შორის განხილული იყო: სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეტი ჩართულობა, გენდერული თანასწორობა, სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერება და მედიის პლურალიზმის და დამოუკიდებლობის მხარდაჭერა, ეკონომიკის განვითარება, სასამართლო რეფორმა, უსაფრთხოება, ეკოლოგია. ავტორები აღწერენ მიღწევებს, გამოწვევებსა და სთავაზობენ როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე ევროკავშირს რეკომენდაციებს ცალკეული პრობლემის გადასაჭრელად. პირველი თავი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობასა და მათთვის შექმნილ გარემოს ეძღვნება. რეკომენდაციების ნაწილში წაიკითხავთ: „მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ თავი შეიკავოს დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებების გავრცელებისგან და ბოლო მოუღოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ გახორციელებული სიტყვიერი შეტევების შემაშფოთებელ შემთხვევებს. მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იქნას სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეკომენდაციები სხვადასხვა რეფორმასა და პოლიტიკასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფა პოლიტიკის შემუშავების ციკლში, ფორმულირებისა და დაგეგმვის ეტაპების ჩათვლით“. აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტებს შორის პირველია ეკონომიკის გაძლიერება. საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშის ეკონომიკურ ნაწილში მნიშვნელოვანი პრობლემებია გამოყოფილი. ავტორები დადებით შედეგებს შორის აღნიშნავენ იმას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო ლიდერია მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსში, თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ ამ ფაქტის მიუხედავად, მცირე და საშუალო საწარმოების წილი მთლიან შიდა პროდუქტში კვლავაც ძალიან დაბალია და მათი განვითარებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება ფინანსების მიუწვდომლობა რჩება. იმავე თავში წაიკითხავთ: „მუშაობის გაგრძელებაა საჭირო სტრუქტურულ რეფორმებზე: იმის მიუხედავად, რომ საპენსიო რეგორმა მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო პროექტია, მის მიმართ ნდობის ნაკლებობაა და გამჭვირვალების დეფიციტი არ ქმნის ასეთი ფონდის მიმართ ნდობის საფუძველს. გამოწვევებს შორის რჩება: უმუშევრობა, კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი, მნიშვნელოვანი სავაჭრო დეფიციტი, საგარეო გამოწვევები და ვალუტის რყევა და თანმხლები ფინანსური კრიზისი“. ფინანსების მისაწვდომობის საკითხს ცალკე თავი ეთმობა: „ჯერ კიდევ არსებობს წარმოებისა და ექსპორტის შესახებ ინფორმაციასა და კაპიტალზე წვდომის გაუმჯობესების საჭიროება. ბანკებს მიღმა ფინანსური ნაკადები ძალიან შეზღუდულია და კვლავაც ძალიან მცირე კონკურენციაა, ვინაიდან კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია. ეს ქმნის არახელსაყრელ პირობებს - საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს შორის“. საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალური პრობლემის - უმუშევრობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია: „საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე ევროკომისიის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, უმუშევრობა საქართველოში კვლავაც მაღალია, 11.1% (მეორე კვარტალში). თვითდასაქმებულთა რაოდენობა აჭარბებს დასაქმებულებისას. არის მკვეთრი განსხვავებები სხვადასხვა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის. რამდენადაც ეკონომიკის გაძლიერება უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის სამუშაო ადგილების შექმნის პოლიტიკასთან კავშირში გულდასმით კვლევა (რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ღირსეულ და სტაბილურ დასაქმებას). თუმცა, ეს საქართველოს ან ევროკავშირის მიერ არ გაკეთებულა. არ არსებობს ოფიციალური, სიღრმისეული კვლევა ამ საკითხზე. საქართველოს არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ შეუსწავლია სამუშაო ადგილების შექმნის სტატისტიკა: (საქართველოში რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე სამუშაო ადგილების შექმნის ინდექსი - სექტორები, სფეროები, ხანგრძლიობა, სტაბილურობა, რეალური ხელფასები, დინამიკა და ა.შ.). ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი მყისიერ ყურადღებას მოითხოვს და საყოველთაო ინტერესის საგანია, რომ გადაიხედოს და განხილული იყოს ევროინტეგრაციის სოციალური განზომილება“. სამართლის უზენაესობის და ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერების ნაწილში არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ:  „მოქმედ კანონმდებლობაში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება იმ შესაბამისი მარეგულირებელი დებულებების არარსებობა, რომლებიც ეხება სესხებს, მესამე მხარეების მიერ კამპანიების დაფინანსებას და დაფინანსების ანგარიშგების მოთხოვნებს, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების/კანდიდატებისთვის“. კორუფციასთან ბრძოლაში მთავარ პრობლემად სახელდება ის, რომ „არ არსებობს კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი სამსახური“. ანგარიშის ავტორები რეკომენდაციის სახით ხელისუფლებას სთავაზობენ: „მოხდეს ადმინისტრაციული რესურსების კონსოლიდაცია დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება აუცილებელი ფინანსური და ადამიანური რესურსებით ქვეყნის მასშტაბით ანტიკორუფციული ღონისძიებების განსახორციელებლად. განხორციელდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის და გენერალური პროკურატურისთვის ანტიკორუფციული საქმეების გამოძიების უფლებამოსილების ჩამორთმევა, საგამოძიებო უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით“. ვრცელ დოკუმენტში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მართლმსაჯულების რეფორმის გზაზე არსებულ გამოწვევებს: "სამართლიანი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებასა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფისკენ მიმართული სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღის განხორციელების მიუხედავად, ხელისუფლებამ ვერ გამოავლინა ძლიერი პოლიტიკური ნება რაიმე მნიშვნელოვანი და თანმიმდევრული ცვლილებებისთვის“. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არის ევროკავშირისა და მისი პარტნიორი 6 ქვეყნის (აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის) ერთობლივი ინიციატივა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2009 წელს. აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ამ ურთიერთობების ჩარჩოს ქმნის ევროკავშირსა და ცალკეულ ქვეყანას შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებები, ასოცირების დღის წესრიგები და “აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისთვის”, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის ბრიუსელის სამიტზე განისაზღვრა და ოთხ პრიორიტეტულ სფეროს მოიცავს: ეკონომიკის გაძლიერებას, მმართველობის გაძლიერებას, კავშირების გაძლიერებასა და საზოგადოების გაძლიერებას. https://www.radiotavisupleba.ge/a/30715603.html
#ახალი_ამბები
#twitter
0