სეიმის წევრი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს პოლონეთისთვის საზღვრის უპირობოდ არგახსნისთვის

0
პოლონეთის სეიმის წევრი მალგოჟატა გოშიევსკა „ფეისბუკზე“ ეხმაურება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის უპირობო გახსნის გადაწყვეტილებას. ამ ქვეყნებს შორის ვერ მოხვდა პოლონეთი. „სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნის ქვეყნის საზღვრებს ევროპის 5 ქვეყნისათვის. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. სხვა ევროპის ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის პოლონეთის, შეუძლიათ საქართველოში ჩასვლა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წასვლამდე გაივლიან 14-დღიან კარანტინს, რომლის საფასურის დაფარვაც თავად მოუწევთ”, - წერს გოშიევსკა. პარტია „კანონი და სამართლიანობის“ დეპუტატი სვამს კითხვას, რას ნიშნავს ეს საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის? გოშიევსკა ტურისტების სტატისტიკურ მონაცემებსაც იშველიებს. „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებიდან ჩანს, რომ 2019 წელს, საქართველოს ესტუმრა 88.300 პოლონელი ტურისტი, (გერმანიიდან 89.051, საფრანგეთიდან 27.952, ლიეტუვიდან 22.381, ლატვიიდან 20.514, ესტონეთიდან 13, 482). ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების 30%-ი ფინანსურად დამოკიდებულია ტურიზმზე. არაოფიციალური ინფორმაციით, მათი რიცხვი აღწევს 70%-ს. ფინანსურ მოგებას ტურისტულ სფეროში ნახულობენ არა მხოლოდ ზღვისპირა სასტუმროები და სამთო კურორტები, არამედ აგროტურიზმის მეურნეობები, სატრანსპორტო კომპანიები, ტაქსის მძღოლები, სასურსათო და სუვენირების მაღაზიები, რესტორნები და მეღვინეები . აღსანიშნავია, რომ გერმანელი ტურისტებიდან ძირითადად სარგებლობას ნახავენ დიდი ტურისტული კომპანიები, რომლებიც არიან საზღვარგარეთ არსებული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები საქართველოში ან ტურისტული სააგენტოები, რომელებიც არიან მთავრობასთან კავშირში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რიგითი ქართველები აღმოჩნდებიან კიდევ უფრო დიდ სიღარიბეში ვითარებიდან გამომდინარე ვიდრე ამჟამად. რას ნიშნავს ეს პოლონეთისთვის, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს განვითარების ყველა სფეროს?“, - აღნიშნავს სეიმის წევრი. მალგოჟატა გოშიევსკა პოლონური ავიაკომპანიისთვის მიყენებული ზიანის შესახებაც საუბრობს. „საქართველოს ხელისუფლების განცხადებიდან ირკვევა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ზემოაღნიშნული ხუთი ქვეყნის ავიაკომპანიებთან, საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველწლიურად არდადეგების პერიოდში უამრავი პოლონელი მიემგზავრება საქართველოში, შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უშუალოდ ზიანს აყენებს პოლონურ ავიაკოპანია LOT-ს. მთავრობის გადაწყვეტილება გაუგებარია, მისი ახსნა ეპიდემიოლოგიური საფრთხის თვასაზრისით არ არის მართებული, რადგან ბოლო 7 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად გერმანიაში 500 ით მეტია ვიდრე პოლონეთში (დაინფიცირებულთა რიცხვი: გერმანია 2441 , პოლონეთი -1914 ). უნდა აღინიშნოს, რომ ეპიდემიის დროს პოლონეთმა საქართველო არ დატოვა დახმარების გარეშე და ივნისში, სოლიდარობისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ვირუსთან საბრძოლველად პერსონალური დაცვის ეკიპირების სახით ჰუმანიტარული დახმარება გადასცა, რომელის ღირებულებაც შეადგენდა 183 , 000 ზლოტს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ჩნდება კითხვა, ვის ინტერესებს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა?“ - ამატებს სეიმის წევრი. საქართველოს საზღვარი 5 ქვეყნის - გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის გაიხსნა. მათ საზღვარზე მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლა და საზღვრის გადაკვეთამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია უნდა ასახოს. თუ პირს 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდა, ჩაუტარდებათ კორონავირუსზე ტესტირება. https://www.radiotavisupleba.ge/a/30717018.html
#ახალი_ამბები
#twitter
0