მოხუცი ჯამბაზები

0
წლები მიდის, ეპოქები იცვლება. თაობებიც ერთმანეთს ანაცვლებენ, მაგრამ თაობათა შორის ჩაუტეხელი ხიდის როლს დღემდე შეუცდომლად ასრულებს კულტურა. ხელოვნების უკვდავი ნიმუშები უცვლელ ემოციას აღძრავს ერთმანეთისაგან საუკუნეებით დაშორებულ ადამიანებში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხელოვნების ისეთი დარგისთვის, როგორიცაა თეატრი, საკმაოდ რთული აღმოჩნდა ტექნოლოგიური მიღწევების პოქაში ძველი დიდება შეენარჩუნებინა. დიდებაში მოვიაზრებ აუდიტორიის სიმრავლეს, თორემ სპექტაკლის ფასეულობას ცხადია ეს უკანასკნელი არ და ვერ შელახავდა. რატომღაც ისე ხდება, რომ ჩვენი თაობა დროს ისე ვფლანგავთ, თეატრისთვის იშვიათად თუ მოვიცლით ხოლმე. სამწუხაროდ, სცენაზე გაცოცხლებული ისტორიების ხშირი ხილვით ვერც მე დავიკვეხნი, თუმცა იშვიათ შემთხვევაშიც მიღებული ემოციების მოზღვავებული რაოდენობა, წლების მანძილზე არ ქრება. ბოლო სპექტაკლზეც კონკრეტული პროექტის ფარგლებში აღმოვჩნდი. თეატრთან მისულს უფროსი თაობის წარმომადგენლები დამხვდნენ. იქვე შევნიშნე სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ხელმძღვანელობას წამოეყვანა წარმოდგენაზე დასასწრებად. იმ დღეს თეატრში რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ შეგვკრიბა. სპექტაკლი მოხუცთა თავშესაფარზე გვიამბობდა, სადაც ძველ მსახიობებს მოეყარათ ერთად თავი. „მოხუცთა ჯამბაზები“ აფრიკელი სცენარისტის რონალდ ჰარვურდის პიესის მიხედვითაა შექმნილი. იგი 1999 წელს დაიწერა. აქვე აღვნიშნავ, რომ პიესის ავტორს 2003 წელს ოსკარი აქვს მიღებული ფილმ „პიანისტის“ სცენარისთვის. რაც შეეხება სპექტაკლს, იგი საქართველოში პირველად 2008 წელს რუსთაველის თეატრში იხილა მაყურებელმა და მას შემდეგ მისი ყველა დადგმა ანშლაგით მიმდინარეობს. საინტერესო დეტალია ისიც, რომ პიესის მიხედვით მხოლოდ და მხოლოდ ოთხი გმირი თამაშობს, მაგრამ ქართველმა რეჟისორმა რამდენიმეს დამატება გადაწყვიტა.
აქ თქვენ ნახავთ ყველასათვის საყვარელ მსახიობთა ერთობას. მარტო კახი კავსაძე რად ღირს, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. ყველასათვის საყვარელ არტისტს გვერდს უმშვენებენ: ჯემალ ღაღანიძე, მარინა ჯანაშია და მარინა კახიანი. გურამ საღარაძისა და მედეა ჩახავას გარდაცვალების შემდეგ კი მათი როლები თენგიზ გიორგაძემ და მანანა გამცემლიძემ შეითავსეს. ახლა კი ცოტა რამ სიუჟეტზეც რომ ვთქვათ. როგორც უკვე ვახსენე, მოქმედება მოხუცთა თავშესაფარში ვითარდება, სადაც ერთად მოიყარეს თავი ხელოვანებმა. ძირითადად კი ძველმა მსახიობებმა და ოპერის მომღერლებმა. მაყურებლისგან დავიწყებული მსახიობები ოჯახის წევრებმაც უარჰყვეს და ახლა ერთად უწევთ ცხოვრების სირთულეების დაძლევა. მუდმივი კამათი, ერთმანეთის მიმართ თითქოს და ზიზღით ნათქვამი სიტყვები საბოლოოდ იცვლება და საერთო მიზნისკენ მოხუცი ჯამბაზები ერთად მიდიან. თითოეულის ოცნება აქ მხოლოდ და მხოლოდ ძველი დიდების დაბრუნება და იმის განცდაა, რასაც სცენაზე დგომისას გრძნობდნენ ხოლმე. თუნდაც ერთხელ მაინც დაკრული ტაში მათთვის უდიდესი ბედნიერების მომტანი იქნება. სწორედ ამ მიზნით მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები მსახიობები ბოლოს საერთო სურვილის ირგვლივ ერთიანდებიან და სპექტაკლს დგამენ. ბევრი დაბრკოლება, მუდმივი იმედგაცრუება, კამათი - რთული გზის გავლის შემდეგ მიღწეული მიზანი და მოხუცების უდიდესი სიხარული. განცდილი ემოციები, რომლებიც ასმაგად უფრო გამძაფრებული ფორმით აღწევს მაყურებლამდე და დაუვიწყარს ხდის მას. თითოეული მსახიობის ოსტატობა თავისას შვრება და გულში ჩამწვდომი ემოციით ამბობს სპექტაკლის მთავარ სათქმელს. პერსონაჟების გასაჭირი, ტკივილი და განცდა ბოლომდე აღწევს მაყურებლის გულში და მას მოქმედების თანამონაწილედ აქცევს. სცენაზე მოქმედებას დაუვიწყარს ხდის მონოლოგები, რომლებშიც პერსონაჟები ბოლომდე გადმოსცემებს საკუთარ განცდებს და მაყურებელს გულგრილს არ ტოვებენ. საკუთარ თავთან ნამთქვამი სიტყვები ყველა ჩვენგანს დააფიქრებს იმ რთულ ცხოვრებაზე, რომლითაც მსახიობები ცხოვრობენ. გარდა ამისა, მაყურებელში იგი აღძრავს უამრავ სხვა განცდას. დააფიქრებს იმაზე, თუ რა რთულია, როცა სულს კვლავ უნდა ძველი, საყვარელი საქმიანობის გაგრძლება, მაგრამ სხეულმა მეტამორფოზა განიცადა და ეს შეუძლებელია. სპექტაკლის ფასეულობაზე საუბარი დაუსრულებლადაა შესაძლებელი. დრამატურგიისა და კომედიის გემოვნებიანი ნაზავი ერთ წუთს გააცინებს მაყურებელს, მეორე წუთს კი თვალზე ცრემლს მოჰგვრის. საკმაოდ ძველი პიესის ქართულ სცენაზე გაცოცხლება ნამდვილად რომ დასაფასებელია. თანამედროვე შტრიხებთურთ სპექტაკლი კიდევ უდრო მიმზიდველი და საინტერესოა ყველა თაობის მაყურებლისათვის. მუსიკალური გაფორმება შეუდარებელია, თითქოს ამ სპექტაკლისთვის შექმნილა თითოეული ნოტი. ვერდის რიგოლეტოს ფონზე შესრულებული ოსტატობა კიდევ უფრო დაუვიწყარი სანახაობაა მაყურებლისთვის. განათებაც შესაბამისი. როგორც უკვე ვახსენე, ძალზე ემოციური მონოლოგების დროს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მსახიობი გვხვდება მკაფიოდ განათებული, რაც ემოციურ ფონს უფრო მეტად ზრდის. პერსონაჟების ხასიათს მორგებული განათება და ქორეოგრაფიული ჩართვები სპექტაკლს განსაკუთრებულ მუხტს სძენს.
აგერ უკვე მეთერთმეტე წელია სპექტაკლის ყოველი დადგმა ანშლაგით მიმდინარეობს. და მაინც რა ხდის მას ასე გამორჩეულს? ძალზე ღრმა პიესა? მსახიობების პროფესიონალიზმი თუ რეჟისორის სწორი გადაწყვეტილებები. იქნებ ყველაფერი ეს ერთად. სწორედ ესაა პასუხი. ყველა დეტალი ერთად და ცალ-ცალკე ქმნის იმას, რაც ასე უყვარს მაყურებელს წლებია. ამის დასტურიც ხომ სწორედ სპექტაკლის ბოლოს დაუსრულებელი ტაშია, რომელსაც ასე ძლიერ ნატრობდა მოხუცი ჯამბაზი და ასე უხვად მიიღო მისმა როლის შემსრულებელმა. ფოტო: teatri.ge
#feedcgrant
Feedc
0