რას ყვება ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ შაქარაშვილის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში

0
რას ყვება ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში, - საგამოძიებო ორგანოსთვის ბილანიშვილის მიერ მიცემულ ჩვენებას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. „2020 წლის 18 ივნისს დილის საათებში გამოვედი სახლიდან და ჩვეულებრივ უბანში ვიყავი მეგობრებთან სალაპარაკოდ. დროგამოშვებით შევდიოდი სახლში და გამოვდიოდი ისევ ჩემს ქუჩაზე მეგობრებთან, ზოგადად მახსოვს, რომ მთელი დღის განმავლობაში ჩუღურეთის უბანს არ გავცილებივარ, ყოველ შემთხვევაში დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ქალაქის ტერიტორიიდან არ გავსულვარ. ღამის საათებშიც ვიმყოფებოდი სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად, ვსარგებლობდი Facebook-ით და სხვადასხვა სოციალური ქსელით და დაახლოებით, უკვე 2020 წლის 19 ივნისის 02:00 საათისთვის დავწექი დასაძინებლად. ჩვეულებრივ მეძინა დილამდე და არსად გავსულვარ. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ გავიგე მეორე დღეს ტელევიზიიდან. პიროვნებებს – თენგიზ ბარბაქაძეს, ნიკა ჟვანიას, ლაშა შერმანდინს, გიორგი მერაბიშვილს, ირაკლი მუმლაძეს, ნიკოლოზ ქანაშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ვასილ მახარაძეს, აკაკი ქვრივიშვილს, საბა ჩხარტიშვილს, საბა გოქშელიძეს, ირაკლი წაქაძეს, ნიკოლოზ ცუცქირიძეს, გიგა ტატიაშვილს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ზეზვა ხომასურიძეს, გიორგი ქათამაძეს, ნიკა ხეჩოშვილს, გურამ ამირხანაშვილს, კონსტანტინე ღიბრაძეს, იაკობ ბრეგვაძეს, ვახტანგ ახვლედიანს, ვახტანგ ჩიქოვანს, ანი გაბეჩავას, არ ვიცნობ. მათი სახელი და გვარები პირველად მესმის, არ გამოვრიცხავ რომელიმე მათგანი სადმე შემხვედრია, მაგრამ არ მახსოვს ზემოთ დასახელებულ პიროვნებებთან როდესმე რაიმე სახის ურთიერთობა მქონოდა. არც გიორგი შაქარაშვილს ვიცნობდი. 2020 წლის 7 ივლისს მე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ვნახე სიუჟეტი, სადაც გარკვეული სახით დამაკავშირეს ამ საქმესთან და ვინმე გურამ ამირხანაშვილთან, თითქოს მას შევხვდი 2020 წლის 19 ივნისის ღამეს „დიდუბის“ მეტროსთან. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, რადგან არც გურამ ამირხანაშვილს და არც დანარჩენ პიროვნებებს არ ვიცნობ, ამ საქმესთან დაკავშირებით არავის არასდროს არ შევხვედრივარ და არც დისტანციური საუბარი მქონია. შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ამ სიუჟეტში გასული პირი მე არ ვარ და კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ მთელი ის დღე და ღამე ვიმყოფებოდი ჩემს უბანში და სახლში. მე დღეს ვიმყოფებოდი „მაგთიკომის“ ოფისში, რომლის აბონენტიც ვარ და დამადასტურებლად იმისა, რომ 2020 წლის 18 ივნისის ღამის საათებიდან 2020 წლის 19 ივნისის დილის ჩათვლით ვიმყოფებოდი სახლში, გამოძიებას წარვუდგინე ჩემი ტელეფონის ნომრის დეტალური ამონაბეჭდი, 9 ფურცლად, რომელიც შეგიძლიათ დაურთოთ საქმეს. მე ასევე დამატებით წარმოგიდგენთ ჩემი ტელეფონის ინტერნეტ ტრაფიკის მონაცემებს საქმეზე დასართავად“, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ გავიგე 2020 წლის 19 ივნისს ტელევიზიის მეშვეობით. მე ამ თემაზე საუბარი არავისთან მქონია. ზოგადად ტელევიზიიდან ვიცი, რომ ჩხუბში მონაწილეობდნენ ნახალოვკელები და საბურთალოელები - კონკრეტულად ვინ, დღესაც არ ვიცი. მცხეთის ტერიტორიაზე ბოლოს დაახლოებით ერთი თვის წინ ვიმყოფებოდი. ტელეეთერში ნანახი მიკროავტობუსი არ მეცნობა, არ ვიცი თუ ვის ეკუთვნის. თეთრპერანგიანი ახალგაზრდა, რომელზეც ტელეკომპანიები ამბობდნენ, თითქოს მე ვიყავი, მე არ მეცნობა“, - ნათქვამია ბილანიშვილის მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის 8 ივლისს მიცემულ ჩვენებაში. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. ექსპერტიზის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
0