64 votes
15 comments
445 shares
Save
ყველაზე ინოვაციური და შთამაგონებელი ნიჭი - დავით გიორგაძე და მისი „კადრჭერა“
897 reads
ქორიძე ამირანი
Tbilisi · 3 weeks ago

წამი იყინება. ეს დროის ის მომენტია, რომელიც აღარ განმეორდება, ვეღარ შეიქმნება. ყოველი კადრი რეალობის ჭეშმარიტ სიუხვეს ამჟღავნებს, თუ რაოდენ მდიდარი და მრავლისმთქმელია თითოეული დეტალი. კარგი ფოტოგრაფის ნამდვილი ნიჭიც სწორედ მსგავსი, ანუ ყველაზე მეტად ექსპრესიული რაკურსის პოვნა და შემდეგ მისი „კადრჭერაა“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფოტოგრაფიას, ფაქტობრივად, ახლახან ჩაეყარა საფუძველი, არსებობენ არტისტები, რომლებმაც არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც სახელები დაიმკვიდრეს. მსგავს ხელოვანებს შორის აუცილებლად აღსანიშნია დავით გიორგაძე, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული თვალთაღქმითა და სპეციფიკური ესთეტიკურობით.

გასაოცარია, თუ რამხელა ძალა აქვს ხელოვნებას, როგორ ძალუძს შეგიცვალოს ცხოვრების ფერთა სპექტრი და მისი აღქმის უნარი, როგორ აღვივებს შთაგონებას და შეფარვით, მეტაფორულადაც კი წარმოაჩენს უნიკალურობას, სინამდვილეს, როგორ გვასწავლის სიყვარულს, მოწყვლადობასა და გულისხმიერებას. ხელოვნება უსაზღვროდ მიმღებია, მიგიღებს იმ იდენტობით, რომელიც ნამდვილია, შენია. სწორედ, ამან გაუღვივა დავითს ბავშვობაში „კადრჭერის“ ნიჭიც და ცხოვრების იმ ბილიკზე დააყენა, რომელზეც ახლა დგას. გიორგაძის ხელოვნებაზე განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია, როგორც კინოსადმი, ასევე დიდი რეჟისორების - ალეხანდრო ხოდოროვსკისა და ქშიშტოფ კესლევსის ნამუშევრების სიყვარულმა. დავითმა თავდაპირველად ძველი საბჭოური კამერებით, ფირებით დაიწყო ფოტოების ბეჭდვა. წლების შემდეგ, მან მოახერხა თბილისური კომერციული რეკლამებიდან „ბრიტანეთის მოდის საბჭოს“ მიერ გაოქვეყნებულ სიაში, ას „ყველაზე ინოვაციურ და შთამაგონებელ“ არტისტებს შორის ადგილის დაკავება. ყოველივე ეს კი - თავისი საქმის სიყვარულითა და თავდადებით.

ამ დროისთვის, დავითი ბერლინში მოღვაწეობს. მას ისეთ ცნობილ პუბლიკაციებთან უთანამშრომლია, როგორებიც Another Man, CR MEN, Ansinth, Carcy, Dazed, INTERVIEW MAGAZINE და MASSES MAGAZINE არიან. გასულ წელს, ამ ჩამონათვალს ერთ-ერთი საქვეყნოდ ცნობილი ფრანგული ჟურნალი Antidote-იც დაემატა, რომელთან კოლაბორაციაც, გიორგაძის კარიერაში ნამდვილად ხაზგასასმელი და დასამახსოვრებელია. მოგეხსენებათ, ჟურნალი სეზონურ ხასიათს ატარებს. იგი წელიწადში ორჯერ გამოდის და თითოეულ ჯერზე თითო ფოტოგრაფთან მუშაობს. შესაბამისად, ფოტოებიც მხოლოდ იმ არტისტებს ეკუთვნით, რომლებთანაც შეთახმება აქვს გაფორმებული. დავითთან თანამშრომლობის დროს, მაშინდელი სეზონის სათაური „გადარჩენა“ იყო.

ძალიან საინტერესოა გიორგაძის ინტერვიუ ამავე ჟურნალთან, სადაც იგი ქართულ რეალობასაც უთმობს ყურადღებას: - „ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ჩემს ქვეყანაში ქართული მუსიკაა. ღამის სამყარო გუგუნებს. იგი გასაოცარი, ამაღელვებელია. ხალხი ბრძოლისას ერთმანეთს მხარს უჭერს, იმისთვის, რისიც სწამთ, მათ შორის „ლგბტ+“ უფლებებისათვის იმ ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს სტატუსს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ჰომოფობიური სახელწიფო მთელ მსოფლიოში“. განა ეს ნამდვილი ბრძოლა არაა გადარჩენისთვის?! შესაბამისად, ისიც შეიძლება ვიფიქროთ, რომ დავითის ნამუშევრები Antidote-ის „გადარჩენაში“, სწორედ ამაზეც ამახვილებს ყურადღებას.

გიორგაძის ობიექტივს არაერთი ისეთი ცნობილი სახე დაუფიქსირებია, როგორებიც არიან: მსახიობი ტიმოთე შალამეი (ვისთან ერთადაც მუშაობას განსაკუთრებულად კარგად იხსენებს), მომღერალი The weekend-ი, გვენდოლინ ქრისთი, ეზრა მილერი, ასევე ცნობილი სუპერმოდელი ბელა ჰადიდი და სხვები. მისი ნამუშევრები ვნებითა და სიცოცხლის წყურვლილით მთრთოლარე ფერების შერწყმას წარმოადგენს, რომლებიც ბუნებრიობის, ავთენტურობისა და ადამიანური სინამდვილის ნაზავია. თითქოს, მათთვის არსებობა, სიცოცხლე იმდემად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ფოტოგრაფისათვის ადამიანთა უფლებების თანასწორობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკაში და ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, გიორგაძე გერმანულ Vogue-თან ერთად ანტირასისტულ და ანტიდისკრიმინაციულ ნამუშევრებს ჰქმნის და თავის, როგორც თეთრკანიანი მამაკაცის პრივილეგიასაც საქვეყნოდ ააშკარავებს.

აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ დავითი ჩვენი დროის ქართველ და უცხოელ ხელოვანთა შორის განსაკუთრებულ ადგილს ნამდვილად დამსახურებულად იკავებს. საქართველოში უნდა იცოდნენ მისი მსგავსი პროფესიონალი ქართველი არტისტების არსებობის შესახებ, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ქართული და მსოფლიო ხელოვნების თანამედროვე ნიმუშებს.

23 წლის ფოტოგრაფის კარიერა, ფაქტობროვად, ახლა იწყება, ამიტომ მხოლოდ მისი ხელწერისათვის დამახასიათებელი უნიკალური და კრეატიული პროექტები, უნდა ჩავთვალოთ, რომ მომავალშიც ნამდვილად ბევრი იქნება.

#feedcgrant Feedc #ხელოვნება #ფოტოგრაფია #ფოტოგრაფი #ფოტო #ცნობილიადამიანები #ქართველები
ქორიძე ამირანი
Tbilisi · 3 weeks ago
64
Write a comment
445