„აია სოფიას“ შეცვლილი სტატუსი - ერდოღანის სიმბოლური და გეოპოლიტიკური ნაბიჯი

0
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს, ქ. სტამბოლში მდებარე „აია სოფიას“ ადმინისტრაციული კონტროლი ქვეყნის უმაღლეს სახელმწიფო რელიგიურ ორგანოს გადასცა მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ 1934 წელს, ათათურქის მიერ გამოცემული ბრძანებულების ანულირება მოახდინა. აღნიშნული წლიდან „აია სოფიას“ სტატუსი შეეცვალა და ის მეჩეთიდან მუზეუმად გადაკეთდა. „აია სოფიაზე“ სრული პასუხისმგებლობა რელიგიის საკითხთა დირექტორატს (Diyanet) გადაეცა. ხელმოწერილი დოკუმენტის შემდეგ, ერდოღანმა განაცხადა, რომ აწ უკვე მეჩეთის კარი ყველასთვის ღია იქნება, არის ეს ადგილობრივი თუ უცხოელი, მუსლიმი თუ არა მუსლიმი.
„აია სოფია“ ლოცვებისთვის ოფიციალურად პარასკევს, 24 ივლისს გაიხსნება. ამ პერიოდამდე, თურქეთის პრეზიდენტმა საზოგადოებას მოუწოდა თავი შეიკავონ ისტორიული ძეგლის მონახულებისგან, რათა შესაბამის მოსამზადებელ სამუშაოებს ხელი არ შეეშალოს. თურქი ლიდერის თქმით, „აია სოფიას“ სტატუსი შეცვლის შესაძლებლობა თურქეთის სუვერენულ უფლებას წარმოადგენს და ყველას მოუწოდა პატივი სცენ ქვეყნის სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ერდოღანის მოსაზრებით, დისკუსია უნდა გაიმართოს არა „აია სოფიას“ გარშემო, არამედ მსოფლიოში არსებულ ისლამოფობიურ და ქსენოფობიურ განწყობებზე, რომელიც ყოველდღიურად ახალ „სიმაღლეებს იპყრობს“. თურქეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულება გასაკვირი არ ყოფილა, რადგან ერდოღანმა ადრე განაცხადა, რომ მას სურდა ისტორიული ძეგლის გახსნა მუსულმანური ლოცვებისთვის და აღნიშნულს იგი თავდაპირველად 15 ივლისისთვის, მომხდარი გადატრიალების მცდელობის წლისთავთან დაკავშირებით გეგმავდა.

საერთაშორისო გამოხმაურება

„აია სოფიასთვის“ სტატუსი შეცვლის გადაწყვეტილებამ ფართო გამოხმაურება გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებაში. ჩანაფიქრის განხორციელებაზე უარის თქმისკენ ოფიციალურ ანკარას, ქრისტიანული ეკლესიების ლიდერებმა, სხვადასხვა სახელმწიფოებმა და UNESCO-მ მოუწოდეს. UNESCO-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „აია სოფია“ მსოფლიო ისტორიული მემკვიდრეობის სიაში მუზეუმის სახით შედის, რაც უამრავ, რიგ ვალდებულებებს ითვალისწინებს. საერთაშორისო ორგანიზაცია თურქულ მხარეს მოუწოდებს უზრუნველყოს ისტორიულ შენობაში არსებული ობიექტების/ნივთების დაცვა, რათა მათი უნივერსალური, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ შეიცვალოს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა მიღებულ გადაწყვეტილებას „სამწუხარო“ უწოდა. საბერძნეთის ხელისუფლების ოფიციალური პოზიციით, თურქეთის რესპუბლიკამ „აია სოფიასთვის“ სტატუსის შეცვლით „ღია პროვოკაცია“ განახორციელა. კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ნიკოს ქრისტოდულიდესმა თურქეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მტკიცედ დაგმო და ოფიციალურ ანკარას საერთაშორისო ვალდებულებების დაცვისკენ მოუწოდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მორგან ორტაგუსის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი იმედგაცრუებულია თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო. საკითხი დაგმო აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ეკლესიამ და რუსეთის საპატრიარქომაც. რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებით, იგი „დამწუხრებულია“ თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით.
„აია სოფიას“ მეჩეთად გადაკეთებას მიესალმა პალესტინური ორგანიზაცია „ჰამასი“ და ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა.

ერდოღანის "სიმბოლიზმი"

თურქეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „აია სოფიას“ შეცვლილ სტატუსთან დაკავშირებით ე.წ. ძალის დემონსტრირებას გულისხმობს როგორც გეოპოლიტიკურ, ასევე სიმბოლურ დონეზე. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, 10 ივლისს ხელმოწერილი დოკუმენტი იმ ლოგიკურ ნაბიჯს წარმოადგენს, რომელიც ხაზს უსვამს ახლო აღმოსავლეთში ახალი „დიდი თურქეთის“ კონცეფციის განხორციელების გეგმებს და ოფიციალურ ანკარას აქცევს ისეთ ძალად, რომელსაც „გლობალურ სცენაზე“ რეალური გავლენის მოხდენა შეუძლია. რაც შეეხება სიმბოლურ ხასიათს, „აია სოფიაში“ პირველი ლოცვა 24 ივლისს უნდა აღევლინოს. აღნიშნული თარიღი ემთხვევა 1923 წლის 24 ივლისს ხელმოწერილ „ლოზანის საზავო ხელშეკრულებას“, რომელმაც იმ დროს თანამედროვე თურქეთის საზღვრები ჩამოაყალიბა და იურიდიულად გააფორმა ოსმალეთის იმპერიის დაშლა. ხელმოწერილი დოკუმენტით თურქეთმა უარი თქვა არაბეთზე, ეგვიპტეზე, სუდანზე და სხვა გავლენის სფეროებზე. ხელშეკრულებამ შეცვალა უცხოელთა ეკონომიკური და პოლიტიკური პრივილეგიები თურქეთში. ეს სახელმწიფო დათანხმდა გადაეხადა ოსმალეთის იმპერიის ვალის ნაწილი. 1934 წელს, თანამედროვე თურქეთის დამაარსებლის, ათათურქის მიერ მეჩეთის მუზეუმად გადაკეთებას ქვეყნის ტერიტორიაზე რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარიზმის კუთხით ასევე სიმბოლური ხასიათი გააჩნდა. ერდოღანის გადაწყვეტილება „აია სოფიას“ კვლავ მეჩეთად გადაკეთების თაობაზე პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ადგილობრივ რელიგიურ კონსერვატორებსა და თურქ ნაციონალისტებზე. ამასთან, თურქი ლიდერი ცდილობს კორონავირუსული პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული მდგომარეობის გამო, ადგილობრივი საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხისკენ მიმართოს, რათა არსებული ნეგატიური ფონი „გადაიფაროს“. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Turkey #Haghia #Sophia #decision #mosque #museum #interworld ______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0