17 წლის მოქალაქემ შესაძლოა მართვის მოწმობა ვეღარ აიღოს

0
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ასაკი იცვლება. 17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. საუბარია A1 ქვეკატეგორიისა (მოტოციკლი) და B კატეგორიის (მსუბუქი ავტომობილი) მართვის მოწმობებზე. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს.შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების მიხედვით მოამზადა კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესატანად. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარების გარდა, მოხდება მინიმალური ასაკობრივი ზღვარის დირექტივასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებათა A1 და B კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად დადგენილი ასაკობრივი ზღვარი შეიცვლება და 17 წლის ნაცვლად 18 წელი გახდება. კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო კომიტეტებზე. პროცედურის მიხედვით, საკომიტეტო განხილვების შემდეგ მოსმენა გაგრძელდება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე. იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლები მხარს დაუჭერენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს, ცნობილი გახდება ის თარიღი, როდესაც ძალაში შევა საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი კანონპროექტი.
0