სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია - განახლებული ხედვები

0
პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით სომხეთის უშიშროების საბჭოში 10 ივლისს, ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ზემოხსენებული დოკუმენტი სახელმწიფოს ფუნქციონირების/საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და რესპუბლიკის განვითარების მიმართულებებს განსაზღვრავს. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია 47 გვერდისგან შედგება და Interworld მის ძირითად ნაწილს თეზისების სახით წარმოგიდგენთ:

ეროვნული მიზნები:

- სომხური სახელმწიფოს მუდმივობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ინსტიტუციური, იდეოლოგიური, უსაფრთხოების, სოციალური, პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, დემოგრაფიული, საერთაშორისო, საგანმანათლებლო, ინტელექტუალური, კულტურული პირობების არსებობა; - მთიანი ყარაბაღის რეგიონის თვითგამორკვევისა და საერთაშორისოდ აღიარების უზრუნველყოფა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე; - „სომეხთა გენოციდის“ საერთაშორისოდ აღიარება, მისი შედეგების გადალახვა და აღმოფხვრა; - სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების უსაფრთხოების, კეთილდღეობის, თავისუფლების, ბედნიერების, ასევე მათი ძირითადი ადამიანური უფლებების უზრუნველყოფა; - კანონის წინაშე ყველას თანასწორობა; ქალთა და მამაკაცთა თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა საზოგადოებრივ, სახელმწიფოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში; ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული ეროვნული ერთიანობის დამკვიდრება და მოვალეობების შესრულება; - სომეხი ხალხის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა-განვითარება, მათ შორის, თვითმყოფადობისაგან ჩამოცილებულ სომეხთა შორის მისი კვლავ აღდგენა და განვითარება სომხური ენის ცოდნის დონისა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მნიშვნელოვნად გაზრდის მიმართულებით; - საერთო სომხური (პან-სომხური) პოტენციალის კონსოლიდაცია ეროვნული მიზნების განხორციელების პროცესში, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებისა და განვითრების მიზნით;

აზერბაიჯანის მხრიდან მომდინარე საფრთხეები

- გადაუჭრელი კონფლიქტები საფრთხეს უქმნის რეგიონის ქვეყნების მდგრად განვითარებას. მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას რეგულარულად აფერხებს ოფიციალური ბაქოს დესტრუქციული პოზიცია, რომელიც საკითხის ძალადობრივი გზით გადაწყვეტის სურვილში ვლინდება. აქ მოიაზრება სომხეთის ტერიტორიების დაკავების სურვილი, ზოგადად ანტი-სომხური განწყობები/პოზიციები და არსებული ისტორიის დამახინჯება; - რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით შემაშფოთებელია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე იმ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსების გავლენა, რომლებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან. არანაკლებ შემაშფოთებელია მსგავსი ალიანსების შესაძლო შესუსტება და იმ სახელმწიფოთა მოქმედებები, რომელებიც სომხეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. აქვე, აზერბაიჯანისთვის შეიარაღების მიყიდვა საფრთხეს უქმნის რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას.

თურქეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები

- თურქეთის რესპუბლიკა ოფიციალური ერევნის მიმართ არამეგობრულ პოლიტიკას ატარებს და ბლოკადას განაგრძობს; ასევე უარს ამბობს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე გარკვეული წინაპირობების გარეშე; უარყოფს და ზოგიერთ შემთხვევაში ამართლებს სომეხთა გენოციდს. - ამავდროულად, თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ გამოხატული სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა აძლიერებს/ახალისებს ამ უკანასკნელის ამბიციებს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ძალადობრივი გზით მოგვარების თაობაზე; განსაკუთრებით პრობლემატურია, აზერბაიჯანის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, თურქეთის ფარული თუ ღია ჩარევა/მხარდაჭერა. - მეზობელი ქვეყნების ხალხების მიმართ თურქეთის არალეგალური ძალის გამოყენება საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას, რაც სომხეთის წინააღმდეგო წარმოებულ სავარაუდო მოქმედებებს კიდევ უფრო არაპროგნოზირებადს ხდის.

რუსეთი და შეერთებული შტატები

- სომხეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციასთან გააგრძელებს სამხედრო-პოლიტიკურ, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ საფუძველზე, მათ შორის კოლექტიური თავდაცვის შესაძლებლობების გაფართოებისა და სამოკავშირეო ურთიერთობების მუდმივი განმტკიცების მიმართულებით. - სომხეთის რესპუბლიკა, შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ფარგლებში გააგრძელებს სამხედრო-პოლიტიკურ კონსულტაციებს, თავდაცვის ინსტიტუტების რეფორმირებისა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთქმედების შესაძლებლობების განვითარების კუთხით.

"კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (კუხო)

- სომხეთის რესპუბლიკა აქტიურად მონაწილეობს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ფარგლებში არსებულ ერთობლივ ინიციატივებში, წევრი-სახელმწიფოების მიერ, ერთმანეთის ინტერესების ეფექტური დაცვის ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით; ოფიციალური ერევანი გააგრძელებს შესაბამისი ზომების მიღებას, რათა კუხოს წევრმა-სახელმწიფოებმა ერთმანეთის მიმართ სამოკავშირეო ვალდებულებები შეასრულონ და ორგანიზაციის ეფექტურობა გაზარდონ.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი (ნატო)

- თავდაცვითი რეფორმები და საერთაშორისო სამშვიდობო მისია სომხეთსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია. ოფიციალური ერევანი კვლავ განაგრძობს პოლიტიკურ დიალოგს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რათა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო განმტკიცდეს.

„ევრაზიის ეკონომიკური კავშირი“

- სომხეთის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ ფარგლებში არსებულ ინტეგრაციის პროცესებს. ოფიციალური ერევანი აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის საქმიანობაში, როგორც სხვა რეგიონულ (ეკონომიკურ) ერთეულებთან, ასევე თავად „ევრაზიული კავშირის“ საკვანძო ეკონომიკებს შორის თანამშრომლობის მიმართულებით

ევროკავშირი

- სომხეთის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირთან სექტორულ თანამშრომლობას და მუდმივად იმუშავებს არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით. კერძოდ, ეკონომიკური დიალოგისა და სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ეკონომიკური კომპონენტის დებულების განსახორციელებლად.

საქართველო და ირანი

- მეზობელ საქართველოსა და ირანში არსებულ სტაბილურ გარემოს სომხეთისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ოფიციალურ თბილისთან და თეირანთან ურთიერთსასარგებლო, განსაკუთრებით კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, სომხეთი მათთან ეფექტურ თანამშრომლობას განავითარებს სხვადასხვა მიმართულებით, ისე, რომ აღნიშნული კავშირები გვერდითი გეოპოლიტიკური ეფექტებისგან სრულად იქნება დაცული. დამატებით, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში ყურადღება გამახვილებულია საბერძნეთთან და კვიპროსთან სამმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, ჩინეთთან და ინდოეთთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან კავშირებზე (განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, სადაც ეთნიკურად სომეხი მოსახლეობაა წარმოდგენილი). მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Armenia #security #paper #defence #region #view #interworld ______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0