ქართული მედია ბაზარი უნდა გადადგეს !

0
გადადექი ! გადადექი ! როგორ გვიყვარს ქართულ საზოგადოებას ეს ტერმინი, რომლის გარეშეც ალბათ არცერთ მანიფესტაციას ჩაუვლია. ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის წამიდან ამ ტერმინს ხმარობს, როგორც ხელისუფლებისა და თანამდებობის პირი ჩინოვნიკების, ასევე სხვა სოციალური პრობლემების წინააღმდეგ. მედია არის სივრცე, რომელიც კურატორად და ე.წ მაშველად უდგება საზოგადოებას და მის მიერ არჩეულ პირებს, აქედან გამომდინარე მედიას ცალსახად უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს საზოგადოების წინაშე, თუმცა ჩვენი დიდი მოთამაშეები ამ პასუხისმგებლობას მხოლოდ პოლიტიკოსების წინაშე გრძნობენ, სწორედ ამიტომ ხდება ის, რასაც დღეს ვაკვირდებით. მკვეთრად დაქსაქსული, პოლარიზებული საზოგადოება, რომლის ინტელექტსაც სხვადასხვა მოთამაშეები განსაზღვრავენ. აქ პრობლემა არა მხოლოდ მედიასაშუალებებში, არამედ საზოგადოებაშიცაა. დღევანდელი სტატია გასცემს ისეთ კითხვებს პასუხს, როგორიცაა, რატომ? რისთვის? როგორ? ნორმალურია? კარგია? ვინ არის ? რას წარმოადგენს? იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ასობით პოლიტიკური პარტია არსებობს, წამყვანი მხოლოდ ორია, ყველა განხილვის საგანი ბოლოს "ნაცია" თუ "ქოციამდე" დადის. არის ეს საზოგადოების პრობლემა ? თუ ეს საზოგადოება მედიამ შექმნა? ალბათ ორივე კი, თუმცა თანმიმდევრულ მსჯელობას გავუყვეთ. პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ, რომ მედია, თავისი არსით, უნდა იყოს ობიექტური და სამართლიანი (რამდენადაც ეს მისაღწევია). მედიის პასუხისმგებლობაა საზოგადოების ყურამდე მიიტანოს არსებული ინფორმაცია, თუმცა რეალურად, ნახვებზე ორიენტირებულმა პლატფორმებმა დაივიწყეს ისეთი ტერმინები, როგორიცაა ადამიანის უფლებები, მედია სამართალი, სისხლის სამართალი, უდანაშაულობის პრეზუმცია და ა.შ. შესაბამისად, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საზოგადოება ხშირად ქმნის დაზარალებულებისაგან ანტიგმირებს, რაც მათ ისედაც ცუდ მდგომარეობას ართულებს. პოლიტიკური თემების გაშუქებისას, ყველა მედია განსხვავებულ ინტერპრეტაციას და ტერმინებს ხმარობს, თუმცა დღეს ჩვენი მსჯელობა უფრო ღრმად წავა. ქვეყნის მთავარი ჟურნალისტები ე.წ ბადრაგ ჟურნალისტებად გვევლინებიან. ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია თუ სხვანი (ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს), საზოგადოებაში პოზიციონირებენ, თითქოს ქვეყნის გადარჩენა და "სამართალმქადაგებლობა" სურთ, თუმცა რეალურად ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო გაამათრხარებს, ვინ არევს ფაქტებს, მისცემს არასწორ ინტერპრეტაციას, ამ დროს ვინ უფრო მეტ შეურაცხყოფას მიაყენებს ყველას და ყველაფერს გარშემო. ტელე ეთერები და შოუ ჩვეულებრივ სალაყბო სივრცედ იქცა, სადაც გამმათრახებელმა, პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა გაამათრახოს და გააცნობიეროს, რომ საზოგადოებაზე ზრუნვა მის არაეთიკურ გამოვლინებებში არ გამოიხატება. ამ დროს ასპარეზზე გამოდიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ალტერნატივას უდებენ მსგავსად ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტებს და გაფილტრავენ სივრცეს ყვითელი მედიისაგან, თუმცა ერთი რადიკალური ინტერპრეტაციის მეორით ჩანაცვლება არ იქნება ლეგიტიმური და შედეგს არ მოიტანს. ამ დროს მეორე ნაწილია საზოგადოება, რომელიც თითქოს დაიღალა, ნიჰილისტურადაა განწყობილი საკითხის მიმართ, მაგრამ მაინც ყველაზე ყურებადსა და აქტუალურს ხდის სწორედ ასეთ მედია საშუალებებს. ეს არის ჩაკეტილი წრე, სადაც მედია კვებავს საზოგადოებას იმ პროდუქტით, რომლის გარეშეც შეუძლებელია მათთვის არსებობა. პრობლემბის გადაჭრა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ გავაკრიტიკებთ, დავცინებთ ასეთ მედიას, არ ვუყურებთ, ალტერნატივას დავუდებთ, რომელიც ჯანსაღად არსებობს და "პირსისხლიან" პერიფერიებში არ ვარდება. საზოგადოება იქნება ჯანსაღი, მომთხოვნი და "გადადექის" ეტყვის იმ ადამიანებს, რომლებიც 90-იანების მოდერნული მეთოდებით გვებრძვიან და ჩვენგან მორჩილ საზოგადოებას ავითარებენ, რომლის განხილვის საგანიც, ნებისმიერი ალბათობით "ნაცია" თუ "ქოცია" მდე დადის. #პოლიტიკა #საზოგადოება #მედია #პარტიები
0