11 votes
0 comments
0 shares
Save
104 views
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 7 months ago

ამ "სიცივეში" გამოსვლის ყველას შეეშინდა/დაეზარა. ხოდა, დავდივართ მე და სასუსნავები მშვენივრად...

სუფთა ჰაერივით სასიამოვნო საღამო თქვენ!


Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 7 months ago
Similar Posts
Batumi Daily
Batumi · 1 week ago
ზაფხულის ბეშუმური იდილია
დილით ეზოებიდან შემოსული ხმები, ხან “მარწყვის” და ხან “მაყვალის” ყიდვას რომ გვთავაზობენ, მიუხედავად იმისა, ტკბილ ძილს გვირღვევს, მაინც სასიამოვნო მელოდიასავით ხვდება ჩვენს ყურთასმენას. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერს “კაიმაღიც” თუ დაემატა, მაშინ, ჩათვალეთ, ზაფხულის იმ იდილიაში მოხვდით, ახლა მე რომ აღგიწერთ. ბეშუმი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მთის კურორტია. იგი ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1850-1900 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. წიწვოვან ხეებსა და მწვანე მინდვრებში ჩამალული ადგილი, შეუძლებელია თავდავიწყებით არ შეგიყვარდეთ, თუნდაც, ერთი ნახვის შემდეგ. მართალია, ჯერ მარტო გასაოცრად სუფთა და სასიამოვნო ჰაერის გამო ღირს ზაფხულობით აქ დასვენება, მაგრამ ის ყოველდღიური რუტინა, რომელსაც აქ ყოფნის დროს შეიმუშავებთ, ერთ-ერთი მიზეზი გახდება ამ კურორტის სიყვარულისა. დილა აუცილებლად უნდა დაიწყოთ ძალიან ადრე. გაღვიძებულს, უჩვეულოდ სასიამოვნო სიჩუმე, ჩიტების ჟღურტულსა და ხეების შრიალთან ერთად შეგეგებებათ. რახან ყველას დაასწარით და ადრე გაიღვიძეთ, აუცილებელია, რომ სწრაფად გაემზადოთ და პურის რიგის დასაკავებლად გაიქცეთ. დილით ყველას ძალიან უნდა ცხელ პურთან ერთად მიირთვას ის უგემრიელესი კაიმაღი, რომელიც თქვენი კოტეჯების კართან ყოველ დილით მოაქვთ გასაყიდად. მიუხედავად იმისა, გშიათ და დაუსრულებელ რიგში დგომა დამღლელეად გეჩვენებათ, საუზმე ყველა ენერგიას აღგიდნეთ და დღის სასიამოვნოდ გაგრძელების საშუალებას მოგცემთ. მართალია ზაფხულია და წესით, ძალიან უნდა გცხელოდეთ, მაგრამ ამაზე კარგ ჰავას ცხელი დღეების გასატარებლად ვერსად იპოვით. მთელი დღის განმავლობაში გაუსაძლისად მცხუნვარე ამინდის გარეშე შეძლებთ უამრავი აქტივობით დაკავდეთ და ისე გაატაროთ ყოველი საათი, რომ მზემ, ხშირ შემთხვევაში, არ შეგაწუხოთ. ამისთვის ბეშუმის თვალუწვდენელ მინდვრებზე პიკნიკი უნდა მოაწყოთ და მთელი წლის დაგროვებული სტრესი ბეშუმის ნიავს გაატანოთ. ცხელი პურის ყიდვა თუ საკმაოდ რთული გამოწვევაა, არის რაღაცები, რაც აქ ძალიან გაგიმარტივდებათ. მაგალითად, მეგობრების შეძენა. სრულიად უცნობ ადამიანებთან იმდენ საერთოს იპოვით და მთელი სამყაროსგან შორს, სხვებთან ერთად ისე დაუვიწყარ დროს გაატარებთ, რომ უბრალო ბეშუმური ნაცნობობა, შესაძლოა ცხოვრებისეულ მეგობრობად გადაგექცეთ. იქიდან გამომდინარე, რომ პატარა კოტეჯები ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას, შთაბეჭდილება გექმნება, შენს უბანში მცხოვრებ ყველა მეზობელთან ერთად ერთ დიდ სახლში ვცხოვრობო, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს დისკომფორტს ნაკლებად შეგიქმნით. სამაგიეროდ, მოგონებებით დახუნძლულს გაგიშვებთ შინ. დილაზე მეტად, აქ ალბათ, საღამოები უფრო განსაკუთრებულია. ყოველი დღე სრულდება სუსხიანი ზაფხულის ღამეში მოგიზგიზე კოცონით, უამრავი სპონტანურად მოფიქრებული თამაშით, სიმღერებით და თუ გაგიმართლათ, გიტარის ჰანგებითაც დაასრულებთ საღამოოებს. აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ბეშუმში ,,შუამთობას“ ზეიმობენ, სადაც მთელი აჭარა იყრის თავს, ამიტომ თქვენი დასვენება უფრო საინტერესო სახეს მიირებს და მერწმუნეთ, არ მოიწყენთ. ფოტო: VisitAjara.com _____________________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#ბეშუმი #კურორტი #დასვენება #აჭარა #Batumidaily
Zugdidelebi. Ge
Batumi · 3 weeks ago
ამბავი ორ ქირურგ ძმაზე
ქირურგი ძმები: ზურაბ და კონსტანტინე ჯიჯიხიები ზუგდიდში დაიბადნენ. მათი მშობლები: ნონა და მალხაზი, სიალალით და საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით ცნობილი მოქალაქეები არიან. ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი, კრასნოდარში, არაერთი ქართველი თანამემამულის ხელის გამმართავი და მხარდამჭერები იყვნენ და არიან დღესაც. შვილებიც ამ პრინციპით გაზარდეს,–ზურგი არ უნდა აქციონ ადამიანს, გასაცემი სიკეთე გასცენ, ფეხზე დაუდგნენ მტერს და მოყვარეს, საქმეში იყვნენ პროფესიონალები და მართლები. ბიჭები კარგად სწავლობდნენ სკოლაში, გატაცებებიც ჰქონდათ–ზურაბს სიმღერა, კონსტანტინეს–სპორტი. მაგრამ, სკოლის დამთავრების შემდეგ, ორივემ, პროფესიად ექიმობა აირჩია. შემდეგ, ორივემ, ქირურგობა გადაწყვიტა. ზურაბი ნეიროქირურგია და კრასნოდარში მოღვაწეობს. კონსტანტინე კარდიოქირურგი და მოსკოვში, ბაკულევის ცნობილ სამეცნიერო კლინიკაში მუშაობს. ისე მოხდა, რომ პროფესიული წარმატება, ორივეს, თითქმის ერთდროულად “ესტუმრა”, თუმცა, ჩვენი მასალის წაკითხვის შემდეგ, თქვენ ნახავთ, რომ მარტივად არა, მხოლოდ დიდი შრომით. “ზუგდიდელები”, პარალელურ რეჟიმში დაუკავშირდა ძმებს–კრასნოდარში ზურაბს და მოსკოვში-კონსტანტინეს. ზურაბ ჯიჯიხია: “–2005 წელს, წარჩინებით დავამთავრე კრასნოდარის 54-ე გიმნაზია და ჩავირიცხე კუბანის სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც დავამთავრე 2011 წელს. ამავე წელს, ჩავირიცხე ორდინატურაში ნეიროქირურგის სპეციალობით, რომელიც დავამთავრე 2013 წელს და დავიწყე მუშაობა კრასნოდარის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში, 1 ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, სადაც დღემდე ვმუშაობ. პარალელურად ვსწავლობ ასპირანტურაში, რომელსაც ვამთავრებ წელს. ვმუშაობ თემაზე:”თავის ტვინის სიმსივნის ეპიდემიოლოგია კრასნოდარის მხარეში”. -ზურაბ, გახსოვთ თქვენი პირველი ოპერაცია… -პირველი ოპერაცია რომ გავაკეთე, ჯერ კიდევ ორდინატორი ვიყავი. შემოვიდა პაციენტი, მძიმე ქალა–ტვინის ტრავმით. ოპერაცია საოცრად რთული იყო ორდინატორის დონისთვის, თუმცა ყველაფერმა მშვენივრად და მშვიდობიანად ჩაიარა,–პაციენტი გადარჩა. მახსოვს, როგორი ამაყი ვიყავი… გმირის, გამარჯვებულის გრძნობა მქონდა, რადგან ცხოვრებაში პირველად, მე როგორც ქირურგი, საკუთარი ხელით დავეხმარე ადამიანს სიცოცხლისკენ მობრუნებაში. მას შემდეგ, ყოველდღე ვზრდი ჩემს თავს, უკვე ნეიროქირურგი ვარ, ბუნებრივია, იზრდება ოპერაციების რაოდენობა, ოპერაციების სირთულე, მაგრამ… გმირობის შეგრძნება ქრება, იწყებ გაცნობიერებას, რომ ეს არის არა იმდენად გმირობა, რამდენადაც უბრალოდ, დიდი სურვილი, გააკეთო რამე სიკეთე ამ ცხოვრებაში. ძალიან ამაყი ხარ, როცა ხედავ, როგორ დგებიან პაციენტები ფეხზე, როგორ უბრუნდებათ მეხსიერება, სმენა, მოძრაობის უნარი, როგორ უბრუნდებიან სრულფასოვან ცხოვრებას, თავიანთ ოჯახებს, შვილებს, მშობლებს და მეგობრებს. ასეთი იყო ჩემი ბოლო ოპერაცია, როცა მძიმე და შეიძლება ითქვას, უკურნებელის სენით დაავადებული ახალგაზრდა ქალის ცხოვრება, ჩემი, როგორც ექიმის, დროული ჩარევით, ისევ საინტერესო და იმედიანი გახდა. ასეთი ოპერაციებით სიცოცხლეს უბრუნდებიან ჩვენი პაციენტები და აქვე ვიტყვი იმას, რომ ასეთი წარმატებული ოპერაციები გვაძლიერებენ ჩვენ, ქირურგებს. ეს არის ნამდვილად ექიმისა და პაციენტის ერთობლივი გამარჯვება. სხვათაშორის, ეს წარმატებული ოპერაცია უყურადღებოდ არ დარჩენიათ კრასნოდარელებს. -ექიმის ცხოვრება ადვილი არ არის. განტვირთვას როგორ ახერხებთ? -მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ოპერაციას, ექიმისგან მიაქვს “გულის სისხლი”, სიცოცხლის გარკვეული წუთები, გღლის, მე მაინც ვრჩები სიცოცხლისმოყვარე ადამიანად. მიყვარს მეგობრებთან, ოჯახთან დასვენება. -თქვენზე მითხრეს, შესანიშნავად მღერისო… – აბა, რომელ ქართველს არ უყვარს სიმღერა? მუსიკით ბავშვობიდანვე ვარ გატაცებული, სამუსიკო სკოლაში ვსწავლობდი და წითელ დიპლომებზეც კი დავამთავრე, ვუკრავდი გიტარაზე, ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე, მაგრამ დღესდღეისობით, ჩემთვის ყველაზე “მოთხოვნადი” გიტარა დარჩა. ვიკრიბებით მეგობრები ერთად, ვუკრავთ, ვმღერით, ალბათ ამაშია ჩადებული ძალა, განწყობა და ენერგიის მუხტი. ჩვენს ოჯახს საკუთარი მუსიკალური ტრადიციებიც აქვს, მამა კარგად მღერის, უკრავს გიტარაზე. ოჯახში, ხშირად დიდ სუფრებს ვშლით და ერთად ვმღერით. -ალბათ, ქართველები იკრიბებით ერთად… -სუფრასთან არიან არა მხოლოდ ქართველები… კუბანი ძალიან მეგობრული და მრავალეროვანია. როგორც გითხარით, ჩვენ, ვიწრო ოჯახურ წრეშიც კი ვმღერით… სანამ ჩემი ძმა მოსკოვში გადავიდოდა, მთელი ოჯახი ვიკრიბებოდით ვახშამზე. თითქმის ყოველი საღამო სიმღერით სრულდებოდა, აი, ასე, უბრალოდ, მთელი ოჯახი ვმღეროდით და ამით ვახარებდით ერთმანეთს. ალბათ ასეთ მომენტებშია ჩადებული ბედიერება ცხოვრებაში. კონსტანტინე ჯიჯიხია: “–მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე რუსეთში. 2008 წელს დავამთავრე კრასნოდარის 54-ე გიმნაზია. სკოლის პერიოდში არ ვიყავი კარგი მოსწავლე, მშობლები მაიძულებდნენ, მესწავლა. საკუთარი თავი წარმოდგენილი მყავდა როგორც პროფესიონალი და ცნობილი სპორტსმენი. მინდოდა, სპორტული კარიერა გამეგრძელებინა, მშობლებს კი, სურდათ ზურაბივით, სამედიცინოზე ჩამებარებინა. ბოლოს და ბოლოს, მეც მივიღე გადაწყვეტილება ექიმი გავმხდარვიყავი. უნივერსიტეტში შეიცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. ვიგრძენი, რომ მედიცინა მიყვარს და ჩემი თავი ვიპოვე ამ საქმეში. სწავლისკენ მოვბრუნდი 180 გრადუსით. ყოველდღე ვსწავლობდი და ვვითარდებოდი. ერთი სიტყვით, ერთი დღეც არ გამიტარებია, რომ რამე არ მესწავლა და ცოდნა არ მიმეღო. 6 წლის განმავლობაში, დავწერე 18 სამეცნიერო ნაშრომი. მესამე კურსზე ვიყავი, მოსკოვში, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე დავიკავე პირველი ადგილი. უნივერსიტეტი დავამთავრე 2014 წელს წითელ დიპლომზე. სიმართლე გითხრათ, ცხოვრებაში არასოდეს მიფიქრია, რომ ასეთი სწავლისმოყვარე ვიქნებოდი.” -რატომ პედიატრობა? -ჩემი ძმა, ზურაბი, სწავლობდა პედიატრიულზე, მეტი სხვა მიზეზი არ იყო. შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ორდინატურა მოსკოვში უნდა გამევლო. მოგეხსენებათ, რომ რუსეთში არის ერთ–ერთი ყველზე ცნობილი და მაღალი დონის კარდიოქირურგიული ცენტრი “ა.ნ.ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა სამეცნიერო ცენტრი”. სწორედ აქ გავიარე ორდინატურა, ასპირანტურა და აქ ვმუშაობ დღემდე. -ვიცით, ცნობილ ქართველ ექიმთან, ლეო ბოკერიასთან დაიცავით დისერტაცია… -ბატონი ლეო ხელმძღვანელობდა იმ სხდომას, რომელზეც დავიცავი დისერტაცია, მაგრამ ხელმძღვანელი გახლავთ კონსტანტინ შატალოვი. ადამიანი, ვინც უკვე 5 წელია ჩემს გვერდით ერთგულად დგას. დისერტაციის დაცვამ წარმატებით ჩაიარა. ერთი იყო მასზე მუშაობა, და მეორე, თუ როგორი შეფასება მისცეს მას ჩემმა უფროსმა კოლეგებმა. რაც შეეხება, სამეცნირო დარგს, დისერტაციის გარდა, დღეისთვის, მაქვს 29 სტატია, 6 გამოგონების პატენტი,–გულის პროტეზები, ოპერაციის ახალი ტექნოლოგიები. –რას გვეტყვი ქართველ ქირურგზე, თითქმის ლეგენდად ქცეულ ლეო ბოკერიაზე? -ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ხშირი კონტაქტი არ გვაქვს. ეს ადამიანი გახლავთ დიდი პიროვნება, საქმის პროფესიონალი და კოლორიტი. 79 წლის გახლავთ და ყოველდღიურად აკეთებს მინიმუმ სამ ოპერაციას. -საავადმყოფოში, თქვენს გარდა, კიდევ არიან ქართველი ექიმები? -დიახ. ჩვენთან ბევრი ქართველი ექიმი მუშაობს სხვადასხვა სპეციალობაზე. არიან ქირურგები, კარდიოლოგები, დიაგნოსტები. ქართველები ყოველ წელს მოდიან ორდინატურაში. -თქვენი თავისუფალი დრო… -თავისუფალი დროს ვუთმობ თვითგანვითარებას. ვმუშაობ ახალ ნაშრომებზე, ვკითხულობ წიგნებს და ვსწავლობ უცხო ენას. -რა არის საიდუმლო, რის გამოც, დღეს, ძმები ჯიჯიხიები წარმატებულები არიან? -ეს მოხდა უპირველესად, ღვთის წყალობით, შემდეგ კი, დედაჩვენის ლოცვით და დისციპლინით. -საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებთ? -საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივარ. ხშირად მინდა ჩამოვიდე, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ მაქვს. -სამომავლო გეგმები… -სადოქტორო დისერტაცია, დაოჯახება და უცხო ენის სწავლება. -წარმატებებს გისურვებთ. -მადლობა. ეკა ფარულავა
AstroGeorgia
Tbilisi · 6 days ago
9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძიენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. დღეს თქვენი შრომისუნარიანობა მოიმატებს. ზოგიერთს სარფიან სამსახურს შესთავაზებენ. პირად ცხოვრებაში ჰარმონია დაისადგურებს. კურო ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. განსაკუთრებით, თუ საქმე კარიერას ეხება. პირადი ცხოვრება გამოცანებითაა აღსავსე. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ. ტყუპი კარგი დღეა სწავლისთვის; დისერტაციის დასაცავად. არ იზარმაცოთ, ცოდნის მიღება არავის აწყენს. საყვარელი ადამიანი ყველა საკითხს დამოუკიდებლად მოაგვარებს, თქვენ დაისვენეთ. კირჩხიბი მეტი დრო გაატარეთ მშვიდ სიტუაციაში. უმჯობესია, მყუდრო გარემოში განმარტოვდეთ. სამსახურში ნუ ეცდებით აქტიურობას. საღამო მშვიდ, შინაურულ გარემოში გაატარეთ. ლომი აქტიური ხართ, აკონტროლეთ ემოციები. მეტი დრო გაატარეთ თქვენ მიმართ პოზიტიურად განწყობილ ადამიანებთან ერთად. საღამოს რომანტიკული თავგადასავალი გელით. ქალწული დღეს ყველა იდეას, ფანტასტიკურსაც კი განახორციელებთ. საქმეების პარალელურად მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. საყვარელი ადამიანი მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ. სასწორი შეხვედრებისა და დამთხვევების დღეა. იქნებ დროა, დაფიქრდეთ და გამოასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები. დააკვირდით იმ ადამიანებს, ვისაც დღეს შეხვდებით. საღამოს მოაგვარეთ საოჯახო საქმეები, დაიხმარეთ ნათესავები. მორიელი კარგი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. საინტერესო ადამიანების გაცნობა და შეხვედრები გელით. მშვილდოსანი მეტად გამოავლინეთ ლიდერული თვისებები. ნებისმიერ უსიამოვნებას მარტივად გაართმევთ თავს და გარშემო მყოფებში ავტორიტეტს დაიმსახურებთ. არ გაანაწყენოთ საყვარელი ადამიანი. თხის რქა სასიამოვნო მოვლენებით დაგამახსოვრდებათ დღევანდელი დღე. დილით კოლეგებთან ერთად განიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას სიმშვიდე შეინარჩუნეთ. მერწყული პოზიტიური და კეთილი დღე გელით. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მცირე უსიამოვნებებს. საღამოს მოიცალეთ და გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. თევზები წარმატებული დღე გელით. ფორტუნა სიურპრიზებსა და საჩუქრებს გპირდებათ. ოჯახის წევრები მხიარულებაში აიყოლიეთ. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 2 months ago
ბედნიერება!💖💖💖💖 დიახ, სანატრელი ხარ შენ, სასურველი, საოცნებო, მხურვალე, ქაოსური, მშფოთვარე, ნათელი, კაშკაშა, მღელვარე და მიუწვდომელიც... პირობითიც ხარ და ინდივიდუალურიც, რატომ?! იმიტომ, რომ ყველა ადამიანში სხვადასხვანაირი ხარ და ყოველ მათგანში ერთნაირიც! ზოგისთვის რა ხარ და ვისთვის ყველაფერი... მაგრამ ერთი ჭეშმარიტება მარადიულია-შენ ყველას სჭირდები, ყველა მოილტვის შენსკენ, როგორც ფარვანა სანთლის შუქისაკენ და ყველა ოცნებობს შენზე- აუხდნელ უსასრულობაზე! რამდენი სახესხვაობა გაქვს შენ?! ბავშვში-ვარდისფერი, კამკამა, მიამიტი და გულუბრყვილო ხარ,მალე მიღწევადი და უფრო დავიწყებადი... ახალგაზრდაში-სულსწრაფი, თავქარიანი, მოუთმენელი, დაუდევარი და გაურკვეველი... ზრდასრულ ადამიანში-მუდამ მიუღწეველ-შეუღწეველი, მუდამ საჭირბოროტო და "მუდამ" ასაწონ-გასაზომი... მოხუცში-უკვე ნაცნობი უცნობი, უკვე წარსული და "მაინც" მომავალი, მუდამ მოლოდინი, სულ პაწაწინაზე საკმარისი და დაღვინებულ-დაბრძენებული, სრულყოფილი მომაბეზრებამდე! ჩემში?! ჩემში მუდამ სასურველი, მუდამ მრავალფეროვანი, განახლებადი, შეუცვლელი,რძეზე მომდგარი ნაღებივით გემრიელი, მაჭარივით ტკბილ-მათრობელა, მთის ჰაერივით გამჭვირვალე და კისკასი, მზის სხივივთ მწველი და მომხიბვლელი, მაისის წვიმასავით თბილი და სასიამოვნო, ზამთრის სუსხივით მტკივნეული, ბუხარივით მყუდრო და თბილი! ბედნიერებავ! მე დაგეძებ შენ ყველა ადამიანში,ვინც ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. მე ვხატავ მათ თვალებს და ვცდილობ,დავინახო მათში შენი მდუმარე სილუეტი! თუ ეს ვერ შევძელი, ვცდილობ გამოვიგონო, ჩავასახლო და დავაბუდო გრძნეულ ჯადოქარივით. ბედნიერებავ-სიყვარულის დობილო, მინდა, მოგაგროვო ნაფლეთ-ნაფლეთ, ფოთოლ-ფოთოლ, ნაგლეჯ-ნაგლეჯ აგკინძო და მივიფარო ათასჯერ დაჯიჯგნილ გულზე! ბევრს ვითხოვ?! მაგრამ ხომ მითხრეს-ითხოვე და მოგეცემაო! მე ვითხოვ ჩემსას-არა სხვისას! მე ვეძებ ჩემს დაკარგულს-არა სხვისას, დაპნეულს და გაბნეულს! მე ვიბრძვი შენთვის, ვიბრძვი ყოველი ადამიანის ხმითა და ოცნებით, უიარაღოდ, მაგრამ აღჭურვილი ყველაზე ძლიერი იარაღით, რასაც სიყვარული ქვია! მაშ, დამიხვდი ბედნიერებავ! მე მაქვს ნება ზეციერისაგან, ვერ დამისხლტები, ვერ გამიფრინდები! ჩემი "გრძნეული" ფუნჯით მაინც დაგხატავ ადამიანთა თვალებში და დაგაბრუნებ ჩემს მყუდრო ბუდეში!!! ხათუნა ფერაძე 2018წ. #goodplaces
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
სალამი, მე ვარ კატო...
ესპანეთში მცხოვრები ქართველი გოგონა Facebook-ზე პოსტა აქვეყნებს, სადაც ის დეტალურად იხსენებს თუ როგორ დაეწყო სიმპტომები და რა გზა გაიარა. მკაფიოდ აღწერს თუ რატომ ვერ უძლებენ ვირუსს მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები; ან ადამიანები ვისაც სუნთქვის პრობლემები აქვთ: “სალამი, მე ვარ კატო. უკვე სათვალავი ამერია მერამდენე დღეა სახლში ვარ გამოკეტილი. ესპანეთში ვცხოვრობ აგერ უკვე 11 წელია.😊 მოკლედ მოგიყვებით ჩემი, როგორც ექიმები მეუბნებიან covid 19 თვით მკურნალობის პროცესს. ადრე მქონდა დასმული კითხა იყო თუ არა ვინმე ამ ვირუსით და ლამის ქვები მესროლეს. მინდა გითხრათ და დაგამშვიდოთ რომ ეს არ არის სირცხვილი. იმიტომ რომ არც ფერი აქვს და არც ანათებს. ასე რომ შეიძლება ყველას შეხვდეს. ჩემს შემთხვევაში ძალიან ვფრთხილობდი და სანამ ჩემს ქალაქში დაფიქსირდებოდა covid 19 მომარაგებული მქონდა სადეზინფექციო გელები და მოკლედ ყველაფერი. მეტროში ვცდილობდი რომ ახლოს არავისთან არ დავმდგარიყავი და ა.შ. მაგრამ ამ ვირუსის დროს ხშირად გვგონია რომ უცხო ადამიანი შეიძლება იყოს ჩვენი ინფიცირების წყარო რაც მცდარია, შეიძლება იყოს ჩვენივე ოჯახის წევრი, მეგობარი, თანამშრომელი და ა. შ. რაც შეეხება სიმპტომებს იყო შემდეგნაირად. დაახლოებით 10 დღის წინ დამეწყო ყელის ტკივილი, არ მქონდა სურდო, არც ცემინება. იმავე დღეს დამეწყო მშრალი ხველება. მეგონა გაციებული ვიყავი და დიდად ყურადღება არ მიმიქცევია. მე3 და მე4 დღე ალბათ იყო ყველაზე რთული. სუნთქვის პრობლემები შემექმნა და ფილტვებიდან ყოველჯერზე ჰაერის ჩასუნთვა, ამოსუნთვა იყო ტკივილთან დაკავშირებული. შეგრძნება , ვეცდები აღვწერო. თითქოს მტვერი შეგაყარეს ფილტვებშიო და ჟანგბადს ვერ იღებ, ან კიდევ დამსხვრეული ბოთლის პატარა ნაწილაკები რომ გერჭობოდეს . არ ვიცი რამდენად გასაგებად ვხსნი . მოკლედ დავრეკე ჩემს პირად ექიმთან. რომელთანაც უკვე ამ დროოსთვის ვიზიტის ჩანიშვნა უკვე გაუქმებული იყო და მარტო შემეძლო სატელეფონო კომუნიკაცია. ხო კიდევ მახლდა თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. სიმპტომები როცა მოვუყევი ჩემს ექიმს მითხრა რომ covid 19 სიმტომები მქონდა და რადგანაც რისკ ჯგუფში არ შევდიოდო ვერაფერს გამიკეთებდნენ და უნდა დავრჩენილიყავი სახლში. ვერც გავიდოდი, ვერც ვერავინ შემოვიდოდა ჩემთან. თავიდან მეგონა რომ მე არა, რანაირად საიდან. შემდეგ აღმოჩნდა რომ ჩემი მეგობარი რომელიც მადრიდში იყო და ვისთანაც კონტაქტი მქონდა 10 დღის წინ ისიც იგივე სიმპტომებით ცუდად იყო და covid 19 დაუდგინდა. ის რისკ ჯგუფში შედიოდა და მას ჩაუტარეს ტესტი. მოკლედ ვაგრძელებ მოყოლას. 5 ,6 დღეს სუნთქვა უფრო მიძნელდებოდა და ამას დაემატა სიცხეები. სიცხეები არც ისე მაღალი მქონდა 37.8 , 37.9. პარაცეტამოლით ვაგდებდი და ჩემს უჟანგბადობას ინგალატორით ვებრძოდი მაგრამ დიდად არ მეხმარებოდა. საუბარი მიჭირდა იმიტომ რომ ისტერიული ხველა მემართებოდა. ამიტომ უმეტესად ვცდილობდი მშვიდად ვყოფილიყავი და ჩუმად😁 . ყველაზე რთული ალბათ მე-8 დღე აღმოჩნდა 2 ჯერ მქონდა შეტევა და მეგონა რომ ვიგუდებოდი. (ჩემი ექიმი ყოველდღე სატელეფონო კონსულტაციას გადიოდა ჩემთან და როგორც აქამდე quedate tranquila en casa იყო პასუხი) მოკლედ გადავწყვიტე ჩემით ექიმთან წასვლა. მანამდე დავრეკე სასწრაფოში და ვიკითხე თუ როგორ უნდა წავსულიყავი ისე რომ სხვისთვის საფრთხე არ შემექმა. გვიან ღამით ჩემი ნიღბით ხელთათმანით ფეხით წავედი გოსპიტალში. ქუჩაში არავინ იყო, ალაბთ სულ 2 ადამიანი შემხვდა და ორივეჯერ გზის მეორე მხარეს გადავედი. როცა მივედი გოსპიტალში , ალბათ ეს იყო ყველაზე რთული. მოკლედ ეკიპირებული ექიმი კითხვით რატომ მოხვედი? პასუხი: ვიხრჩობი მოკლედ შეშინებული ექიმები, შეშინებული მე, კეთროვანივით ვიგრძენი თავი და ვიყავი კიდევაც ახლოს არ მეკარებოდნენ. მათიც მესმის . შიშველი ხელებით არიან დარჩენილები და არანაირი მატერიალი არ აქვთ იმისთვის რომ თავი დაიცვან. მოკლედ გამიგრძელდა. გადამიღეს რენდგენი. დამინიშნეს წამალი და წამოვედი ისევ სახლში. დღეს მე10 დღეა. თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. ნაკლებად მახველებს. იმედია ხვალ და ზეგ უკეთ ვიქნები. ერთადერთი ის მინდა რომ დროზე მორჩეს და ჩემი შვილები ჩავიხუტო ისევ გულში. მინდა გითხრათ რომ არც ისეთი მომაკვდინებელია covid 19. უბრალოდ მინდა გთხოვოთ და გირჩიოთ რომ თუ ვინმე გყავთ უფროსები ,ბებიები ბაბუები, მშობლები. ან ისეთი ოჯახის წევრები ვისაც პათოლოეგიები აქვთ, შეეცადეთ მაქსიმალურად იზოლაციაში ამყოფოთ. არ მიხვიდეთ, საკვები დაუტოვეთ კარებთან. 10 დღე. პირში მგრძნობელობა დავკარგე რაც სულაც არ არის სასიამოვნო შეგრძნება. იმედია ესეც მალე დამიბრუნდება.💖 მე რამოდენიმე დღე კი ვიყავი ცუდად მაგრამ არა ისე რომ ადამიანმა ვერ გაუძლოს, მაგრამ ვისაც სუნთქვის პრობლემები აქვს და ასე შემდეგ იმათვის რთულად გადასატანი იქნება. რაც მთავარია განეწყვეთ დადებითათ. არ აყვეთ ნერვებს. ნერვიულობა აქვეითებს იმუნიტეტს და უფრო გაგიგრძელდებათ. მიიღეთ ბერვი სითხე . მადლობა და ბოდიში ასეთი დიდი პოსტისთვის. თავს გაუფრთხილდით და გაუფრთხილდით სხვებს. პ.ს რაც შეეხებათ ბავშვებს. როგორც აქ ამბობენ ბავშვები ჩუმი მატარებლები არიან და ამიტომაც გვყაბს ბავსვები სახლებში გამოკეტილი. ნუ გეშინიათ, თქვენ შვილებს არაფერი დაემართებათ. უმჯობესია ბებია ბაბუებთამ არ დატოვოთ და არც იმ ადამიანებთან ვინც მაღალი რისკ ჯგუფშია. ნუ გეშინიათ. თუ მე შევძელი თქვენც აუცილებლად შეძლებთ გამკლავებას. 🙏🙏🙏 💖”
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 10 months ago
ყველამ თავისი წვლილი შეიტანა Feedc - ის გაPRებაში. მე კი, ამ ამბავს ვმალავ თვეებია და აჰა, როგორც იქნა გამოვიდა ჩვენი საუნივერსისტეტო ჟურნალი. ხოდა, ახალგაზრდებზე უკეთესი ვინ შემოვა აქ?!🤩
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 7 months ago
🕖 07:00 მეღვიძება და ვერ მეძინება, რადგან ძილში მოსულ იდეაზე ვფიქრობ. ხო, "რულში" მაკითხავს ხოლმე მუზა. ეს ბოლო პერიოდია, რაღაც მაქვს ჩაფიქრებული და მის სახელზე ვფიქრობდი. ხოდა, მოვიდა🤗 უკვე თენდება და, მე ამ პროექტის პრეზენტაციაც დავგეგმე (ამჯერად ფხიზლად)...
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
როგორ დავისვენოთ უსაფრთხოდ - ინფექციონისტის რჩევები მშობლებს
რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ ბავშვებთან ერთად დასვენება სასიამოვნოც აღმოჩნდეს და სასარგებლოც - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მშობლებისთვის ფეისქგვერდზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს. „ჩვენთან მშობლებს ბავშვების კურორტებზე დასვენებისგან გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ. კერძოდ, ბევრს ჰგონია, რომ რომელიღაც კონკრეტული კურორტის ჰაერი აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ზოგსაც მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს სხვადასხვა ჰაერის მონაცვლეობა, მაგალითად, ზღვის და მთის. ზოგსაც წიწვოვანი მცენარეების მიერ მოხდენილი სასწაულების სჯერა. ამ ყველაფერს სამეცნიერო მტკიცებულებები არ გააჩნია და ისტორიულად, თაობებზე გადაცემული მითებია, როგორიცაა, მაგალითად, ბროწეულის წვენი რომ „სისხლისთვის კარგია“. ეს მითები, თავისთავად, არაფერს აშავებს და თუ მშობელს ამის სჯერა, ბოლოს და ბოლოს ამ „ჰაერის გამოცვლაში“ დიდი სარგებელი თუ არა, მავნებლობაც არაფერია. პრობლემაა უბრალოდ ის, რომ ჯერ ერთი, ხშირად ოჯახები უკანასკნელი სახსრების მობილიზაციას აკეთებენ ზოგიერთ ამ კურორტზე ბავშვის წასაყვანად და ეს თანხები უფრო სასარგებლოდაც შეუძლიათ გამოიყენონ, თუმცა, ჩემი, როგორც ინფექციონისტის თემა ეს არ არის და მე უფრო სხვა მოსაზრებით წამოვწიე ეს საკითხი. საქმე იმაშია, რომ ამ არასწორი მოლოდინების გამო, რომ ბავშვის ჯანმრთელობისთვის რაღაც ძალიან კარგს ვაკეთებთ, ხშირად ინფექციური დაავადებების რისკს ვუქმნით. რამდენს გაქვთ ეს გამოცდილება, რომ კურორტზე წაყვანილი ბავშვი უკან დიარეით, ღებინებით, სიცხით წამოგიყვანიათ. არადა, ზოგიერთებს არაჩვეულებრივი პირობები აქვთ სოფელში, სადაც შეიძლება შვილიშვილების ნახვის ნატვრით დატანჯული ბებო იცდის, რომელიც სუფთა, ნატურალურ კვებას უზრუნველყოფს ბავშვისთვის სოფელში, სადაც ერთად ბევრი ადამიანი არ არის თავმოყრილი და შესაბამისად, ინფექციური დაავადებების რისკიც მნიშვნელოვნად დაბალია. სოფელში, სადაც მანქანების გამონაბოლქვი თითქმის არ არის, უამრავი მცენარეა და ჰაერის დაბინძურება დაბალი. ჯანმრთელობისთვის კი სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და არა გინდა თუ არა ის ამოჩემებული კურორტები, სადაც, ვითომდა რაღაც განსაკუთრებული ჰაერია. ეს ხომ არავითარ სამეცნიერო მტკიცებულებებს არ ემყარება, ისევე როგორც ის, რომ ბავშვს „სხვადასხვა ჰაერი უნდა ვუცვალოთ“. ზოგიერთ კურორტზე იმდენი ხალხი და მანქანებია, რომ გამონაბოლქვი შეიძლება ქალაქებზე ნაკლები არც იყოს. აღარაფერს ვამბობ ინფექციურ დაავადებებზე, რაც უკვე ვახსენე. სამწუხაროდ, ჩვენს კურორტებზე ჰიგიენური პირობები ხშირად არც თუ ისე სახარბიელოა. მაგალითად, რესტორნებსა და სასტუმროებში ხშირად არ არის ჭურჭლის რეცხვის ავტომატური სისტემა მაღალ ტემპერატურაზე და ჭურჭელი ხშირად ერთად ჩაყრილი, ხელით ირეცხება, ზოგჯერ სრულიად ზედაპირულად, რაც სისუფთავის და ინფექციების პრევენციის გარანტიას საერთოდ არ იძლევა. ხშირად საეჭვოა ასევე პროდუქტების სწორად შენახვის პრაქტიკაც. სწორედ ეს ყველაფერი ქმნის ბავშვების (და ხშირად არა მარტო ბავშვების) ასე მასიურად ინფიცირების რისკებს. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ ჩვენი შვილებისთვის საინტერესო ზაფხული უზრუნველვყოთ, მაგალითად ზღვაზე. ეს ნამდვილად არის ბავშვის კურორტზე წაყვანის არგუმენტი (თუნდაც ჩამოთვლილი რისკების გათვალისწინებით), მაგრამ მხოლოდ „ჰაერის გამოცვლა“, რაც, კიდევ ვიმეორებ, არაფრით არ არის გამყარებული, ჩემი აზრით, ხალხმრავალ კურორტებზე წასვლის (და დღეის კონტექსტში კორონავირუსის გადაცემის საფრთხის შექმნის) საფუძველი არ უნდა გახდეს“, - წერს ინფექციონისტი. ბავშვები დასვენება ინფექცია TbilisDaily
Sokhumi Daily
Sokhumi · 3 months ago
ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია კორონავირუსზე აფხაზეთიდან
გულრიფშის რაიონის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, საქართველოს სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა ზურაბ აჩბამ საკუთარი “ფეისბუკ" გვერდზე კორონოვირუსის ინფექციის საფრთხეზე ვრცელი საჯარო სტატუსი გამოაქვეყნა. “SOS! როგორ ებრძვიან აფხაზეთში კორონავირუსს? – არანაირად! საარჩევნო უბნებში ყველა ფოტო და ვიდეომასალა დავათვალიერე და ეს არის ჩვენი სრული მარცხი. დამკვირვებელი თუ ამომრჩეველი, ყველა უნიღბოდ და უხელთათმანოდ იყო, არც მაგიდებზე იდგა სადეზინფექციო ხსნარები, ადამიანები კი ერთმანეთს ეხვეოდნენ და კოცნიდნენ. თქვენ რა, შეიშალეთ? ვინც კარანტინზეა პასუხისმგებელი, ყველა უნდა გაასამართლო. ასევე უნდა დაისაჯოს რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტიც, რომელმაც თავისი დამკვირვებლები ყველა აუცილებელი აღჭურვილობით არ მოამარაგა. ჩემი პატივისცემა მინდა გამოვხატო მოსკოვის საარჩევნო კომისიისა და ორგანიზატორებისადმი – ყველას ეკეთა ნიღაბი და ეცვა ხელთათმანი. საერთოდ რა ხდება?! საზღვრები თითქოს დაკეტილია, არადა, სინამდვილეში, ვებ-კამერებით სრულიად საწინააღმდეგოს უყურებ. იქ მანქანები თითქმის არ არის, აქ კი – კილომეტრიანი რიგია. ბევრი რუსი ვიცი, ვინც ვირუსისგან თავის დასაცავად აქეთ ჩამოდის. საქართველოს საზღვართანაც თითქმის იგივე ხდება. სამედიცინო დაწესებულებები ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშეა, არაფერი არის – არც ნიღბები, არც სადეზინფექციო ხსნარები და არც სპირტი. ქაღალდზე ყველაფერია, სინამდვილეში კი – არაფერი. ბანალურ მაგალითს მოვიყვან: გუშინწინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში შემოვიდა ავადმყოფი ქალი გრიპის ნიშნებით. მანამდე მან ქირურგიული მკურნალობა ჩაიტარა საქართველოში და სამი დღის წინ დაბრუნდა უკან. საავადმყოფოში მოსულ ქალს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა და საერთო სისუსტე. მორიგე ექიმებმა ოპერატიულად აცნობეს ეს ამბავი ეპიდსამსახურს, რათა კორონავირუსზე ანალიზი გაეკეთებინათ, ამის პასუხად კი მიიღეს, – შაბათ-კვირას არასამუშაო დღეებია და ორშაბათს მოვიდესო. ქალი შინ გაბრუნდა. შტაბი საერთოდ არ მუშაობს. ნორმალურ სახელმწიფოში არჩევნებს გადადებდნენ, ყველა საარჩევნო უბანს დახურავდნენ, გადადებდნენ ქორწილებს, არ მივიდოდნენ პანაშვიდებზე, აკრძალავდნენ მასობრივ ღონისძიებებს, დახურავდნენ ბაზრებს, სასტუმროებს, რესტორნებს, საერთო სასადილოებს, მაღაზიებს (გარდა აფთიაქებისა და სასურსათოებისა), საზოგადოებრივ ტრანსპორტს დროებით გააჩერებდნენ, აუცილებელი საჭიროების გარდა, ადამიანებს ქუჩაში სიარულს აუკრძალავდნენ, ყველაფრის გასაკონტროლებლად ქუჩაში ჯარსა და მილიციას გამოიყვანდნენ და კიდევ… შეიძლება მთელი დღის განმავლობაში განვაგრძო ჩამოთვლა. ჩვენთან მსგავსს არაფერს აკეთებენ. გადახედეთ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს – მსოფლიოს ყველა ქალაქი დაცარიელებულია, ქუჩებში ადამიანს ვერსად დაინახავთ, ყველაფერს ჯარი და პოლიცია აკონტროლებს. ნუთუ ფიქრობთ, რომ დედამიწაზე ყველაზე ჭკვიანები ჩვენ ვართ, რადგან ამ მოთხოვნებს არ ვასრულებთ? ჩვეულებრივ ვიქცევით, არა? – ეგებ და, დავუძვრეთ! გარწმუნებთ, ვერ დავუძვრებით. რატომ არის ყველაზე დიდი აფეთქება იტალიაში? – იმიტომ, რომ ზუსტად ჩვენნაირი მენტალიტეტი აქვთ – მოუწესრიგებლები არიან და კანონს არ ემორჩილებიან. დღეს ხელისუფლებაც კი არ გვყავს. სრული ქაოსი გვაქვს და იმიტომ მოგმართავთ თქვენ – აფხაზეთის მოსახლეობას. ჩვენ ბედის ანაბარა ვართ მიდგებული და დახმარებას არ უნდა დაველოდოთ. თვითონვე უნდა დავიცვათ თავი, თორემ მერე გვიანი იქნება. გთხოვთ, საჭიროების გარეშე შინიდან ნუ გამოხვალთ, არ იაროთ რესტორნებში, კაფეებში, ქორწილებში, დაკრძალვებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ორ ადამიანზე მეტიერთად ნუ დადგებით, არ იაროთ სამსახურებში (სამედიცინო პერსონალისა და ძალოვნების გარდა), ვისაც სოფლად სახლები გაქვთ, სასწრაფოდ გაემგზავრეთ (იქ სუფთა ჰაერი და ნაკლები ადამიანი იქნება), არ იუხერხულოთ ქუჩაში ნიღბით სიარული, ქუჩიდან შინ შესვლისთანავე საპნით დაიბანეთ ხელები და სპირტის შემცველი ხნარებით გაიწმინდეთ, ყოველ საათში სვით ცხელი სასმელები, ჭამეთ ნიორი და მწვანილი (რაც ვიტამინებს შეიცავს). ძალიან გთხოვთ, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი. ავადმყოფობა არც ეროვნების მიხედვით აირჩევს, არც მოხდენილობის, არც მენტალიტეტის, არც სინდისის, არც სირცხვილის, არც შესაძლებლობებით, იგი ყველას შეეხება. საკუთარი თავი თუ არ გებრალებათ, თქვენი შვილები და ახლობლები შეიცოდეთ. ნუ დაიმედდებით, რომ თუკი ამ ელემენტარულ წესებს არ შეასრულებთ, მაინც გამოუძვრებით. ვერ გამოუძვრებით. პანიკა სულაც არ არის საჭირო, მაგრამ იცოდეთ, ვირუსმა უკვე ჩვენამდეც მოაღწია, მთავარია, მას ღირსეულად შევხვდეთ. ყველას ჯანმრთელობასა და საღ გონებას გისურვებთ!" - ვკითხულობთ აჩბას განცხადებაში.#აფხაზეთი #კორონავირუსი #ვერსიები #sokhumidaily