პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 დაკავებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

0
საქართველოს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება 11 დაკავებულზე ცალკე წარმოებად გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე. პროკურატურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უკვე დევნადაწყებულ ეპიზოდებზე საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის შესაქმნელად ჩასატარებელი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები განსხვავდება, განზრახ მკვლელობის ეპიზოდთან მიმართებაში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისგან, ასევე აუცილებელია მკვლელობის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებისთვის მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა. „გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ცალკე წარმოებად გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე ვ.ჩ-ს, ვ.მ.-ს, ა.გ.-ს, ნ.რ.-ს, გ.ტ.-ს, თ.ბ.-ს, ნ.ჟ.-ს, ი.მ.-ს, ს.ჩ.-ს, ი.წ.-სა და ს.გ.-ს მიერ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე. დღეის მდგომარეობით, უკვე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს პატიმრობაში მყოფი 11 პირის მიმართ, რომელთაც ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა. ამასთან, ბრალდებულად ცნობილი 6 არასრულწლოვანის საქმე არსებითი განხილვის მიზნით უკვე წარმართულია სასამართლოში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 28 ივნისს 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.
0