გაიგე რამდენი კალორიის მიღება გჭირდება დღიურად

0
ყველა ადამიანს კალორიების გარკვეული რაოდენობა სჭირდება, რომლებიც ენერგიად გარდაიქმნება და უზრუნველყოფს ორგანიზმის ფუნქციონირებას. ჯანმრთელობისთვის, კალორიების რაოდენობასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა ტიპის საკვებისგან ვიღებთ მათ. ზრდასრულ მამაკაცს, რომელიც არ ეწევა მძიმე ფიზიკურ შრომას, დღეში დაახლოებით 2500-2700 კალორია სჭირდება, ხოლო ზრდასრულ ქალს - 2000-2200 კალორია. რაც უფრო დიდია ფიზიკური აქტივობა, მით მეტი კალორია ესაჭიროება ორგანიზმს. შესაბამისად, პროფესიონალი სპორტსმენები და განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვის მქონე ადამიანები ზემოთ მოყვანილ საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მეტ კალორიას შეიძლება მოიხმარდნენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა ტიპის საკვებისგან ვიღებთ საჭირო ენერგიას. დღესდღეობით, მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას არაჯანსაღი კვება წარმოადგენს - შაქრის და მარილის ჭარბი ოდენობა, ნახევარფაბრიკატი პროდუქტები, ტკბილი გაზიანი სასმელები და ა.შ. მოსახლეობის დიდი ნაწილის ყოველდღიურ საკვებს წარმოადგენს, მაშინ, როცა ამგვარი პროდუქტის რეგულარული მოხმარება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ამერიკის ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველ ხუთ წელში ერთხელ აქვეყნებს კვების სახელმძღვანელოს, რომელიც სწორი კვების შესახებ რეკომენდაციებს შეიცავს. სახელმძღვანელოში ყოველდღიური საკვები პროდუქტები, სქემატურად, თეფშზე არის გამოსახული. უკანასკნელი რეკომენდაციების მიხედვით, ჯანმრთელი ადამიანის ყოველდღიური საკვების ნახევარს ბოსტნეული (დაახლ. 30%) და ხილი (დაახლ. 20%) უნდა შეადგენდეს; მარცვლეული პროდუქტების ხვედრითი წილი დღიურ ნორმაში 30%-ია, ხოლო დანარჩენი 20 % ცილოვანი პროდუქტებით უნდა შეივსოს. ასევე, რეკომენდებულია რძის პროდუქტების ყოველდღიურად მიღება.
#სპორტი
#ჯანსაღიცხოვრება
#health
#healthylife
0