ცნობილი არტისტების სახელოსნოები

0
ვისაც ხელოვნება უყვარს, ალბათ, ერთხელ მაინც მონდომებია იმ ადგილების ნახვა, სადაც მისი საყვარელი ნამუშევრები შეიქმნა. მაგალითად, ცნობილია, რომ იმპრესიონისტები ნავით მდინარეზე გადაადგილდებოდნენ ან ღია ცისქვეშ მოლბერტით ისხდნენ და დროში წამით შეჩერებულ კადრებს ხატავდნენ. თუმცა როგორც ინგლისელი მწერალი ვირჯინია ვულფი იტყოდა: “ქალმა რომ დაწეროს რომანი, სჭირდება ფული და საკუთარი ოთახი” ( “A Room of One’s Own” 1929). ვიტყოდი, საკუთარი ოთახი ყველას სჭირდება, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ცდილობს საკუთარ წარმოსახვას რამე გამოსტყუოს და ხელშესახებად აქციოს. ამ სტატიაში ნახავთ ცნობილი არტისტების სახელოსნოებს, რომლებიც დღემდე ხელუხლებლადაა შენარჩუნებული და თუ ესტუმრებით, გონებაში ჰოლოგრამულად აუცილებლად აღიდგნეთ კრიზისში თუ შემოქმედებით აკმეზე მყოფ არტისტებს.

ჟოან მირო

მალიორკა, ესპანეთი ესპანელი მხატვარი და მოქანდაკე ჟოან მირო ცნობილია თავისი ბიომორფული სკულპტურებითა და აბსტრაქტული სურათებით, რომლებიც შთაგონებულია დადაიზმით, რასაც ის პარიზში ეზიარა და ასევე, იაპონური კალიგრაფიით. როცა მირო სამუდამოდ გადასახლდა ბარსელონადან მალიორკაზე, გაანადგურა ძალიან ბევრი თავისი ნამუშევარი, რათა მიეცა გზა ახალი ეტაპისთვის მის შემოქმედებაში.
ფონდი The Fundació Pilar i Joan Miró კი შექმნა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა თავისი სახელოსნო მომავალი არტისტების შთაგონებისთვის. შენობა, რომელიც, ერთგვარი მუზეუმიცაა და არტისტის 6000-მდე ნამუშევარს ინახავს, მირომ შეიძინა თავისი ფართომასშტაბიანი შრომებისთვის.
დღეს ამავე სახლის ფარეხში მოწყობილია სტამბაც, რომელიც მიროს ეპოქის შესაბამისადაა აღდგენილი და მასპინძლობს ვორკშოფებს ბეჭდვით დაინტერესებული არტისტებისთვის.

რენე მაგრიტი

ბრიუსელი, ბელგია ბრიუსელში, Rue Esseghem-ის 135 ნომერში მდებარე სახლში სიურეალისტი მხატვარი რენე მაგრიტი ხშირად მართავდა სალონურ საღამოებს თანამოძმე სიურეალისტებისთვის.
ამავე სახლში დახატა თავისი უცნაური და დამაფიქრებელი ნამუშევრების ნახევარზე მეტი. ასევე ძირითადად, არტეფაქტებს ნახატებისთვის სწორედ სახლში პოულობდა: სარკე, სავარცხელი, ჩანგლები და კოვზები, რომლებსაც მაგრიტის მოყვარულები აუცილებლად აღმოაჩენენ მის სახელოსნოში სტუმრობისას.
მაგრიტის ოჯახმა ეს სახლი 1954 წელს დატოვა. მას შემდეგ კი სახლი მრავალჯერ გაქირავდა, სანამ ის არ გამოისყიდეს და სახლმუზეუმად არ აქციეს. სახლის მეორე სართულზე იხილავთ ასევე მაგრიტის ნამუშევრებსაც.

ჯორჯია ო’კიფი

აბიქუიუ, ნიუ-მექსიკო 1949 წელს, მას შემდეგ, რაც ჯორჯია ო’კიფმა თავისი გენიალური აბსტრაქტული ყვავილების სერიის შექმნა დაიწყო, გასცდა ნიუ იორკს და მოგზაურობა დაიწყო ნიუ მექსიკოში, აკვირდებოდა ბუნებას, უდაბნოს, ლანდშაფტებს…
აბიქუიუში მდებარე სახლი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, ჯორჯიამ 1945 წელს შეიძინა, დღეს კი ის ეროვნულ ღირშესანიშნაობად მიიჩნევა.
ის აქ 30 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ამ პერიოდში მან უამრავი ნამუშევარი შექმნა, რომლებიც უკავშირდება სახლს, მიდამოებს, მდინარე ჩამას და ხედებს მასზე.

ჯექსონ პოლოკი & ლი კრასნერი

ისტ ჰემპტონი, ნიუ იორკი ჯექსონ პოლოკი და ლი კრასნერი ერთმანეთს 1941 წელს შეხვდნენ ახალგაზრდა აბსტრაქტული ექსპრესიონისტების გამოფენაზე, სადაც თურმე ორივე მათგანი მონაწილეობდა.
1945 წელს კი იქორწინეს და გადავიდნენ ისტ ჰემპტონში. პოლოკმა გაარემონტა და სახელოსნოდ გადააკეთა ერთგვარი ბეღელი, რომელშიც კრასნერი პოლოკის გარდაცვალების შემდეგაც ხატავდა. წლების შემდეგ რესტავრატორებმა სახხელოსნოს იატაკი აღადგინეს და შეინარჩუნეს, რომელიც თავადაც პოლოკის ნახატებს ჰგავს და იმეორებს მხატვრის სტილს.
ასევე კედლებზე იხილავთ ორივე მხატვრის შემოქმედებისადმი მიძღვნილ ფოტომასალას. კრასნერის ანდერძის თანახმად, სახლიცა და სახელოსნოც საგანმანათლებლო ფუნქციით უნდა დატვირთულიყო შემდეგი თაობის არტისტებისთვის. მათ ოფიციალურ საიტზე კი განთავსებულია არქივი და სასწავლო მასალები. პოლოკისა და კრასნერის სახლი და სახელოსნო ვიზიტორებისთვის ღიაა მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. წყარო - წყარო: www.artsy.net სტატიის ლინკი - https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/252246/?fbclid=IwAR39z5it6hWTGFXSn0UYfdUvLaqHMkBjNDalshod_dCO41oqiSnbun1tLYI
#ხელოვნება
#ხელოვნებისლაბორატორია
#მხატვრები #სახელოსნო #სახელოსნოები #სამხატვრო #მაგრეტი #პოლოკი #სახლი
0